“მეტრონომმა” პოლიტოლოგ და პიარის სპეციალისტ ლალი მოროშკინასთან ბლიც-ინტერვიუ ჩაწერა. მან ჩვენთან რამდენიმე თემაზე ისაუბრა.
რას საქმიანობს ამჟამად ლალი მოროშკინა?
ვარ პოლიტოლოგი, მაინტერესებს საკითხები, რომელიც არის დაკავშირებული პოლიტიკასთან. ასევე მაქვს ჩემი გადაცემა, ვწერ თემებს, მიმყავს მასტერკლასები. რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი საკუთარი ბიზნესი, რომელიც ძალიან მინდა რომ შევინარჩუნო. ცხადია, ძალიან რთულია, როდესაც ბანკთან გაქვს ურთიერთობა და გარემო არ არის სტაბილური.
რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე დიდ მიღწევად?
ალბათ, ბანალური იქნება რომ ვთქვა, მაგრამ ძალიან კარგი ორი შვილი გავზარდე. ასევე მიმაჩნია, რომ ჩემი წვლილი ძალიან დიდია ციხეების გაადამიანურებაში და ზოგადად პენიტენციური სისტემის შეცვლაში. მინდა აღვნიშნო, რომ ქართულ- აფხაზურ ურთიერთობების გაღრმავებაშიც მიმიძღვის წვლილი. დღე არ გავა ვიღაცამ არ დარეკოს გალიდან ან ცხინვალიდან, მათ შორის იმ ქართველებმა, რომლებიც იქ ცხოვრობენ. მე მართლა მჯერა, რომ მოხდება სასწაული და ჩვენ არამარტო მიწებს, არამედ ამ ადამიანებსაც დავიბრუნებთ.
ვინ არის თქვენთვის ცნოვრების მთავარი ადამიანი?
დედა. აუცილებელი რიტუალი მაქვს, ყოველდღე მივდივარ დედაჩემთან. ის სადილს მიმზადებს, რომლისთვისაც ეს სასიამოვნო სამუშაოა და მეც პატივი მინდა ვცე, რომ მისი მომზადებული სადილი მივირთვა. რომ მოვდივარ ყოველდღე ვლოცულობ, რომ დედა მუდამ ჩემს გვერდით იყოს.
როგორია ლალი მოროშკინა სახლში?
სახლის ჩუსტი არის ლალი მოროშკინა სახლში. დახმარების და ძიძების გარეშე გავზარდე ბავშვები. ასევე დამლაგებლების გარეშე ვაკეთებ ყველაფერს. ჩემი სახლი ჰგავს ანდერსენის ზღაპარს, პატარა სხვენიანი კარლსონის სახლია. ძალიან მიყვარს ბუხართან სტუმრების მიღება.
თქვენთვის იდეალური მამაკაცი რომ აღწეროთ?
მგონია, რომ იდეალური არც ქალი არსებობს და არც მამაკაცი. მე არ ვეძებ კაცში იდეალს. მამაკაცი ყურადღებას იქცევს თუ აქვს არაორდინალური აზროვნება და მნიშვნელოვანია თუ რა დამოკიდებულება აქვს ცხოვრებისადმი. მე იმ მდგომარეობაში ვარ უკვე, რომ მაქვს ფუფუნება ადამიანები, რომლებიც ჩემს გარშემო არიან პირველ რიგში საინტერესოები უნდა იყვნენ.
თუ სიყვარული გეწვევა ამაზე ხმამაღლა უნდა ყვიროდე და ბედნიერი იყო და შემდეგ ეს ბედნიერება მთელი ცხოვრება მოგყვება.
„ვარდების რევოლუციის“ როლზე რომ გვესაუბროთ რა პროცესები გამოიწვია და რამდენად სწორად განვითარდა ქვეყანა ამ მოვლენის შემდგომ?
„ვარდების რევოლუციის“ დიდი ნაწილი ჩემს სახლში დაიგეგმა. სააკაშვილი სწორედ ჩემი სახლიდან მიდიოდა ხოლმე. მაშინ ჩვენ ვიყავით ახალგაზრდა რეფორმატორები შევარდნაძის მთავრობაში, მიშა იყო იუსტიციის მინისტრი მე ვიყავი მინისტრის მოადგილე კონფლიქტებში. მე თავიდანვე არ ვეთანხმებოდი მას, ჩვენ გვქონდა ცხარე კამათები ამ თემაზე. ვთვლიდი, რომ არასწორ გადაწყვეტილებას იღებდა, იმიტომაც ვიყავი ალბათ ერთ-ერთი პირველი, ვისაც მიშამ თავიდან შესათავაზა მინისტრის პოსტი და სავარაუდოდ ერთადერთი ვიყავი, რომელმაც უარი უთხრა. მე ვიცოდი რა პროცესები მოყვებოდა „ვარდების რევოლუციას“. მე ვიცოდი რომ 2004 წელს შეიარაღებული შესვლა იგეგმებოდა ცხინვალში. ძალიან ცუდი საქციელია შეუვარდე ამ ადმიანებს იარაღით. მე წავედი სტრასბურგში, სადაც მიშამ გამიშვა ვიყავი მომავალ მინისტრებთან ერთად. ის „თრეინინგი“ მეც გავიარე, რომელიც იყო მომავალი მინისტრებისთვის. ამ მილიტარისტულ გეგმას უბრალოდ ვერ დავეთანხმებოდი.
მიშას ბიძის ალასანიას გეგმა გავრცელდა რატომ უნდა დავიბრუნოთ მშვიდობით, როდესაც არსებობს სხვანაირი გზაც. ასე დაიწყო მაშინაც და ეს მითხრა „ვარდების რევოლუციის“ დროს. მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი, რადგან მეგობრებს ომით ვერ დავიბრუნებთ.
მე აღარ მინდა შემდეგმა თაობამ ნახოს ის რაც მე ვნახე, არ მინდა რომ ერთ მშვენიერ დღეს გაიღვიძოთ როგორც მე და აღარ გყავდეთ ცოცხალი კლასელი და ჯგუფელი. ომი შეიძლება იმ ადამიანს უნდოდეს ვინც ფულს შოულობს ამით. ვნახეთ უკრაინის მაგალითზე, რომ გაბრწყინებული ქვეყანა მიწასთან გასწორდა. არ შეიძლება, როდესაც გყავს სრულიად შლეგი მეზობელი იმას უკაკუნო ნაჯახით კარზე. მოცემულობა გვაქვს, რომ ჩვენი მეზობელი არის შლეგი. ამიტომ საჭიროა მასთან ისეთი კონტაქტი, როგორც ფსიქიკურად არამდგრად ადამიანებს ეკონტაქტებიან, ცოტა დაყვავება ცოტა მოფერება, რომ მინიმუმ ყელში დანა არ გამოგისვას.