ამბავი, რომელსაც ამ სტატიაში წაიკითხავთ ერთი შეხედვით კრიმინალური სერიალის სიუჟტეტს ჰგავს, მაგრამ არა. ეს ნამდვილი ამბავია, რომელიც საქართველოში, კერძოდ კი, თბილისში წლების წინ მოხდა.
გაუჩინარებული სანიტარი
1969 წლის 23 მაისს თბილისის მილიციის სამმართველოში 39 წლის ზაირა კუნაშვილმა ქმრის გაუჩინარების თაობაზე განცხადება შეიტანა, სადაც ეწერა: „ჩემი მეუღლე, 1929 წელს დაბადებული მურაზ ვალიანი, ოთხი დღის წინ, 19 მაისს, ოთხშაბათ დღეს გაუჩინარდა. ის სახლიდან სამსახურში წავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. მურაზი თბილისის პროზექტურაში სანიტრად მუშაობს. როცა მის თანამშრომლებს ვკითხე, მითხრეს, რომ მურაზი 19-ში სამსახურში მივიდა. დაახლოებით, დღის 3 საათზე „პერერივზე“ გავიდა და აღარ დაბრუნებულაო… “ მილიციას, შესაძლოა, არც კი შეებერტყა ყური „მორგის“ სანიტრის გაუჩინარების გამო, მაგრამ ზაირა კუნაშვილმა გამომძიებელს უთხრა:
– ამხანაგო ლეიტენანტო, მურაზამ იმ დღეს, სახლიდან გასვლის წინ მითხრა:
– ზაირა, მეშინია. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ის ხალხი, ვინც ჩემგან „ტრუპებს“ ყიდულობს, ჩემს გასაღებას აპირებსო.
– კარგად ვერ ვხდები, რას ამბობთ, გამოდის, რომ თქვენი ქმარი პროზექტურიდან ცხედრებს ყიდდა? – იკითხა ლეიტენანტმა ანდრო გვალიამ, რომელსაც მოეჩვენა, რომ ქალი, რომელიც მას ელაპარაკებოდა, „მთლად დალაგებული“ არ იყო.
– დიახ, – დაუდასტურა ქალმა.
ფიქტიური საფლავები
მილიციამ პროზექტურის ადმინისტრაციას მიაკითხა და მისმა დირექტორმა კატეგორიულად უარყო გვამების გაყიდვის ფაქტები და ლეიტენანტ კარლო ლომიას უთხრა:
– ეს ხომ აბსურდია, ამხანაგო ლომია? ჯერ ერთი, გვამების ყიდვა ვის რაში სჭირდება და თანაც, მათ ხომ თავიანთი პატრონები აკითხავენ და სახლში მიაქვთ?
– ეგრეთ წოდებული, უპატრონო გვამებიც ხომ არის? – იკითხა კარლო ლომიამ.
დირექტორმა ლეიტენანტს საქაღალდედან ამოღებული ფურცლები დაუდო წინ და უთხრა:
– აი, ლეიტენანტო, დაკრძალვის საბუთები. ყოველ უპატრონო გვამს სადახლოში, უპატრონოთა სასაფლაოზე ვმარხავთ. აქაა მითითებული ის მონაკვეთები, სადაც ესა თუ ის გვამია დამარხული და აქვე წერია მათი განსაკუთრებული ნიშნები. ეს – იმ შემთხვევისთვის, თუკი მათ ვინმე მოიკითხავს.
– ამ გვამებს, როგორც ჩანს, გაუჩინარებული მურაზ ვალიანი მარხავდა, – უთხრა ლომიამ და დაამატა, – ხომ არ ვცდები?
– კი. მურაზი მარხავდა. მერე რა? – მხრები აიჩეჩა დირექტორმა.
მილიცია სადახლოზე, უპატრონოთა სასაფლაოზე წავიდა. ამოთხარეს მითითებული საფლავები, რომლებიც პროზექტურის დირექტორის გასაკვირად, ცარიელი აღმოჩნდა.
– გამოდის, რომ ესენი, ფიქტიური საფლავებია, – თქვა ლეიტენანტმა ლომიამ, – გამოდის, რომ მურაზ ვალიანი მართლაც ყიდდა გვამებს, მაგრამ ვის რაში სჭირდებოდა ისინი?
იმავე დღეს ქალაქის პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა გვამებით ვაჭრობის ფაქტზე.
კითხვის გაგრძელება