უყვარს გამოთქმა – ცხოვრება არის მოგზაურობა და არა – დანიშნულება. ამბობს, – მეც ისე ვუყურებ ჩემს ცხოვრებას, როგორც მოგზაურობას, მთავარია, დანიშნულების ადგილამდე მივიდეო. უკან ყურება არ სჩვევია, წინააღმდეგ შემთხვევაში, წინ ვერ ივლიდა. ახლახან კოვიდი დაამარცხა, ამბობს, იოლად გადავიტანე და მგონი, ამაში D ვიტამინი დამეხმარაო. ბავშვობაში ბალერინობა ჰქონდა ოცნებად, ქორეოგრაფიულ სასწავლებელშიც სწავლობდა, მაგრამ, საბალეტო კარიერის გაგრძელება არ გამოუვიდა. სამაგიეროდ, ძალიან შორს გაიჭრა – კონტინენტიდან კონტინენტზე და ქვეყნიდან-ქვეყანაში სიარული დასჭირდა გამოცდილებისა და განათლების დასაგროვებლად. მათ შორის ცხელ წერტილებშიც ჩადიოდა, ტერაქტსაც ძლივს გადაურჩა და სასწრაფოდ ევაკუაციამაც მოუწია. პოლიტიკოსი, დიპლომატი და მკვლევარი სალომე სამადაშვილი მის მთავარ პოლიტიკურ ამოცანად იმ დანიშნულებამდე მისვლას მიიჩნევს, რასაც საქართველოს ნატოში და ევროკავშირში გაწევრება ჰქვია.
- “ჩვენი ეზო”
– გავიზარდე პლეხანოვზე, ახლა აღმაშენებელი რომ ჰქვია, თბილისურ ეზოში. მას მწერლების ეზოს ეძახდნენ. ბევრ ცნობილ მწერალს შორის, ჩემს მეზობლად ჩემი საყვარელი მწერალი ოთარ ჭილაძეც ცხოვრობდა.
ერთის მხრივ ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა, იმიტომ, რომ ბევრი მეგბარი მყავდა, ჩვენს ეზოში ახალგაზრდები მოდიოდნენ გასართობად, იყო დიდი მხიარულება. ბავშვობაში ეს ეზო ისე მიყვარდა, რომ ჩემთვის კოშმარი იყო, საცხოვრებლად სხვაგან რომ გადავდიოდით. დღემდე ძალიან მიყვარს პლეხანოვის 179… მიუხედავად იმისა, რომ იქ აღარ ვცხოვრობ, ის მაინც ჩემს სახლად მიმაჩნია. ბრიუსელში როდესაც ვცხოვრობდი და ელჩი ვიყავი, ძალიან გადაღლილმა მძღოლს ვუთხარი, სახლში წავიდეთ, პლეხანოვზე-თქო და გაოცებულმა შემომხედა. ასე რომ, ეს სახლი ჩემს სახლად დარჩა. ერთი ძმა მყავს, რომელიც დიდი ხანია უცხოეთში ცხოვრობს და მუშაობს. ესეც ჩვენი ქვეყნის ერთი მთავარი პრობლემაა, როცა ოჯახების უმრავლესობიდან ერთი წევრი უცხოეთშია წასული.