„ენმ – ძალა ერთობაშია“ სიით პარლამენტში გასული და ამჟამად, ბოიკოტის რეჟიმში მყოფი დეპუტატი ნატო ჩხეიძე „პუბლიკასთან“ საუბრისას ამბობს, თუ რაში დახარჯა მან თანხა, რომელიც ბოიკოტის მიუხედავად ბიუჯეტიდან მაინც ჩაერიცხა.
ჩხეიძე ირწმუნება, რომ ხელფასი ქველმოქმედებას მოახმარა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა სახის ქველმოქმედება გასწია პოლიტიკოსმა.
„პუბლიკა“ ნატო ჩხეიძეს „იბერიას“ ყოფილ ჟურნალისტებთან მიმდინარე სამართლებრივ დავაზე ესაუბრა. შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტები არხის მფლობელებს კუთვნილ სახელფასო დავალიანებას და კომპენსაციას ედავებიან.
„ნატო ჩხეიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ კომპანიას სახელფასო დავალიანება არ აქვს და „თუ ეს ჟურნალისტები, სამწუხაროდ, ასეთ ინფორმაციას ავრცელებენ, რომ ეს არის სახელფასო დავალიანება, ძალიან დასანანია, რომ ასეთ ჟურნალისტები იყვნენ „იბერიაში“. ბოიკოტში მყოფმა ოპოზიციონერმა ისიც გვითხრა, რომ დეპუტატის ჩარიცხული ხელფასი ქველმოქმედებისთვის გამოიყენა“, – ვკითხულობთ სტატიაში.