ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელი, თამაზ ელიზბარაშვილი ადასტურებს, რომ თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე დაკავებული მოქალაქე მისი შვილია.
თამაზ ელიზბარაშვილის განცხადებით, მისი შვილი, გურამ ელიზბარაშვილი ძაღლს ასეირნებდა, რა დროსაც უცხო ქვეყნის მოქალაქესთან კონფლიქტი მოუვიდა.
მისივე თქმით, კონფლიქტის დროს ფეხში დაიჭრა გურამ ელიზბარაშვილიც.
“როგორც ვიცი, ჩემი შვილი დილით ძაღლს ასეირნებდა. გურამი 41 წლის არის, პატარა კი არ არის, 4 შვილის მამაა. ჰყავს ასევე მეხუთე ოჯახის წევრი, იგივე შვილი – პატარა დეკორატიული ძაღლი. ეს პატარა ძაღლი ჰყავდა სკვერში ჩაყვანილი. იქ იყო ყაზახი, რომელსაც არ მოსწონებია, რომ ძაღლს ასეირნებდა სკვერში. გურამისთვის უთქვამს, მოაშორე აქედანო. მოკლედ, შელაპარაკება მოხდა, ყაზახს ფეხი მოუქნევია ძაღლისთვის, ამას მოჰყვა ჩხუბი. ჩემი შვილიც დაჭრილია. ფეხშია დაჭრილი იარაღით. როდემდე უნდა იყოს ჩემს ქვეყანაში ასეთი გაბოროტებული ხალხი, რომელიც ასე ძალადობს ცხოველებზე? კამერების ჩანაწერებით ყველაფერი კარგად დადგინდება”, – განაცხად თამაზ ელიზბარაშვილმა ambebi.ge-სთან.
ინფორმაციისთვის, თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე მოქალაქე დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მოქალაქე ძაღლს ასეირნებდა, რა დროსაც მას სხვა მოქალაქესთან შელაპარაკება მოუვიდა და დაჭრაც შელაპარაკების შედეგად მოხდა.
გავრცელებული ცნობით, დაჭრილია ადგილზე მდებარე საბავშვო ბაღის აღსაზრდელის მშობელი.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.