ესპანეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მისი მეგობარი ანა ინალიშვილი ყვება ”პრაიმტაიმთან” „აქ ორ ოჯახს ერთი სახლი გვაქვს ნაქირავები. ძალიან დაბნეული ვარ, 29 წლის ქართველი გარდაგვეცვალა, დღეს მისი პანაშვიდი იყო. თორნიკე ლომაური სამუდამო განსასვენებელს კახეთში დაიდებს, ყვარლის რაიონიდან, სოფელი შილდიდან იყო…
ახლა, ჩვენ ბარსელონას პროვინციაში, პატარა ქალაქ ბიგში ვართ და სული აქ დალია. მე, ჩემი ქალიშვილი და მისი ოჯახი ერთად ვცხოვრობთ. ის 3 წლის წინ, მშობლებთან და ორ დასთან ერთად ჩამოვიდა, ყველა მუშაობდა, არაჩვეულებრივი ოჯახია…
გასულ კვირას დაიღუპა, ექსპერტიზაზე გადაიყვანეს, ჯერ კიდევ თბილი იყო, სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია რომ მოვიდა, მაგრამ ვერაფერი უშველეს. სიკვდილამდე, წინა ღამე ვსაუბრობდით, ვხუმრობდით და დილას გარდაცვლილი დაგვხვდა. ეს ბიჭი აქ, 2 წელი უმძიმეს სამუშაოზე, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, წითელ ჯვარში ქველმოქმედების მიზნით მუშაობდა. ის ძალიან კარგი და მორწმუნე ადამიანი იყო. სიცოცხლეში სამშობლოში ვერ გაიცნეს და მინდა, ახლა მაინც იცოდნენ, რომ ესპანეთში კარგი ქართველი, ვაჟკაცი, ღვთისნიერი ბიჭი დაიღუპა. მინდა, დიდი პატივი მიეგოს მის ხსოვნას, ის სულ ცდილობდა ყველასთვის სიკეთე გაეკეთებინა. ერთ კვირაში კი, სამშობლოში ჩამოასვენებენ…
მას უკანასკნელი სურვილი აუსრულებელი დარჩა. ოცნებობდა და გეგმავდა ქართული ოჯახი შეექმნა. ამბობდა, ოფიციალური ცხოვრების უფლებას რომ მოვიპოვებ და ფეხზე მყარად დავდგები, ვიქორწინებო. აუცილებლად ქართველი გოგოს მოყვანა სურდა…” – ამბობს ანა ინალიშვილი.