თამაზ გინტურმა მტარვალებს აჩვენა, რომ ვერ დაგვამარცხებენ, ჩვენი ერი არ დამარცხდება – ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა წმ. სტეფანე ხირსელის მამათა მონასტერში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
“შეიძლება, ადამიანი ცხოვრობდე ამ ქვეყნად და ბევრ რამეში ერისთვის შეუმჩნეველი იყო, მაგრამ დგება დრო, ჟამი, ღმერთი გამოაჩენს ხოლმე თავის საყვარელ ადამიანს. ვფიქრობ, მონა ღვთისა თამაზი, რომელიც ოკუპანტებმა მოგვიკლეს, სიკვდილით შეუერთდა ზეციურ საქართველოს, მარადისობას, ყველაზე დიდი რამ რაც შეიძლება მომხდარიყო. მტარვალი ყოველთვის რას აკეთებს? – იყო შაჰ – აბასი – 6 000 ბერი მოგვიკლა, იყო ჯალალედინი – 100 000 ქართველი მოგვიკლა, არიან ახლანდელი ჯალათები, მოკლეს ადამიანი. ამ ადამიანმა რა გააკეთა – არ მიატოვა თავის წინაპართა საძვალე, საფლავზე მივიდა, შემდეგ ავიდა სალოცავში. არც წინაპრები მიატოვა და რა თქმა უნდა, ღვთის სადიდებლად იყო მისული, მათი და სხვების სული უნდა შეევედრებინა უფლისთვის, ამ დროს კლავენ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იცოდეს, რა შეემთხვეოდა, იმავეს გაიმეორებდა, წავიდოდა. ღმერთმა ის გამოარჩია და ბედნიერია დედა, რომელმაც აღზარდა – ის ოჯახი, ის გვარი, რომელმაც ადამიანი გაზარდა“ – განაცხადა მიტროპოლიტმა.
