ია დუდაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ მეუღლის, ირაკლი ნოზაძისა და ოჯახური ცხოვრების შესახებ საუბრობს:
„ოჯახური ბედნიერების მთავარი საიდუმლო ისაა, რომ საკუთარ თავზე ავიღოთ ვალდებულებები. როცა რაღაც არის გასაკეთებელი და ირაკლის არ სცალია, ვცდილობ, მე გავაკეთო. ანალოგიურად იქცევა ირაკლი, თუ დაინახავს, ბავშვს გამოცვლა ან სხვა რამე სჭირდება, შეუძლია, თვითონ გააკეთოს. ერთმანეთს არ ვაბარებთ პასუხისმგებლობებს და როცა ყველაფერს ასე უდგები, უკმაყოფილება ნაკლებად ხდება. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიულად ძალიან აქტიურია, ახერხებს, ოჯახს სათანადო ყურადღება დაუთმოს. როცა ირაკლი გასტროლზე მიდის, მეც უფრო აქტიური ვხდები. სხვა პასუხისმგებლობას ვგრძნობ, უფრო მეტად გამყავს ბავშვები სხვადასხვა ადგილზე. როცა ირაკლია, უფრო მეტად მიყვარს მასთან ერთად სახლში ყოფნა. როცა ის არ არის სახლში, მაშინ არც მე ვარ, მე და ბავშვებიც მივდივართ ხოლმე სადმე.
ძირითადად, რაც აუფერულებს და აბანალურებს ურთიერთობას, არის ის, რომ მშობლების როლს ვირგებთ და გვავიწყდება ამ როლის გარეთ ჩვენი პირადი ცხოვრება. როცა ამას აცნობიერებ, ცდილობ, როგორღაც შეცვალო ეს მდგომარეობა. ვერ გეტყვით, რომ მე და ირაკლის ხშირად გამოგვდის ბავშვებისგან დამოუკიდებლად, მარტოებს სადმე გასვლა და დასვენება, მაგრამ ვცდილობთ. ვერ ვიტყვი, რომ გაუფერულდა ან გაბანალურდა ჩვენი ურთიერთობა. ყოველდღიურ რეჟიმში, ჩემსა და მის, ასევე, ჩვენსა და ბავშვების ურთიერთობაში, ჩვენი ტერმინოლოგია შედგება სასიყვარულო, თბილი სიტყვებისგან და ესეც თავისას შვრება. გარდა ამისა, სირთულეებმა, რომლებიც ჩვენ გამოვიარეთ, სხვა ღირებულებები შესძინა ჩვენს ურთიერთობას. ორივემ კარგად დავაფასეთ ის, რაც გვაქვს და მივხვდით, რომ ეს არის ჩვენი ბედნიერება. პრობლემები და ორწლიანი კრიზისი რომ არ ყოფილიყო ჩვენს ურთიერთობაში, აქამდე ვერ მოვიდოდით. რამდენიმე წლის წინ უფრო ეგოისტი, ამბიციური და ძალიან ეჭვიანი ვიყავი. ეს სამი თვისება ყველაფერს ძალიან აფუჭებდა. დღეს ეს თვისებები აღარ მაქვს და ძალიან ბედნიერი ვარ.
ირაკლი სუპერკომფორტული ადამიანია. თუ არ შეზღუდავ, საზღვრებსა და ჩარჩოებს არ დაუწესებ, ძალიან თბილი, კომფორტული და მოსიყვარულე მეუღლე და მამაა. მე და ჩემს შვილებს ძალიან გაგვიმართლა ირაკლიში. ჩვენ არ ვართ ისე, სოციალურ ქსელში ერთნი რომ არიან და რეალურ ცხოვრებაში საერთოდ სხვანაირები. ჩვენ მოჩვენებითი ბედნიერი ოჯახი არ გვაქვს, რასაც გამომწერებს ვუზიარებთ, ყველაფერი ნამდვილია. მე მგონი, ზუსტად ამიტომ ვუყვარვართ მათ. საერთოდ, მოჩვენებითობა აუბედურებს ადამიანს”, – ამბობს ია დუდაშვილი.