ექიმები გვარწმუნებენ, რომ ყველაფერი, რაც კუჭში ხვდება, პირდაპირ გავლენას ახდენს ახალი ინფორმაციის დამახსოვრებისა და შენახვის უნარზე.
ზოგიერთ ადამიანს ისეთი სუსტი (ცუდი) მეხსიერება აქვს, რომ ფრაზა „ცალ ყურში შესული, მეორიდან უმალ ამოსდისო“ – პირდაპირ შეესაბამება. ამ კატეგორიის ადამიანებმა აუცილებლად უნდა გადახედონ თავიანთ საკვებ რაციონს. საქმე ის არის, რომ მეხსიერების პრობლემები ხშირად მრავალი დაავადების პირველი სიმპტომია. მაგალითად, გულმავიწყობა დამახასიათებელია ძლიერი სტრესის, შაქრიანი დიაბეტის, თავის ტრავმის, ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების, სისხლძარღვების პრობლემების მქონე ადამიანებისთვის. როგორც მოგეხსენებათ, ყველა ეს პათოლოგია გარკვეულწილად დაკავშირებულია არასრულფასოვან კვებასთან.
„ჩვენი ტვინი იმ კალორიების 30%-ს ითვისებს, რომელსაც ორგანიზმი საკვებიდან იღებს. სინამდვილეში ყველაფერი, რასაც ჩანგლით იჭერთ, პირდაპირ მოქმედებს თქვენს ტვინსა და მეხსიერების ფუნქციებზე“ – გვაფრთხილებს ნეირომეცნიერი დოქტორი დერია ულუდიუზი.
რომელი პროდუქტები ვნებს ჩვენს მეხსიერებას:
1) მცენარეული ზეთები
დიახ, ჩვენს ქვეყანაში ასე პოპულარულ მზესუმზირას ზეთსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს მეხსიერებას, ისევე როგორც ძალიან მოდურ სიმინდისა და რაფსის ზეთებს. ფაქტია, რომ ზეთებში ბევრია ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავა, რომელთა სიჭარბემ შეიძლება ზიანი მიაყენოს ორგანიზმს. კერძოდ, ომეგა-6-ის სიჭარბის გამო სისხლი შეიძლება გასქელდეს. ეს მჟავები ფაქტობრივად ანეიტრალებს ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების ეფექტს, რომლებიც, პირიქით, ეხმარება ტვინს უკეთ მუშაობაში.
2) ენერგეტიკული სასმელები
ენერგეტიკული სასმელების მოყვარულებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი საყვარელი პროდუქტი გრძელვადიან პერსპექტივაში სერიოზულად აზიანებს მეხსიერებას. ფაქტია, რომ ენერგეტიკულ სასმელებს შეუძლიათ გაზარდონ შაქრიანი დიაბეტის და ალცჰაიმერის დაავადების რისკი. გარდა ამისა, მათ შემადგენლობაში შემავალი დიდი რაოდენობით შაქარი ზრდის სისხლში ინსულინის დონეს, რაც მეხსიერების პრობლემების განვითარების პროვოცირებას ახდენს.
3) საკვები მაღალი გლიკემიური ინდექსით
გლიკემიური ინდექსი არის სისხლში შაქრის დონის მომატებაზე ნახშირწყლების მოქმედების მაჩვენებელი. მაღალი გლიკემიური მაჩვენებლით გამორჩეული საკვები პროდუქტების სიაშია: თეთრი პური, მაკარონი, კარტოფილი და ბრინჯი.
მაღალი გლიკემიური ინდექსით გამორჩეული საკვებით კვება არღვევს გლუკოზასა და ინსულინს შორის ბალანსს, რაც იწვევს სისხლში შაქრის დონის მკვეთრ მომატებას. ეს კი სერიოზულად მოქმედებს მეხსიერებაზე და ადამიანებს ძალიან მარტივად ავიწყდებათ ყველაფერი.
თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი პროდუქტები მთლიანად უნდა იყოს ამოღებული საკვები რაციონიდან – საჭიროა ზომიერების დაცვა.
4) შემწვარ-მოხრაკული
ბევრისათვის საყვარელ შემწვარ კარტოფილს, ღვეზლებს, ქათამს – ყველა ამ საკვებს ექსპერტები ტვინის ფარულ მტერს უწოდებენ. თუ საკვებ რაციონში ძალიან ბევრი შემწვარია, ტვინის რეზერვები შეიძლება დროთა განმავლობაში შემცირდეს, რაც მეხსიერების სერიოზულ დეფიციტს იწვევს.
5) ხელოვნური დამატკბობლები
სამწუხაროდ, პოპულარული „ჯანსაღი“ უშაქრო ნამცხვრები და დაბალკალორიული სასმელები ასევე უარყოფითად მოქმედებს მეხსიერების ფუნქციაზე. ფაქტია, რომ სინთეზურ დამატკბობლებს, თუ ძალიან დიდი რაოდენობით მოვიხმართ, შეუძლიათ მნიშვნელოვნად გაზარდონ ინსულინის დონე, გამოიწვიონ გულის დაავადებები და მეტაბოლური პროცესების უკმარისობა.
6) ალკოჰოლი
ალკოჰოლური სასმელები, თუნდაც მოხმარების მომენტში, იწვევს გონების დაბინდვას და მეხსიერების გაუარესებას. თუ ადამიანი სვამს ძალიან ბევრს და მუდმივად, მაშინ მეხსიერების პრობლემები კიდევ უფრო უარესდება. და საერთოდაც, ალკოჰოლი ზიანს აყენებს კოგნიტურ უნარებსა და შემეცნებით შესაძლებლობებს.
7) ტრანსცხიმები
ტრანსცხიმები ძალიან საშიშია ტვინისთვის. ისინი წარმოდგენილია მარგარინში, ნამცხვრებში, კარტოფილის ჩიფსებსა და შოკოლადის ფილებში. ისინი მზადდება მცენარეული ზეთებისგან. ტრანსცხიმები ახანგრძლივებს პროდუქტების შენახვის ვადას, მაგრამ ძალიან საზიანოა ჯანმრთელობისთვის.
წყარო:მკურნალი