რამდენიმე დღის წინ ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა გენერალურ პროკურატურაში საჩივართან ერთად მიიტანა ახალი მასალა, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის მეგობართან მიმოწერის ამსახველი სკრინია. გოგონას მტკიცებით, თამარ ბაჩალიაშვილი სწერს: “გარკვეული საშიშროება მელის, თუ რამე დამემართება, დედაჩემს დაუდექი გვერდით, შენთან მიმოწერა რომ მაქვს, უნდა წავშალო, რამე საშიშროება რომ არ შეგემთხვას”.
მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ადრესატ გოგონას პოლიცია ემუქრება:
მიხეილ რამიშვილი:
– ამ გოგონაზე მამამ იძალადა ფიზიკურად, ის პატიმრობაშია, მისი ძმაც ძალადობდა მასზე – სცემდა და ახლა ეს გოგონა მეურვეობის ქვეშაა, ბებია-ბაბუასა და ბიძა-ბიცოლასთან იზრდება. იქაც გაურკვეველი პირობებია. სოციალურ სააგენტოს ევალება, რომ ამ მდგომარეობაში მყოფ გოგონაზე იზრუნოს და სპეციალურ დაწესებულებაში, მაგალითად, თავშესაფარში გადაიყვანოს, მაგრამ ეს არც უფიქრიათ. მე ვიზრუნე ამაზე – გორში არის სპეციალური თავშესაფარი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის, მოველაპარაკე მათ, მაგრამ, სამწუხაროდ, ოჯახის წევრებმა, მათ შორის ბებიამ (რომელიც კანონიერი წარმომადგენელია, მაგრამ ახსნა-განმარტება დამიწერა და მომატყუა, არანაირი ოფიციალური მეურვეობა არა მაქვსო) და თავშესაფარში გაგზავნაზე უარი თქვა. სამწუხაროდ, გოგონას ისევ ძალიან ცუდ გარემოში მოუწევს დაბრუნება, თან ირკვევა, რომ ფსიქიკური პრობლემები აქვს, ოჯახის წევრებს ვკითხე, მკურნალობის კურსს თუ გადის-მეთქი, მითხრეს, არაფერს სვამს და არც მკურნალობსო, რაც ცოტა უცნაურია. მას რომ ფსიქიკა დარღვეული ჰქონდეს, ისეთ რამეებს ვერ იტყოდა, რაც თქვა, გოგონა საღად აზროვნებს. მისი ტელეფონი რომ წაიღეს, სკრინები ხომ უნდა შეემოწმებინათ, თამართან ჰქონდა თუ არა მიწერ-მოწერა? იცით, რა გააკეთეს? თეონა თამაზაშვილთან თუ ჰქონდა მიმოწერა, ეს შეამოწმეს.
– ვინ არის ეს გოგონა, აქამდე სად იყო, ახლა რატომ გამოჩნდა?– ის ბოლო დროს ფბ-ით დაუკავშირდა ქალბატონ თეონას, იფიცებდა, რომ ყველაფერი სიმართლეა, რომ სკრინები ჰქონდა და ყველაფერს დაადასტურებდა. უთქვამს, თამარი მეუბნებოდა, ჩვენი მიმოწერა წაშალეო. ჩვენ ამიტომ მივმართეთ პროკურატურას, გადაამოწმონ და დაადგინონ, ნამდვილია თუ არა ეს მტკიცებულება. მოკვლევა დაიწყეს და, ალბათ, დაჰკითხავენ.
როგორც გოგონამ და მისი ოჯახის წევრებმა მითხრეს, პოლიცია ზეწოლას ახდენს, უთქვამთ, თუ ეს ტყუილი იქნება, სამუდამო პატიმრობა გელისო, რაც ბებიამაც და ბიძა-ბიცოლამაც დამიდასტურეს. გასაგებია, რომ ცრუ ინფორმაციისთვის ყველამ პასუხი უნდა აგოს, მაგრამ ადამიანზე ასე პირდაპირ ზეწოლა დაიწყო და ამისთვის ძალაუფლება გამოიყენო, ეს მიუღებელია.
– თუ ეს გოგონა ამ ოჯახის ახლობელი არ არის, რატომ უნდა ესაუბრა თამარს მასთან მოსალოდნელ საფრთხეზე და რატომ უნდა მიეხედა უცხოს დედამისისთვის?– თამარს ბევრი უცხო ადამიანი ჰყავდა მეგობრებში და მათთან მიწერ-მოწერა ჰქონდა. ვისთან რა მიზნით ამყარებდა კონტაქტს, ვერ გეტყვით. შემდეგ ამ გოგონამ სკრინი დადო ჯგუფში, რომელიც თეონა თამაზაშვილს მიაწოდეს და ამის შემდეგ დაიწყეს მიმოწერა. გოგონა ამბობს, რომ რამდენიმე სკრინი არსებობს. მან ქალბატონ თეონას ერთი გაუგზავნა და ის შევიტანეთ პროკურატურაში.
– გამორიცხავთ, რომ გოგონა მცდარ ინფორმაციას გაწვდიდეთ?– ვერ გეტყვით, შესაძლოა ვიღაცის დავალებასაც ასრულებს. ფურცხვანიძესთან დაკავშირებით რაც მოხდა, მას მერე ათასჯერ გადამოწმებას ვიწყებ. ამიტომ ჩავედი რაიონში და დავაწერინე მათ ახსნა-განმარტებები. სხვას ვერაფერს მოვიძიებ, ყველა თავის სიტყვაზეა პასუხისმგებელი.
– კიდევ რა მნიშვნელოვან გარემოებებზე საუბრობს გოგონა?– ბევრ ისეთ რამეს ამბობს, ჩემთვისაც რომ უცნობი იყო. გოგონა ამბობს, ზეწოლის მიუხედავად, არაფრის არ მეშინია და სიმართლეს ვიტყვიო. ჰოდა თქვას! როგორც ყოველთვის, ამ საქმეში ახლაც ბევრი უპასუხო კითხვაა.
თავის მხრივ, უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პირი ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს მცდარ ინფორმაციას აწვდის. პროკურატურის ცნობითვე, გოგონას ფსიქიკური პრობლემები აქვს და ის მეურვეობის ქვეშ იმყოფება.
საქართველოს პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტთან “გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მოქალაქე გ.თ.-ს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მასთან მცხოვრებ ნათესავ გოგონას მ.შ.-ს, რომელიც ფსიქიკური პრობლემებიდან გამომდინარე მეურვეობას საჭიროებს და მასთან ცხოვრობს, სისტემატური სატელეფონო ურთიერთობა აქვს თამარ ბაჩალიაშვილის დედასთან, თეონა თამაზაშვილთან და მის ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან, რომლებსაც მცდარ ინფორმაციას აწვდის იმის შესახებ, რომ თითქოს იგი თამარ ბაჩალიაშვილს იცნობდა და მისი გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით გარკვეულ ინფორმაციას ფლობს. გ.თ.-ს ჩვენებით, აღნიშნული არ შეესაბამება რეალობას და მ.შ.-ს წარმოსახვისა და ფანტაზიის ნაყოფი უნდა იყოს. აღნიშნული ასევე დაადასტურა მოწმის სახით გამოკითხულმა მ.შ.-ს ბიძამ ს.ჯ.-მ.”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
წყარო: “კვირის პალიტრა”