დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კაცობრიობა ჩვეულ ცხოვრებას შესაძლოა წელიწადნახევარში დაუბრუნდეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. გამყრელიძის თქმით, მიუხედავად მასობრივი ვაქცინაციისა, პირბადის ტარება მაინც საჭირო იქნება.
„ჩვეულ რიტმს, როდესაც ყველგან ვმოძრაობდით, არ გვეკეთა ნიღაბი, დავდიოდით სამოგზაუროდ და ასე შემდეგ, კაცობრიობა ჩემი პირადი გათვლებით და პროგნოზით დაუბრუნდება წელიწად-წელიწადნახევარში.
ის სამიზნეები, რაც ვაქცინებთან დაკავშირებით არის დასახული და თუ ეს მოხდა, მიუხედავად სრული ვაქცინაციისა მაინც გარკვეული პერიოდი ნიღბის ტარება დაგვჭირდება, დისტანციის დაცვა, ჰიგიენა და ა.შ. თქვენ ნახეთ რომ ამან სხვა რამეზეც იმოქმედა, წელს გრიპი თითქმის არ არის.
ამიტომ, სადღაც წელიწადნახევრის შემდეგ კაცობრიობა შეიძლება დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს“, – აღნიშნა გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინზე.