ტელეწამყვანმა ნიკოლოზ ხაჩიძემ ჟურნალ „თბილისელებს“ ინტერვიუ მისცა.
მან სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.
გთავაზობთ მცირე ამონარიდს ინტერვიუდან.
„ნიკოლოზ ხაჩიძე: 16 წლის ვიყავი, როდესაც მუშაობა დავიწყე და მას შემდეგ არ გავჩერებულვარ. წელს იყო ჩემს ცხოვრებაში პირველი შემთხვევა, როცა ხანგრძლივი უმუშევრობის პერიოდი მქონდა. შეიძლება ითქვას, რომ არაფერს ვაკეთებდი. ეს დაახლოებით ცხრა თვე გაგრძელდა და მთელი ეს დრო წიგნების კითხვას დავუთმე. ხომ იცით, წლების განმავლობაში რომ ყიდულობ წიგნებს და დებ, მაგრამ წასაკითხად ვერ იცლი. გადავწყვიტე, რომ ამის დროც მოვიდა.
– ყველაზე იღბლიანად რაში მიგაჩნია თავი?
– აბსოლუტურად ყველაფერში. კარიერასთან მიმართებით ძალიან იღბლიანი ვარ. მედლის მეორე მხარეც არსებობს, ანუ, გარდა იმისა, რაც აღვნიშნე, ყოველთვის მხვდებოდნენ ადამიანები, რომლებიც მაძლევდნენ შანსს, ჩემი შესაძლებლობები დამემტკიცებინა. გამოუცდელი ბავშვი მივდიოდი და თავს არ ვზოგავდი, რომ მათი ნდობა გამემართლებინა. ამის გამო თავს მართლა ძალიან იღბლიანად ვგრძნობ. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ პირად ცხოვრებაში ძალიან იღბლიანი ვარ. არაფერზე ვწუწუნებ, მაგრამ დაუოჯახებელი ვარ და ეს არ ითვლება წარმატებულ პირად ცხოვრებად. თუმცა, ვისთვის – როგორ. მე ცუდად არ ვგრძნობ თავს. ალბათ, ჩემი ბრალია, რომ რაღაც ურთიერთობები ვერ შევინარჩუნე. ან, უბრალოდ, ჯერ ვერ შევხვდი იმ ადამიანს, ვისთანაც ვიგრძნობ, რომ ბოლო გაჩერებაა, სხვისკენ გახედვის სურვილი არ გამიჩნდება და ამ ურთიერთობაში ჩემს თავს მაქსიმალურად გამოვავლენ. არავის ვეძებ, მაგრამ ალბათ, ასეთ ადამიანთან შეხვედრაც იღბალია. უნდა მიხვდე, რომ ეს ის არის, ვისთანაც ყველაზე ბედნიერი ხარ და როცა კარიერულ წარმატებასთან ერთად ესეც გაქვს, ეს მგონია ჰარმონიული ცხოვრება“.
