“ეს არ ვიცი, რა არის ჩემთვის… რაღაც სხვა ემოციაა. ჩემი საყვარელი მხატვარია ირმა კუსიანი, რომელსაც ვთხოვე ჩემი და ნუცას პორტრეტის დახატვა. ოღონდ მინდოდა, ამ ნახატზე ერთად ვყოფილიყავით და არ მინდოდა, რომ ნუცა წარსულში ყოფილიყო და, რომ ვუყურებ, ასე მგონია, ჩემი შვილი სახლშია.
ამ სურათის წინ ჯდომა ჩემთვის კატასტროფაა, მაგრამ ვზივარ და ვუყურებ, რადგან ჩემი ცხოვრება ეს არის და სხვა არაფერი. უცნაური ნახატია – დილით სხვანაირია, საღამოს სხვანაირი, მზის სინათლეზე სხვანაირი და ჩემი შვილიც სხვანაირია ამ სხვადასხვა სინათლეზე. მეც ვუყურებ და ველაპარაკები”, – ასე გადმოსცა ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა თავისი ემოცია გადაცემა “პროფილში” მხატვარ ირმა კუსიანის მიერ შესრულებულ ნახატზე, სადაც თვითონ და მისი გარდაცვლილი შვილი, ნუცა მახვილაძე არიან გამოსახული.
ირმა კუსიანი “სარკესთან” ყვება, რომ პირველად შეუკვეთეს გარდაცვლილი გოგონას პორტრეტი, რომელიც, როგორც ცოცხალი, ისე უნდა წარმოეჩინა. ამიტომაც ეს ნახატი ისეთი ემოციებით შეასრულა, რომლებიც მანამდე არ გამოუცდია.