პოლიტიკიდან მოულოდნელად გასული, ექსმილიარდერი ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟი უტა ივანიშვილი საქართველოშია. რატომ გამოიძახა საფრანგეთიდან ექსპრემიერმა სიყრმის შვილი? „2020NEWS“-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ივანიშვილი შვილებს შორის ქონების გადანაწილებასა და ამ ფორმით დარჩენილი მილიონების გადაზღვევას იწყებს. ამასთანავე, უფროსი ვაჟის საქრთველოში ვიზიტის შემდეგ, მისი პოლიტიკური მემკვიდრეობის საკითხიც გადაწყდება. თავად ექსმილიარდერი კი, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს თუ ვერწმუნებით, საფრანგეთის სამხრეთით, ულამაზეს ქალაქ სენ-ტროპეში ახლად შეძენილ ვილაში აპირებს გადასახლებას. რას გაექცა ივანიშვილი საჯარო პოლიტიკიდან და როგორ აზღვევს საკუთარ ქონებასა თუ პოლიტიკურ მომავალს?
როგორც ცნობილია, უფროსი ივანიშვილი საფრანგეთში ცხოვრობს და საქართველოში იშვიათად ჩამოდის. მისი ბოლო ვიზიტი მშობლებთან, გაზაფხულზე, კორონავირუსის პანდემიის გამო ჩაკეტილ ქვეყანაში მოხდა. მაშინ უტა ივანიშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, სავალდებული კარანტინის გავლის გარეშე, „გაუჩინარდა“. საზოგადოების პრეტენზიას, რომ მილიარდერის შვილსაც უნდა გაევლო 2-კვირიანი კარანტინი რომელიმე კოვიდსასტუმროში და მისთვის გამონაკლისი არ უნდა დაეშვათ, ოფიციალურმა თბილისმა უპასუხა, ნეტა, ყველას ქონდეს ისეთი პირობები, როგორიც უტა ივანიშვილს აქვს, ის უსაფრთხოდაა და სახლში, სოფელ ჭორვილაში გადის კარანტინსო.
პირობებსა და ცხოვრება-ქონებას რომ არ უჩივის საქართველოს უმდიდრესი ადამიანის ვაჟი, გაუგებარი ამაში არაფერია, მაგრამ რატომ ეწვია ახლა ის საქართველოს, როცა მამამისმა პოლიტიკური ველი ღიად დატოვა და როცა ამ ოჯახისთვის „ქართული ოცნების“ ერა დასრულდა ? რამდენად საიმედოა სააგენტოს წყაროს ინფორმაცია, რომ ივანიშვილი მემკვიდრეობის გადანაწილებას იწყებს და საქართველოში ვიზიტის შემდეგ, უტა ივანიშვილის პოლიტიკური მემკვიდრეობის საკითხსაც გაივლიან? სჭირდება თუ არა ექსმილიარდერს საკუთარი შვილებისთვის ქონების გადაფორმება მაშინ, როცა მისი თქმით, მხოლოდ 200 მილიონი დოლარი აქვს ოჯახისთვის და არა – გაცხადებულ 5 მილიარდზე მეტი?
მიუხედავად იმისა, თავად ივანიშვილმა განაცხადა, 5 მილიარდი არასდროს ქონია და გამოცემებს: „ფორბსსა“ და „ბლუმბერგს“ შეუძლია, უჩივლოს, მილარდერთა სიაში რომ ყავთ შეყვანილი, ამავე „ბლუმბერგის“ მილიარდერთა სიას ივანიშვილის სახელი და გვარი, ასევე ქონებრივი მონაცემი დღემდე ამშვენებს. მილარდერთა ამ რეიტინგში, „ბლუმბერგის“ მითითებითვე, „მრავალფეროვანი ინტერესების მქონე“, უმდიდრესი ქართველი ექსპოლიტიკოსი 462-ე ადგილს იკავებს – 5, 78 მილიარდი დოლარით, რომელიც ბოლო პერიოდში 250 ათასით გაიზარდა.
წყარო: 2020news