საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2 ნოემბერს წმინდა მამა გაბრიელ სალოსისა და აღმსარებელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით მამა გაბრიელის ხატიტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.
ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მიდის მამა გაბრიელის საფლავთან, სადაც ჩაუქრობლად ანთია კანდელი. კანდელში ჩასხმულ ზეთს, მამა გაბრიელის სიწმინდის გამო, ღვთისაგან კურნების ძალა და მადლი ენიჭება. საოცარი კურნებებით ხშირად ექიმებიც გაოცებულნი არიან, რადგან მათი დიაგნოზი ავადმყოფის გადარჩენას გამორიცხავდა.
* * *
ჩვენი შვილი ტატო ჰიდროცეფალიითაა დაავადებული. სამშობიაროდან გამოყვანის შემდეგ პატარა ტატო 3 თვის განმავლობაში გამუდმებით ტიროდა. ექიმები მუცელსა და ყურზე მკურნალობდნენ – მაშინ, როცა ორგანიზმში თავის ქალის გახსნის პროცესი მიმდინარეობდა (მშობიარობის დროს თურმე ექიმებს ხელიდან გავარდნოდათ). ტატოს პირველი ოპერაცია 4 თვისას გაუკეთეს. მას თავის ქალიდან ხერხემლამდე ხელოვნური ორგანიზმი ჩაუდგეს. მაგრამ აქაც არ გაუმართლა პატარას. მოხდა ქირურგიული შეცდომა და ხელოვნური ორგანიზმი, მარჯვენის ნაცვლად, მარცხენა მხარეს ჩაუდგეს. განმეორებითი ოპერაცია მესამე დღესვე გახდა საჭირო.
დღემდე ტატომ ხუთი ოპერაცია გადაიტანა. 4-ჯერ კი ხერხემლიდან სითხე აუღეს. ბავშვს არა თუ სიარული, ხოხვაც კი არ შეეძლო. მხოლოდ ეტლით დაგვყავდა. ტატოს თავში წარმოქმნილმა კისტამ კატასტროფული სისწრაფით იწყო ზრდა. დააწვა ტვინს და დიდი ადგილი დაიკავა. ამან განავითარა ეპილეფსია. დღეში 20-25-ჯერ ემართებოდა გულყრა. გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავით. ექიმები ოპერაციის წინ გვეუბნებოდნენ, თქვენს შვილს არაფერი ეშველებაო. ასეთ მდგომარეობაში გავიგეთ, რომ მცხეთაში მამა გაბრიელის საფლავზე საოცარი კურნებები ხდებოდა. მე და ჩემმა მეუღლემ ვირწმუნეთ, რომ იქ გვეშველებოდა. გულშიც არ გაგვივლია ეჭვი მამა გაბრიელის ზეთის სამკურნალო თვისებებზე. ვიცოდით, რისთვისაც მივდიოდით და გვწამდა. როცა მცხეთაში მივედით და საფლავს მივუახლოვდით, ჩემს შვილს მოუსვენრობა დაეტყო. ინვალიდის ეტლში ვეღარ ჩერდებოდა. საფლავთან მიახლოებას ითხოვდა. ჩამოვსვით ეტლიდან და ტატო მის სიცოცხლეში პირველად დამოუკიდებლად მუხლებით მიუახლოვდა საფლავს. ჯერ ხელები დააწყო ზედ, მერე კი შუბლით ემთხვია და ასე მლოცველის პოზაში იჯდა კარგა ხანს. ეს იყო პირველი სასწაული.
დავბურნდით შინ. სამი დღის შემდეგ ბავშვი დამოუკიდებლად, ახალფეხადგმულივით ლოჯიდან საძინებელში გავიდა. რაც ჩვენ მაშინ განვიცადეთ, ამას ვერ აღვწერთ. ის იყო ნამდვილი დიდი სასწაული.
საფლავიდან წამოღებულ ზეთს ყოველ დილა-საღამოს შუბლსა და მუხლისთავებზე ვცხებთ ჯვრის ფორმით, როგორც ზეთის მოხმარების წესში წერია. ტატოს მდგომარეობა უკეთესობისკენ იცვლება. ისწავლა მოფერება, კოცნა, ის კი არა – კარს ღიად ვერ ვტოვებთ – სახლიდანაც კი გვეპარება და ორი სართულით დაბლა ჩადის ხოლმე. ჩვენი ოჯახის წევრები და ნათესაობა უაღრესად მადლიერები ვართ ღვთისა და მამა გაბრიელის.
განაგრჩეთ კითხვა
