საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2 ნოემბერს წმინდა მამა გაბრიელ სალოსისა და აღმსარებელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით მამა გაბრიელის ხატიტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა არქიმანდრიტი გაბრიელი წმინდანად 2012 წლის 20 დეკემბერს წმინდა სინოდის სხდომაზე შერაცხა და მისი ხსენების დღედ 2 ნოემბერი დაადგინა. სახელად ღირსი მამა გაბრიელ სალოსი ეწოდა.
მამა გაბრიელი, ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე, 1929 წლის 26 აგვისტოს დაიბადა. მამა ადრე გარდაეცვალა და ახლობლები მას მამის სახელს, ვასილს ეძახდნენ. იგი თბილისის 24-ე ვაჟთა გიმნაზიაში ექვსი წელი სწავლობდა.
კელიას უვლიდა მამა გაბრიელის უფროსი და, ემა, რომელიც იმავე ეზოში ცხოვრობდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, ეს საქმე მისმა ვაჟმა, ელდარ ურგებაძემ გააგრძელა.
ელდარ ურგებაძე: ამ კელიას დედაჩემი უვლიდა. ახლა მე ვუვლი. თითქმის ხელუხლებელია ყველაფერი. ხატები ზოგი აჩუქეს, ბევრი სანაგვეზე გადაყრილი იპოვა და მოიტანა… ასე ნაპოვნითა და ნაჩუქარით ააგო ეს პატარა ტაძარი და კელია თავისთვის. როდესაც მცხეთიდან თბილისში ჩამოდიოდა, აქ ცხოვრობდა.
ჰქონდა ქართული ხმა, ბოხი, არტისტული. ჰყვებოდა გრძნობით, ხატოვნად. როდესაც წმინდანებზე გვიყვებოდა, ხან ხმას მოუმატებდა, ხან დაუწევდა, იმის მიხედვით, რა მდგომარეობაში იყო ის კონკრეტული წმინდანი იმ ისტორიაში. წმინდანების ცხოვრება ეკლიანია უმეტეს წილად. თუ ყურადღებით უსმენდი, მამა გაბრიელის ემოციური მონათხრობი ეკლებს დაგაყრიდათ კანზე.
მინდოდა მაგნიტოფონზე ჩამეწერა მისი საუბარი, მაგრამ ვერ დავიყოლიე. ვიდეოკამერა რუსეთიდან მქონდა ჩამოტანილი, მოდი, ვასიკო (მისი მამის სახელს ვეძახდით), გეხვეწები, გადაგიღებ-მეთქი, ვეტყოდი. ერთხელ დამთანხმდა, კარგიო. ჩაიცვა სუფთად, გამოვიდა და უცებ გადაიფიქრა, არ არის საჭიროო. ჩუმად ვერ გადავუღებდი. განაგრძეთ კითხვა
