თხილის დაავადებათა შორის, თხილის ვერტიცილიოზური ხმობა (ჭკნობის დაწყება ღეროს ძირში) მეტად საშიში და კულტურისთვის ყველაზე მეტი ზიანის მომტანი დაავადებაა.
2002 წლიდან, როცა ეს დაავადება აღინიშნა ჩვენს მიერ, ვაკვირდებოდით მას 2021 წლამდე და იგი ვლინდებოდა ერთეული ღერო-ტოტების ხმობით. 2021 წლიდან დაავადება მასობრივად გავრცელდა, განსაკუთრებით ოზურგეთის, ჩოხატაურის და ზუგდიდის თხილის პლანტაციებში.
ჩვენს მეურნეებს მოვუწოდებთ, მეტი ყურადღება მიაქციონ თხილის დაავადებათა შორის ამ ყველაზე საშიშ მოვლენას! ბევრმა არც იცის, რომ ის 2021 წელს გავრცელდა ყველაზე ძალიან, მთელი ორი ათეული წლის დაკვირვების მანძილზე!
ამ საშიში და დიდი ზიანის მომტანი დაავადების გამომწვევია სოკოები. დაავადება, ძირითადად, ზაფხულში ვლინდება, როცა თხილის ნაყოფი მომწიფების ფაზაშია. ამ დროს მცენარის ბუჩქის ცალკეული ტოტი, ღერო ან მთლიანად ბუჩქი იწყებს ხმობას. მცენარეს ეწყება ფოთლების გაყვითლება და ნაადრევი ცვენა. ზოგჯერ კი აღინიშნება უეცარი ჭკნობის შემთხვევებიც.
მცენარე ფერის უცვლელად ჭკნება და ხმება. მწვანე ფოთლები დეფორმირდება და ჭკნება. არის შემთხვევები, როდესაც მცენარე ნახანძრალს წააგავს. ფოთლები კი ამ დროს მუქ ყავისფერ შეფერილობას იღებს და სწრაფად ხმება.
ზემოთ, თხილის ღეროების და ტოტების განივ განაკვეთზე, ცენტრალურ ნაწილში, აღინიშნება ღეროს დასკდომა. დაბზარვა და შავი ფერის ლაქის წარმოქმნა. იგი ვრცელდება, როგორც ვერტიკალურად, ისე, ჰორიზონტალურად. შავი ფერის ლაქაში აღინიშნება სოკოს მიკროსკლეროციები. როცა მერქნის ფერშეცვლილი ზონა მიაღწევს კამბიუმის (მცენარის ლაფანსა და მერქანს შორის მოქცეული უჯრედების ფენა) წრეს, მცენარე იღუპება.
კამბიუმის წრეს მცენარის სიცოცხლისთვის დიდ მნიშვნელობა აქვს. ასევე, ღეროს განივ განაკვეთზე აღინიშნება სოკოს მიცელიუმი და გუმისებრი (წებოვანი) ნივთიერების გამოყოფა.
დაავადებული, მომწიფებული ნაყოფი მოშავო შეფერილობას იღებს.
ზოგჯერ ახლად დაავადებულ ნაყოფს შავი ფერის ლაქა არ უვითარდება, მაგრამ ნაყოფის გულის კანის სკდება ან კანი სრულიად ძვრება. ზოგჯერ ნაყოფი მუმიფიცირებულია და განუვითარებელი.
მომწიფებული ნაყოფის ნაჭუჭის გატეხვისას აღინიშნება დასკდომა და ხვრელების წარმოშობა, სადაც წებოვანი მასა შეინიშნება.
ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებიც წარმოიქმნებიან ზოგიერთი ფიტოპათოგენური სოკოების მიერ, მცენარეში გადაადგილდებიან გამტარი ჭურჭლების გზით და წარმოადგენენ მცენარეთა ჭკნობის და ხმობის ერთ-ერთ მიზეზს.
Verticillium-ის სოკოები ცხოვრობენ ნიადაგის რიზოსფეროში, მცენარეში იჭრებიან ფესვებიდან და ფესვის ყელიდან. შემდეგ ვრცელდებიან მცენარის ღერო-ტოტებსა და ნაყოფებში. მცენარეში გადაადგილდებიან ჭურჭელბოჭკობვანი კონებით, ხვდებიან მცენარის ყველა ორგანოში და იწვევენ მათ ჭკნობასა და ხმობას.
ტრაქეომიკოზის (ნაცრისფერი ლპობა) გამომწვევი მრავალი სოკო, რომლებიც ნიადაგში ცხოვრობენ, იჭრებიან მცენარეში ფესვებიდან და ფესვის ყელიდან. მცენარეში გამოყოფენ ტოქსინებს. როგორც ცნობილია, სოკოს მიერ გამოყოფილი ტოქსინები იწვევენ მცენარის უჯრედის ოსმოსური წნევის დარღვევას, მცენარის მოწამვლას და ჭურჭლების დაცობას, რაც, საბოლოოდ, იწვევს მცენარის ჭკნობა და ხმობას.
ასევე, გუმისებური ნივთიერების გამოყოფა აფერხებს საკვები ნივთიერების და წყლის მოწოდებას მცენარეში. მცენარის ქსოვილებში პათოგენის შეჭრისას, მცენარე პასუხობს მთელი რიგი ანატომიური და ბიოქიმიური პროცესების ცვალებადობით, რომლებიც ერთგვარ ბარიერს ქმნიან პარაზიტის წინააღმდეგ და აძნელებენ მის წინსვლას ქსოვილებში. რამდენადაც ეს რეაქციები ძლიერია, იმდენად მცენარე გამძლეა დაავადების მიმართ.
მიმდინარე 2021 წელს თხილის ვერტიცილიოზურმა ხმობამ მასობრივი სახე მიიღო დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში.
ჩვენ მიერ მცენარის დაავადებული ტოტებიდან, ნაყოფებიდან აღებულმა სინჯებმა გვაჩვენა, რომ სუფთა კულტურაში გამოყოფილი იქნა Verticillium-მის გვარის შემდეგი სახეობები: სოკო, რომელიც აავადებს 700-მდე ოჯახის წარმოდგენილ მცენარეს. სოკო ჩვენს მიერ გამოყოფილი იქნა თხილის მცენარის ფესვის ყელიდან, ღერო-ტოტებიდან და ნაყოფიდან. მცენარის ინფექცია ხდება მიკროსკლეროციების ან მიცელიუმის საშუალებით. ინფექციის საწყისი მცენარეულ ნარჩენებსა და ნიადაგშია, რომლებიც სიცოცხლისუნარიანობას სამ წლამდე ინარჩუნებენ.
თხილის ვერტიცილოზური დაავადების შესაზღუდად საჭიროა, ჩატარდეს შემდეგი ღონისძიებები:
მოსავლის აღების შემდეგ, დაიგეგმოს სანიტარულ-ჰიგიენური ბრძოლის ღონისძიება:
ძლიერ დაავადებული მცენარის ნარჩენების გატანა, ღერო-ტოტების მოჭრა და მისი დაწვა. ასევე, აუცილებელია, ამ ღეროებიდან ჩამოცვენილი ფოთლები, დაავადებული ბურჩხები გავიტანოთ ნაკვეთიდან და დავწვათ.
შემოდგომაზე, ფოთოლცვენის შემდეგ კი, მცენარეებს უნდა შევასხუროთ 3-4 პროცენტიანი რკინის შაბიამნის ხსნარი, ხავსებისა და მღიერების საწინააღმდეგოდ.
გვიან შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე თხილნარებში აზოტიანი, ფოსფორიანი, კალიუმიანი და მაგნიუმიანი სასუქი შევიტანოთ. ეს უნდა მოვახდინოთ ორ წელიწადში ერთხელ.
ასევე, აუცილებელია გვიან შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე თხილის მცენარის ირგვლივ 10-15 სმ სიღრმეზე მცენარეების შემობარვა. ამ დროს მავნე მიკროორგანიზმები ნიადაგის ღრმა ფენებში მოექცევა და იღუპება.
ნაყოფების გამონასკვისას და მომწიფებისას უნდა მოახდინოთ მცენარეების შესხურება ორგანულ-მინერალური სასუქით, იზაბიონით: ნაყოფის გამონასკვისას ერთ ჰა ფართობზე გამოიყენეთ სამი ლიტრის ოდენობით, ხოლო ნაყოფის მომწიფებისას იგივე ფართობზე _ ოთხი ლიტრი.
ვერტიცილოიზური ხმობის წინააღმდეგ კარგ შედეგს იძლევა სინთეზური მიკროელემენტები: Mg, Mn, Zn, Fe, Co, Cu და ნიტრილოტრი ძმარმჟავას შემცველი ხელატები.
იზაბიონი ზრდის მოსავლიანობას, აუმჯობესებს გამონასკვის პროცესს და ზრდის მცენარის გამძლეობას გვალვისა და დაავადების მიმართ!
თუ ამ მითითებებსა და რჩევებს თანმიმდევრულად და უკლებლივ გაითვალისწინებენ ჩვენი მეურნეები, მთლიანად დაამარცხებთ ყველაზე საშიშ დაავადებას _ თხილის ვერტიცილიოზურ ხმობას.
წყარო:გურიანიუსი