გია ვოლსკი ე.წ. თვითმფრინავის ბიჭებიდან ერთ-ერთის, მსახიობ გეგა კობახიძის დეიდაშვილია. ეს პირველი დიდი ტრაგედია იყო მის ცხოვრებაში, ამას მოჰყვა დუდუ დადიანის და ვაჟის ზუკას დაკარგვა…
გეგა კობახიძე
“შევარდნაძემ დიდი ბოროტება ჩაიდინა ჩემი ოჯახის მიმართ. გეგა კობახიძე ჩემი დეიდაშვილი იყო და რომ არა შევარდნაძის თავგამოდება, ის დღეს ცოცხალი იქნებოდა. არავის უთქვამს, რომ ამ ბიჭებს დანაშაული არ ჩაუდენიათ – ადამიანების სიცოცხლე ჩააყენეს საფრთხეში. შეიძლებოდა მსხვერპლი არც ყოფილიყო, დეიდაჩემი – ნათელა მაჭავარიანი და სხვების მშობლებიც იქ რომ ყოფილიყვნენ.. გეგა ჩემზე 3 წლით უმცროსი იყო, სულ ერთად ვიყავით. დროთა განმავლობაში შეგვეცვალა შეხედულებები, სამეგობრო წრე… გეგა ირაკლი ჩარკვიანთან მეგობრობდა, მერე გამოჩნდნენ ძმები ივერიელები, ისინი იდეურად ერთნი იყვნენ და თვითმფრინავშიც ერთად აღმოჩნდნენ. რა თქმა უნდა, ვიცოდი გეგას განწყობა…
გეგა შემოქმედებითი ადამიანი იყო, პოპულარული, იღებდნენ ფილმებში, სხვა წრეში, სხვა საზოგადოებაში ტრიალებდა….როცა გეგას დახვრეტა მიუსაჯეს, ყველაფერი თვალწინ დამიდგა, ჩვენი ბავშვობა – მის დაბადების დღეზე პატარები როგორ ვუშვებდით დიაფილმებს. მე უფროსი ვიყავი და მუდმივად ვმფარველობდი გეგას, ცელქი იყო ძალიან. ეს იყო დიდი ტრაგედია და ყველაფერს, რაც გამოვიარეთ, ერთი სიტყვით ვერ გადმოგცემთ. მერე ნათელა დეიდა რობიკო დადიანზე გათხოვდა და დუდუს ტრაგედია დაგვატყდა თავს. ნიუ-იორკში ვმუშაობდი იმ დროს, როცა დუდუ მოკლეს… როდესაც საქართველოში ჩამოვდიოდი, სულ ერთად ვიყავით, ვურთიერთობდით, როგორც ნამდვილი დეიდაშვილები. გეგა, დუდუ, ჩემი ვაჟი ზუკა… ჩემი ცხოვრების სამი დიდი ტრაგედია… ასეთია ცხოვრება”