დიახ, ყველამ ვიცით, რომ ტყუილი ცუდია. იმასაც ხშირად ვამბობთ, რომ ბავშვი არ უნდა მოვატყუოთ, რომ ყველა ბავშვი გრძნობს ტყუილს და ა.შ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველა ფსიქოლოგი ბავშვეთან მიმართებაში საყოველთაო სიმართლის მომხრე არ არის.
ბავშვთა ფსიქოლოგი, დოქტორი ელისონ მაკკლიმონტი დარწმუნებულია: არის რაღაცეები, რაზეც არათუ შეგიძლია, არამედ აუცილებლად უნდა იცრუო. მისი თქმით, ეს ისევ ბავშვის და მშობლის სასიკეთოდ იქნება.
აქ არის 9 ყველაზე გავრცელებული (მაგრამ ზოგიერთისთვის შესაძლოა, საკამათო) მომენტი, როდესაც ექსპერტი გვირჩევს, სიმართლის ნაცვლად „რაიმე სხვა“ მოვიფიქროთ.
1. „შენი ნახატი საოცრად ლამაზია“
მართლაც, ხომ არ ეტყვით თქვენს პატარას, რომ მისი ცხენი ჟირაფს ჰგავს ან მამამისი ნახატზე საერთოდ არ ჰგავს ადამიანს? მნიშვნელოვანია ძალისხმევის შექება და არა ფრთების ძირშივე შეჭრა. დიახ, ყველა ნახატი „შედევრი“ არ იქნება, მაგრამ თქვენი შექება შემოქმედებითობას უფრო მეტ სტიმულს მისცემს და ბავშვს გაუჩნდება ამ მიმართულებით განვითარების სურვილი.
„ხელოვნება პოზიტიური მცდელობაა და ყოველთვის უნდა წაახალისოთ, მიუხედავად იმისა, ჰგავს პიკასოს თუ არა. კრეატიულობის განვითარება ხელს უწყობს თავდაჯერებულობას, წარმოსახვას და თვითგამოხატვას“, – ამბობს ელისონი.
2. “მეც ვიძინებ“.
რუტინის სარგებელის შესახებ ყველამ ვიცით, მაგრამ ძალიან ხშირად ბავშვს არ უნდა ადრე დაძინება, რადგან ჰგონია, რომ მისი წასვლის შემდეგ ოჯახი კიდევ დიდხანს იქნება ფეხზე და უიმისოდ „გაერთობა“. საერთოდაც, დედა და მამა თუ არ იძნებენ, მან რატომ უნდა დაიძინოს?
„ბავშვებისთვის რთულია იმის გაგება, თუ რატომ შეუძლიათ უფროსებს უფრო გვიან დაძინება. ისინი ვერ აღიქვამენ ინფორმაციას ბიოლოგიურ საათსა და სხეულის აღდგენის სიკეთეზე. ამიტომ, ჯობია, მოიტყუოთ. აჩვენეთ, რომ თქვენც აპირებთ დაძინებას. ბავშვს გული აღარ დაწყდება და წინააღმდეგობას აღარ გაგიწევთ“, – ამბობს ფსიქოლოგი.
3. “ყველაფერი, რასაც სკოლაში გასწავლიან, აუცილებელია“
ეს, ძირითადად, ძნელი დასაჯერებელია. იშვიათად, რომ ჰუმანიტარს ცხოვრებაში გეომეტრია დასჭირდეს, ხოლო ბირთვულ ფიზიკოსს საშუალ-ვნებითი და საშუალ-მოქმედებითი გვარის ერთმანეთისგან გამიჯვნა.
მაგრამ, პირველ რიგში, იმისათვის, რომ ბავშვმა გაიგოს, რისი კეთება სურთ ცხოვრებაში, ყველა სფეროში ცოდნის მინიმალური საფუძველი მაინც უნდა მიიღოს. მეორეც, საგანმანათლებლო სისტემის რეალობა ისაა, რომ ქულებს საბოლოო ჯამში მნიშვნელობა აქვს. და მესამე, ფსიქოლოგის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია სიყვარული და სიბეჯითე თავად სასწავლო პროცესის მიმართ.
4. „ Xbox-ის თამაში საღამოს 8 საათის შემდეგ აკრძალულია“
შეიძლება გაიცინოთ, მაგრამ ეს ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო მოტყუებაა თანამედროვე სამყაროში. გაჯეტების გამო ბავშვები სხვა საინტერესო აქტივობებით აღარ ინტერესდებიან, უარს ამბობენ ძილზეც. ასე რომ, ონლაინ თამაშებისთვის „კომენდანტის საათის“ გამოგონება აუცილებელია.
5. “ეს ნამცხვარი საერთოდ არ არის გემრიელი, დარწმუნებული ხარ, რომ ნაჭერი გინდა?”
მოტყუების ამ ვერსიას ფსიქოლოგიც ამართლებს. „ყველა ბავშვს არ შეუძლია ინფორმირებული არჩევანის გაკეთება, როდესაც საქმე გემრიელ ტკბილეულს ეხება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ხელი შევუწყოთ მოზარდებმა დაბალანსებულ კვებას“, – ამბობს ექსპერტი.
6. “მანქანა არ დაიქოქება, სანამ ყველას ღვედს არ გაიკეთებს.”
ეს ტყუილი ბავშვებს მანქანის უსაფრთხოების წესებს შეაჩვევს. დროთა განმავლობაში ღვედის ტარება ჩვევად იქცევა.
7. “გაყინულს ვერ ვუყურებთ… ელზა და ანა შვებულებაში არიან.”
თუ ისინი ერთი და იგივე ფილმის ან მულტფილმის მეთხუთმეტე ყურებას ითხოვენ და საათობით სხედან ტელევიზორთან, სავსებით შესაძლებელია, უარი მიიღონ.
ფსიქოლოგის თქმით, ტელევიზორთან ჯდომის ნაცვლად, ჯობია ბავშვს ისეთი საქმიანობისკენ უბიძგოთ, რომელიც გაუნძრევლად ჯდომას კი არა, აქტიურ მოძრაობას აიძულებს.
8. „შეუძლებელი არაფერია, ყველაფერს მიაღწევ, რასაც მოინდომებ“
დიახ, ეს არ არის მთლად რეალისტური განცხადება, მაგრამ ასეთი შთამაგონებელი ფრაზა ბავშვებს ძალისხმევისა და მიზნების მისაღწევად უბიძგებს.
”სტატისტიკურად რომ ვთქვათ, ყველაფერი შესაძლებელია. ასეთი ტყუილები ხელს უწყობს მოტივაციას, თავდაჯერებულობას, საკუთარი თავის რწმენას და, რაც მთავარია, ნებისყოფას“, – ამბობს ელისონი.
9. “თუ კბილებს არ გაიხეხავ, დაგცვივდება”
პრინციპში, ამაშიც არის გარკვეული სიმართლე. რა თქმა უნდა, ისინი ღამით არ ამოვარდებიან, მაგრამ თუ კბილებს არ მოუვლით, ადრე თუ გვიან, შეიძლება, დაკარგოთ ისინი.
”ბევრად მნიშვნელოვანია, რომ ვაიძულოთ ჩვენს შვილებს კბილების ხეხვა ჩვევაში გადაეზარდოთ, ვიდრე ვიდრე ტყუილის თქმაზე ვინერვიულოთ”, – ამბობს ელისონი.
წყარო:მშობლები