ექიმი დერმატოლოგი ზაზა თელია გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” ბავშვის სიმაღლეში ზრდაზე საუბრობს, ასახელებს 4 ყველაზე ზუსტ ფორმულას, რომელთა დახმარებითაც შეგიძლიათ, წინასწარ განსაზღვროთ, დაახლოებით, რა სიმაღლის გაიზრდება ბავშვი და აღნიშნავს გავრცელებული მითების შესახებაც:
– ყველა მშობელს სურს, რომ მისი შვილი ტანადი, მაღალი იყოს. თუმცა, ეს, უპირატესად, გენეტიკაზეა დამოკიდებული. სხვადასხვა მითია გავრცელებული. ხშირ შემთხვევაში, მშობლები თავს იტყუებენ, ბავშვსაც შეიძლება, მისცენ ისეთი ინფორმაცია, რომ რაიმეს თუ შეასრულებს, სიმაღლეში გაიზრდება, მაგრამ მათი უმეტესი ნაწილი მცდარია. ბავშვის სიმაღლე გენეტიკურად დეტერმინირებულია, ანუ ის უპირატესად მშობლების სიმაღლეზეა დამოკიდებული. თუმცა, შესაძლებელია, სხვა ახლო ნათესავების სიმაღლეც გასათვალისწინებელი იყოს. მაგალითად, ბაბუის, ან ბებიის სიმაღლეზე იყოს დეტერმინირებული. გვინახავს დაბალი მშობლები და ბავშვი გამოთვლილი ფორმულებით ბევრად მაღალია, ესე იგი, მას სხვა ახლო ნათესავისაგან აქვს დეტერმინირებული.
ოთხი ყველაზე ზუსტი და გამოყენებადი მეთოდი არსებობს, რომლებითაც შესაძლებელია, ბავშვის სიმაღლე გამოვთვალოთ:
პირველი, ყველაზე მარტივია და 2×2 მეთოდი ჰქვია – ბიჭების შემთხვევაში, 2 წლის ასაკში გაზომილი სიმაღლე უნდა გავამრავლოთ ორზე. გოგონების შემთხვევაში, 1,5 წლის ასაკში გაზომილი სიმაღლე უნდა გავამრავლოთ 2-ზე. ეს ადამიანის მაქსიმალური სიმაღლე იქნება. მაგალითად, თუ 2 წლის ასაკში ბიჭის სიმაღლე 90 სანტიმეტრია, უნდა გავამრავლოთ 2-ზე და სავარაუდოდ, 180 სანტიმეტრამდე გაიზრდება. ფორმულა ამას ასახავს და გარკვეული ტიპის სამეცნიერო მტკიცებულებებზეა დამყარებული. არ არის სულ ზუსტი, მაგრამ ეს ოთხი მეთოდი, სხვებთან შედარებით, ყველაზე სარწმუნოდ ითვლება.
მეორე მეთოდი ყველაზე ზუსტად ითვლება. მას კამის-როშეს მეთოდი ჰქვია და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ინტერნეტში მოიძიოს. ბიჭის შემთხვევაში სხვა ფორმულაა, გოგონას შემთხვევაში – სხვა.
მესამე მეთოდს საშუალო პარენტული მეთოდი ჰქვია – დედის სიმაღლეს + მამის სიმაღლე, გაყოფილი ორზე. გოგონების შემთხვევაში, იმ ციფრს, რასაც მივიღებთ, გამოვაკლებთ 6, 35 სანტიმეტრს. ბიჭების შემთხვევაში, 6,35 სანტიმეტრს მივუმატებთ.
მეოთხე მეთოდს ექიმები და ენდოკრინოლოგები ხშირად იყენებენ – ეს ძვლის ასაკის მეთოდია. ამ შემთხვევაში, ბავშვის მარცხენა მაჯის რენტგენოგრაფია ხდება. გოგონებში 12-16 წლის ასაკში მაჯის ძვალში ცვლილებები ჩერდება. ბიჭების შემთხვევაში – 14-19 წლის ასაკში. ამით შეიძლება, სხვადასხვა ტიპის პათოლოგიაც დადგინდეს: თირკმელზედა ჯირკვლის პრობლემები, ზრდის ჰორმონის დეფიციტი, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, რა ენდოკრინულმა პრობლმებმაც შეიძლება, ადამიანის სიმაღლეზე გავლენა მოახდინოს. მაგალითად, თუ ზრდის ჰორმონის დეფიციტი გვაქვს, ეს ბავშვის სიმაღლეზე ზეგავლენას მოახდენს და არ უნდა გამოგვეპაროს.
ემოციურ ფაქტორები, კვებისა და ძილის ნაკლებობა, როგორც წესი, სიმაღლეში ზრდას ხელს არ უშლის.
ფიზიოლოგიურად ორგანიზმში ჰორმონების სწორ მუშაობას, მეტ-ნაკლებად ბალანსირებული კვება, ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი ცხოვრების წესი სჭირდება. მაგრამ, ადამიანმა რაც არ უნდა ბევრი ჭარხალი და სტაფილო მიიღოს, ეს დეტერმინირებულ სიმაღლეზე გავლენას ვერ მოახდენს. ისევე, როგორც სპორტი. მოსაზრება, რომ თუ ბავშვს კალათბურთზე შევიყვანთ, ის სიმაღლეში მოიმატებს, მითია. ცურვაზე, იოგაზე იგივე შეიძლება ითქვას. სპორტს სიმაღლეზე ზეგავლენის მოხდენა, პრაქტიკულად, არ შეუძლია. შესაძლებელია, მაქსიმუმ, 1-2 სანტიმეტრით შეცვალოს.
ის მოსაზრება, რომ სიმაღლეში ზრდა მომწიფების ასაკში მთავრდება, მითია. სიმაღლეში ზრდა, უპირატესად, გარდატეხის ასაკში ხდება. თუმცა, გარდატეხის ასაკის შემდგომაც, ადამიანმა შესაძლებელია, 3-4-5 სანტიმეტრით მოიმატოს. ბიჭების შემთხვევაში, ეს ასაკი კიდევ უფრო გადაწეულია.
მოსაზრებას, რომ მშობიარობის შემდეგ ქალი 2-3 სანტიმეტრით იზრდება სიმაღლეში, შესაძლოა, მითი დავარქვათ იმიტომ, რომ მსგავსი ტიპის სამეცნიერო მტკიცებულება არ არსებობს.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ სხვადასხვა ტიპის საკვები დანამატი, ვიტამინები, რომლებსაც ხშირად მშობელი შვილებს აძლევს. ფიზიოლოგიურად, სამწუხაროდ, ვიტამინებს არანაირი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია ჩვენს სიმაღლეზე. ვიტამინს სიმაღლეში ზრდაზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია. ასეთი ვიტამინი არ არსებობს.
თუ ენდოკრინული დაავადებები არ არსებობს, დანარჩენ შემთხვევაში, სიმაღლეზე ზეგავლენის მოხდენა არაფერს შეუძლია.