1990 წლის 28 ოქტომბერს, საქართველოში პირველი დემოკრატიული და მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა.
ზვიად გამსახურდიას ინიციატივით, 1989 წლის დამლევს შექმნილმა გაერთიანებამ – პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების “მრგვალმა მაგიდამ” – შეძლო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს 1990 წლის მარტის კომუნისტური არჩევნების ჩაშლა და მიაღწია იმავე წლის 28 ოქტომბრისთვის პირველი მრავალპარტიული საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას.
არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და ორგანიზაციებს არეგისტრირებდა არა საბჭოთა ხელისუფლება, არამედ პარიტეტულ საწყისებზე არჩეული ცენტრალური საარჩევნო კომისია. ამასთან, საბჭოთა იმპერიაში პირველად, არჩევნებს ზედამხედველობას უწევდნენ უცხოეთიდან ჩამოსული საერთაშორისო დამკვირვებლები.
საქართველოს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 3 444002. 28 ოქტომბერს საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2 406742-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 69, 88 პროცენტია. ხმის მიცემაში მონაწილეობა მიიღო 2 311923 ამომმრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 67, 13 პროცენტია.
მაჟორიტარული სისტემით 28 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში დეპუტატების მანდატის მფლობელი გამოვლინდა 57 ოლქში, ხელახალი ხმის მიცემა დაინიშნა 59 ოლქში, არჩევნების მეორე ტური კი 7 ოლქში. ორ ოლქში აუცილებელი შეიქმნა ხელახალი არჩევნების ჩატარება.
11 ნოემბერს 59 ოლქში ჩატარდა ხელახალი კენჭისყრა და ყველგან გამოვლინდა გამარჯვებული, არჩევნების მეორე ტური ჩატარდა 7 ოლქში, გამარჯვებული გამოვლინდა 5 ოლქში, ხოლო 2 – ში საჭიროა ხელახალი არჩევნების ჩატარება. ამრიგად საქართველოს უზენაეს საბჭოში არსებული 259 სადეპუტატო ადგილიდან უკვე დაკავებულია 246,. რაც პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს შორის ასე გადანაწილდა:
მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველო – 155;
კომპარტია – 64;
სახალხო ფრონტი – 12;
დემოკრატიული საქართველო – 4;
რუსთაველის საზოგადოება -1;
განთავისუფლება და ეკონომიკური აღორძინება – 1;
დამოუკიდებელი კანდიდატი – 9.
1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებს ერქვა “საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს არჩევნები” (ამოღებულია სსრ) და არა – “საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს არჩევნები”, რაც მიღწეული იყო ეროვნული ძალების მიერ მრავალდღიანი აქციების შედეგად.
საქართველოს უზენაესი საბჭოს 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნები იყო საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ჩატარებული პირველი დემოკრატიული, მრავალპარტიული, თავისუფალი არჩევნები, რომლის მონიტორინგს მსოფლიოს მრავალი სახელმწიფოს ასობით მეთვალყურე ეწეოდა.
გამარჯვებული “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს” პოლიტიკური მიზანი იყო ჯერ დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება, შემდეგ კი, ამ რეფერენდუმზე დაყრდნობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დეკლარაციის მიღება.
საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე (1990 წლის 14 ნოემბერი) უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს ზვიად გამსახურდია. ამ მოვალეობას ის 1991 წლის მარტამდე ასრულებდა. აღნიშნული სესიის გადაწყვეტილებით, ქვეყანას ეწოდა “საქართველოს რესპუბლიკა”, აღდგა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) სახელმწიფო ატრიბუტიკა (დროშა, გერბი და ჰიმნი). ამასთან, დამოუკიდებლობის აღდგენამდე გამოცხადდა გარდამავალი პერიოდი.