მწერალმა გიორგი კეკელიძემ დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, გადაწყვიტა ჩვენთვის გაეზიარებინა ამბავი, რომელიც მის ცხოვრებაში ერთ-ერთი უმთავრესია:
“ერთი თვის ვიყავი, რაღაც ინფექცია შემეყარა და განკურნება იოლი ვერ აღმოჩნდა. გავიდა თვეები. სად არ ირბინეს, ვინ აღარ შეაწუხეს. ამაოდ.
1984 წელი იდგა. უკვე ფრთხილად, მაგრამ მაინც ჩანდნენ მორწმუნე ადამიანები და მათ შორის იყო ჩემი ნათესავი – ლია. მან დედაჩემს უთხრა, მოვნათლოთ მაინცო და რადგან მთლად საამაყო საქმედ ეს არ ითვლებოდა, შესაბამისად – ნათლიასაც ძებნა უნდოდა, მანვე აიღო თავზე. წამომიყვანეს თბილისში და ქაშვეთში მომნათლეს. მეორე თუ მესამე დღეს მოვრჩი.
ამაზე არასდროს დამიწერია. პირველი, იმიტომაც რომ ღმერთთან დაკავშირებული ამბებით საჯაროდ კეკლუცობა, ,,გაჭრილ პამიდორზე რაღაც გამოისახა, გააზიარეთ – ამინ” და სხვა მსგავსი ამბები მავნებელ საქმედ მიმაჩნია, პირველ რიგში, სწორედ მორწმუნეთათვის.
მეორეც – ფარისევლობა მძულს და მე კი – სამწუხაროდ, დიდად მორწმუნე ადამიანი ვერ გახლავართ. თუმცა ეს ამბავი ნამდვილად მოხდა. მოხდა და მას მერე ჩემს ოჯახში ეს დღე ჩემი გადარჩენის დღედ მოიხსენიება. მას, მერე, რაც მობილურის საქმე შეისწავალა, დედაჩემი წინა ღამით აუცილებლად მწერს – ,,გიორგი, ხვალ შენი გადარჩენის დღეა, ხორცი არ შეჭამო და პირჯვარი გადაიწერე…” და მეც ვასრულებ.
დიდხანს ვფიქრობდი, დამეწერა თუ არა ეს ამბავი, სწორედ საჯარო რელიგიური კეკლუცის შიშის გამო. მაგრამ ერთი დღის დაგვიანებით გადავწყვიტე. მწერალი ვარ, მწერლები კიდევ ასეთი ხალხი ვართ, ამბებს ვერ ვითმენთ.
ნათლისღებას გილოცავთ!”