მზესუმზირასა და სხვა მცენარეთა თესლს სამართლიანად შეიძლება, ვუწოდოთ ვიტამინებისა და მინერალების ბუნებრივი წყარო. მათში ბევრია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება და მცენარეული ცხიმი, ამიტომ აქვთ მაღალი ენერგეტიკული ღირებულება.
მზესუმზირას თესლი ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავს ფიტოსტერინს, რომელსაც აქვს ქოლესტერინის დონის გაკონტროლების უნიკალური თვისება.
მაგნიუმის მაღალი შემცველობის გამო მზესუმზირა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის უებარია. ამას გარდა შეიცავს თუთიას, იოდს, სელენს, კალიუმს, ფოსფორს, რკინას. მზესუმზირა აფერხებს დაბერების პროცესს. მასში შემავალი პოლიგაჯერებული ცხიმოვანი მჟავები სასარგებლოა კანისა და თმისთვის.
A და B ჯგუფის ვიტამინების წყალობით, მზესუმზირას ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს. ის გვიცავს ათეროსკლეროზისგან და სიმსივნეებისგან. დადებითად ზემოქმედებს მხედველობაზე, გაუჯერებელი ცხიმმჟავების გამო მოუხალავი მზესუმზირა შესანიშნავია ფრჩხილებისა და თმის მტვრევადობის სამკურნალოდ.
მზესუმზირას მარცვლები მადას აქვეითებს. ამიტომ ის აქტიურად გამოიყენება ზოგიერთ გასახდომ დიეტაში, მაგრამ მაღალი კალორიულობის გამო – ზომიერად. მზესუმზირას ცხიმოვანი მჟავები ადამიანის ორგანიზმში მნიშვნელოვანია ნივთიერებათა ცვლისთვის. ისინი წვავენ ცხიმოვან უჯრედებს.
მზესუმზირას მარცვლების ქერქი მოუხალავ მდგომარეობაში შესანიშნავად ინარჩუნებს ორგანიზმისთვის საჭირო მიკროელემენტებს — იოდს, რკინასა და მაგნიუმს, რაც აუცილებელია გულის სტაბილური მუშაობისთვის და სისხლძარღვების შლაკებისა და ტოქსინებისგან გასაწმენდად. თუ ზამთარში კვირაში ერთხელ მოუხალავი მზესუმზირას გულებს მიირთმევთ, ორგანიზმში ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების მოთხოვნილება სრულად დაკმაყოფილდება.
მზესუმზირა კარგი დამამშვიდებელი და ანტიდეპრესანტია.
მზესუმზირას ფესვებსაც აქვს სასარგებლო თვისებები. მას ეფექტურად გამოაქვს კენჭები თირკმელებიდან, ნაღვლის ბუშტიდან, ხსნის მარილების დაგროვებას სახსრებში, აქვეითებს მაღალ არტერიულ წნევას, აუმჯობესებს სმენასა და მხედველობას, კარგია თავბრუდახვევის, გულისა და თავის ტკივილის დროს.
მზესუმზირას თესლი ხელს უწყობს კუჭის მჟავა-ტუტოვანი ბალანსის ნორმალიზებას. ამიტომ, ბევრი ექიმი ურჩევს მას პაციენტებს, რომლებსაც გულძმარვა აწუხებთ.
მზესუმზირა ძალიან კალორიული პროდუქტია, ამიტომ უმჯობესია არ შეიძინოთ ის გარჩეული სახით. ასე გაცილებით მეტს შეჭამთ. ამას გარდა, გაფცქვნილ მდგომარეობაში მასში სწრაფად ხდება ნაჯერი ცხიმების დაჟანგვა. ექიმები რეკომენდაციას გვიწევენ, ყოველდღიურად მივირთვათ 50-100 გრამამდე აღნიშნული პროდუქტი. ყველაზე სასარგებლოდ ითვლება უმი მზესუმზირას თესლი.