დედამიწაზე სამი რამ არის მთავარი: „სიყვარული, სიკეთე და სილამაზე“… დიახ, სიკეთეს დიდი ძალა აქვს. ერთი ადამიანის ქველმოქმედება სხვას სიკეთის კეთების სურვილს უღვიძებს…
სოციალურ ქსელში ერთი უცნობი ისტორია გავრცელდა, სადაც ფარმაცევტი მოხუცს ძვირადღირებულ წამას ჩუქნის.
ჰო, ეს ნამდვილად დიდი სიკეთეა, რადგან ამ ფარმაცევტმა იცოდა, წამალი გულის იყო და მოხუცს აუცილებლად დასჭირდებოდა.
„დღე ძალიან ემოციურად დაიწყო და მინდა, რომ თქვენც გაგიზიაროთ.
მჯერა, რომ პატარა კარგი ამბები დიდ და საოცარ ცვლილებებს ახდენს.
ერთი საათის წინ აფთიაქში ჩავედი (მანამდე მაღაზიაში ვიყავი), რა თქმა უნდა, რიგი იყო. წესისამებრ ერთმანეთისგან მოშორებით ვიდექით 3 ადამიანი, დანარჩენი გარეთ იცდიდა.
სალაროსთან მოხუცი კაცი მივიდა, ხელჯოხით და ნაჭრის ხელჩანთით. ისე მოხდა, რომ ჩამოთვლილი წამლებიდან ერთი არ ფინანსდებოდა. სალაროსთან მდგარმა ქალმა რომ უთხრა ფასი 45 ლარიაო, კაცი შეცბა.
– აღარ მინდა მაშინ, შვილო… მაგდენი არ მაქვსო – უთხრა და ხელი ჩაიქნია.
– აიღეთ, ბაბუ – მიმართა ისევ ქალმა. – გთხოვთ, საახალწლო საჩუქარი იქნება ჩემგან – და არ მოეშვა სანამ მოხუცმა წამალი არ გამოართვა.
კაცი მოტრიალდა, თვალები ამღვრეული ჰქონდა, ჯერ კიდევ გაკვირვებული იყო და ყველას გაოცებულმა შემოგვხედა.
ნელი ნაბიჯით გასასვლელი კარისკენ გაემართა.
ჩემი რიგიც მოვიდა. სალაროს მივუახლოვდი და მეორე კონსულტანტი ეკითხება ამ ქალს:
– რატომ გაატანე წამალი?
– ჩემი ფულიდან დავდებ. გულის წამალი იყო და სჭირდება. სულ ყიდულობს ამ წამალს ეგ კაცი, ყოველ თვე.
არ ვიცი, ასეთ რამეს პირველად შევესწარი. ადვილი არ არის, განსაკუთრებით ამჟამინდელ სიტუაციაში, რომ 45 ლარი სხვის საჭიროებას მოახმარო, მაშინ როდესაც,სავარაუდოდ, შენც გყავს ოჯახი და ათასი საზრუნავი გაქვს.
იმდენად გავვოცი ამ ქალის ქმედებით, იმდენად დიდი სიხარულით და სითბოთი ამევსო გული, რომ მეც გამიჩნდა სურვილი რაღაც კარგი გამეკეთებინა.
სიკეთე გადამდებიაო, ამბობენ. მაღაზიაში ნაყიდი შოკოლადის შეფუთვა ქალს გავუწოდე და ახალ წელს მოგვიანებით გილოცავთ, გთხოვთ, გამომართვით-მეთქი ვუთხარი ბოლოს, ჩემი შენაძენი ქაღალდის შეფუთვაში რომ ჩადო და წამოვედი.
მიხარია, რომ ისევ არსებობენ ადამიანები, რომელთაც სხვაზე ზრუნვა შეუძლიათ.
ადამიანები, რომელნიც ლამაზ ნაკვალევს ტოვებენ და ვიღაცას სიცოცხლეს ულამაზებენ თავიანთი ქმედებებით.
ასეთი ადამიანები ყველაფერს ცვლიან, აბსოლუტურად ყველაფერს“,- წერს კარგარეთელი.