“ფილმი ,,უდიპლომო სასიძო” ეკრანებზე რომ გამოვიდა, მამაზე ნაწყენი ვიყავი. სკოლაში ამხანაგები დამცინოდნენ, მამაშენი ღორებს კოცნისო. სახლში ატირებული მივედი და მამას საყვედური ვუთხარი, ამ ფილმში რატომ ითამაშე-მეთქი. მომეფერა და მითხრა, იცი, რამდენი ფული მომცეს ამ როლშიო. მაშინ მსახიობებს ძალიან უჭირდათ, ავეჯიც არ გვქონდა. ,,აკაკის აკვანი” რომ გადაიღეს, ნატო ვაჩნაძემ ყავის სერვიზი შეიძინა და მამასაც აყიდვინა. იმ სერვიზს დედა ფეხსაცმლის ყუთში ინახავდა.
,,უდიპლომო სასიძო” რომ გადაიღეს, სანამ ეკრანებზე გავიდოდა, მოსკოვში წაიღეს და იქ უჩვენეს. ნიკიტა ხრუშჩოვს ისე მოსწონებია, იმდენი უცინია, რომ კინაღამ სკამიდან გადავარდნილა. მისივე ბრძანებით, ყველა მსახიობს, ვინც ამ ფილმში იყვნენ დაკავებული, ძალიან დიდი პრემია გამოუწერეს. ამ ფულით დედა მოსკოვში წავიდა და ავეჯი შეიძინა, ბავშვებსაც რაღაცები გვიყიდა…
მამაჩემი თავის გმირებს ჰგავდა, მხიარული და ალერსიანი იყო. მისთვის შური და ღალატი მიუღებელი იყო. უანგაროდ შეეძლო ადამიანის დახმარება. ერთხელ მაღაზიაში ვიღაც ქალი ატირებული დაინახა და დახმარება შესთავაზა. ქალმა უთხრა, რომ მისი შვილი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იწვა, მაგრამ წამლებს არ აძლევდნენ. მეორე დღეს მამამ ის ქალი ჯანდაცვის მაშინდელ მინისტრთან შეიყვანა და მინისტრს უთხრა, რომ მისი ახლობელი იყო. იმ ქალის შვილს წამლებიც მისცეს და ყველანაირად დაეხმარნენ. განაგრძეთ კითხვა
წყარო – ,,სარკე”