თამრიკო ჭოხონელიძე 18 იანვარს 57 წლის გახდა. ასაკს არ მალავს. ამბობს, რომ 18 და 19 იანვარი მისთვის ძვირფასი რიცხვებია, ნათლისღებას მოინათლა და ამ დღეებით გამოწვეულ მამის სიხარულს, დღემდე იზიარებს…
დების გარდა, დაბადების დღის მისალოცად ორი ბავშვობის მეგობარი ესტუმრა, მაია ჯაბუა და ეკა კახიანი. დეტალებზე იუბილარი თავად გვიამბობს.
თამრიკო ჭოხონელიძე: – მიუხედავად იმისა, რომ ასაკი მემატება, მაინც შემართული ვხვდები 18 იანვარს. ეს დღე მამაჩემს ისე უხაროდა, რომ მის ამ სიხარულს ვერ ვღალატობ და ამ ტრადიციას ვაგრძელებ. მადლობა მშობლებს, რომ ამქვეყნად მომავლინეს.
ასაკს ვამხელ, როგორ არა? 1964 წელს ვარ დაბადებული. 57 წლის გავხდი. 25-30 წლის ასაკში სრულყოფილად ჩამოვყალიბდი და სამყაროსთან ჩემი დამოკიდებულება, ამ ასაკში განმიმტკიცდა. მას შემდეგ არაფერი შეცვლილა გამოცდილების მიღების გარდა. ბევრი კარგიც და ცუდიც მოხდა ჩემს ცხოვრებაში და ამან, გარკვეულად, მასწავლა ნაბიჯების სხვაგვარად გადადგმა.
წლებს მოაქვს კარგიც და ცუდიც. და იმის გაცნობიერება, რა მალე გადის წლები… და რამდენად მოსაფრთხილებელია ყოველი დღე, საათი და წუთი. ამას ადრე ვერ ვაცნობიერებდი. ახლა ვცდილობ, არ დავკარგო არც ერთი წუთი.
57 რომ შემობრუნდება და 75 წლის რომ გავხდები (თუ ცოცხალი ვიქენი), იმედი მაქვს “პრაიმტაიმი” ისევ თავის სიმაღლეზე იქნება და კიდევ მომილოცავს დაბადების დღეს, აი, მერე უკეთ გეტყვით, რა მოაქვს წლებს.
დედაჩემისთვის დღესაც არ ვარ დაბრძენებული. ფიქრობს, რომ ყველაფერი ისე მიმაქვს გულთან, რომ ჩემს ჯანმრთელობას არ ვუფრთხილდები. ეს არის მისი დიდი სადარდებელი. ჰგონია, რომ ზედმეტად გულუბრყვილო ვარ. ვუმტკიცებ, რომ აღარ ვარ გულუბრყვილო. წლებმა მოიტანა ის, რომ ადამიანების ნდობა დაკარგული მაქვს. კიდევ იმაზე ნერვიულობს, რომ ამდენჯერ არასამართლიანად განმიკითხეს.
მე კი ვგრძნობ, რომ სიკეთე ასმაგად მიბრუნდება. მადლობა განგებას. ასევე მიბრუნდება სიყვარულიც. ამიტომ ვამბობ, ვერანაირი სიბრიყვე ვერ მომერევა-მეთქი.