თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი ამბობენ, რომ საქმეში გამოჩნდა ახალი მოწმე, რომელიც მკვლელობის ვერსიას უტყუარად ადასტურებს. საუბარია ერთ-ერთ რაიონში მცხოვრებ 21 წლის გოგოზე, რომელმაც ბაჩალიაშვილის დედას, თეონა თამაზაშვილს სატელეფონო მიმოწერის სქრინები გაუგზავნა და ირწმუნება, რომ ეს მიმოწერა, მასსა და თამარ ბაჩალიაშვილს შორის საუბარს ასახავს.
„მე თუ რამე დამემართა, დედაჩემს გვერდით დაუდექი და შენ მიხედე. წავშლი შენს ესემესებს, არ მინდა გაიგონ, რომ მიცნობ და საფრთხეში ჩაგაგდო“ – ე.წ. ახალი მოწმე ირწმუნება, რომ ამ და სხვა სახის მიმოწერა ჰქონდა თამარ ბაჩალიაშვილთან.
ფაქტს პროკურატურაც გამოეხმაურა, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის საქმე ჯერ კიდევ 17 დეკემბერს დახურა და არსებული მტკიცებულებების საფუძველზე განაცხადა, რომ ახალგაზრდა პროგრამისტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
პროკურატურაში ამბობენ, რომ ზემოხსენებული მოწმის მიერ თეონა თამაზაშვილისთვის გადაცემული მიმოწერა, სავარაუდოდ, ფალსიფიცირებულია, თავად მოწმეს კი ფსიქიკური პრობლემები აქვს.
„პრაიმტაიმმა“ მოიპოვა ექიმ-ფსიქიტრის მიმართვა, რომელიც ჯერ კიდევ 2019 წლის 30 ივლისით თარიღდება და სადაც საუბარია იმაზე, რომ გოგონა 15 წლის ასაკიდან მართლაც ფსიქიატრიულ აღრიცხვაზე იმყოფება.