აღმოსავლეთმცოდნე, ექსპერტი ზურაბ ბატიაშვილი სოციალურ ქსელში „ჰესბოლას“ შესახებ პოსტს აქვეყნებს.
„რას წარმოადგენს „ჰესბოლას“ ორგანიზაცია?
„ჰესბოლა“ (არაბულად „ჰიზბუ’ლ-ლაჰ“, რაც „ალაჰის პარტიას“ ნიშნავს) ლიბანური შიიტური სამხედრო და პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელსაც ჰასან ნასრალა ხელმძღვანელობს.
„ჰესბოლა“ ლიბანის სამოქალაქო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა. მასზე თავიდანვე დიდი იყო ირანის გავლენა (სახელი „ჰესბოლაც“ ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ხომეინის შერჩეულია).
მას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს ისრაელი, აშშ და კანადა. მისი შეიარაღებული ფრთა ტერორისტულ დაჯგუფებად მიჩნეულია დიდ ბრიტანეთში, ავსტრალიასა და ეგვიპტეში.
საინტერესოა, რომ რუსეთი „ჰესბოლას“ არ მიიჩნევს ტერორისტულ ორგანიზაციად და მას „ლეგიტიმურ სოციალურ-პოლიტიკურ ძალას“ უწოდებს.
ორგანიზაცია სხვადასხვა წლებში ებრძოდა ისრაელსა და სამხრეთ ლიბანის არმიას. ასევე მონაწილეობას იღებდა ბოსნიის ომში.
მისი ძირითადი დასაყრდენი ლიბანში მცხოვრები შიიტები არიან. მონაწილეობას იღებს ლიბანის არჩევნებში. 2008 წელს სხვა პარტიებთან ერთად ჩამოაყალიბა ლიბანის მთავრობა, სადაც 11 მინისტრი (30-დან) „ჰესბოლას“ წევრი იყო.
„ჰესბოლა“ ლიბანის შიგნით აკონტროლებს ძირითადად შიიტებით დასახლებულ ტერიტორიებს, რომლებიც აღნიშნულია აქ მოტანილ რუკაზეც. მათ შორის ორგანიზაციის კონტროლქვეშაა ისრაელის საზღვართან მდებარე სამხრეთ ლიბანი, რაც „ჰამასს“ უნიკალურ პოზიციაში ამყოფებს.
ორგანიზაცია 2012 წლიდან ჩაერთო სირიის სამოქალაქო ომში და დიდი როლი შეასრულა ასადის რეჟიმის გადარჩენის საქმეში. პარალელურად, იბრძოდა ერაყშიც. იგი დღემდე აქტიურად ებრძვის სუნიტურ ჯიჰადისტურ ორგანიზაციებს სირიაში. შესაბამისად, მას დიდი (11 წლიანი) საბრძოლო გამოცდილება გააჩნია.
საინტერესოა, რომ „ჰესბოლა“ ლიბანის არმიაზე უფრო ძლიერია. ორგანიზაციის ლიდერის ნასრალას მიერ 2021 წელს გაკეთებული განცხადების მიხედვით, მის რიგებში 100 000 მებრძოლი ირიცხება (მაშინ როცა, ლიბანის შეიარაღებული ძალები 95 000 სამხედროსგან შედგება).
ამიტომ მას ხშირად უწოდებენ „სახელმწიფოს სახელმწიფოში“, რომელიც წარმოდგენილია ხელისუფლებაშიც, აქვს საკუთარი ტელე-რადიო მაუწყებლობა, სოციალური სამსახურები და ა.შ.
თავად ორგანიზაციის განცხადებებით, „ჰესბოლა“ არ არის ანტისემიტური იდეოლოგიის მატარებელი. თუმცა, მისი ლიდერების გამოსვლებში ისრაელი მოიხსენიება როგორც „სიონისტთა დანაშაულებრივი წარმონაქმნი“, ხოლო „ჰესბოლას“ 1985 წლის მანიფესტის არაბულ ვერსიაში ნათქვამია, რომ ორგანიზაცია ბრძოლას გააგრძელებს მანამ, სანამ ისრაელი არ განადგურდება.
2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ (რომელიც სამხედრო თვალსაზრისით „ჰესბოლაზე“ გაცილებით სუსტია) მიერ ისრაელზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შემდეგ მთელი ყურადღება მიმართულია „ჰესბოლას“ მიმართ. სწორედ ამ ორგანიზაციის შემდგომი ქმედებები გადაწყვეტს, ეს კონფლიქტი დიდი ომში გადაიზრდება თუ ლოკალური (ისრაელ-პალესტინის) მასშტაბით შემოიფარგლება“, – აღნიშნულია პოსტში.