თბილისელი „კანონიერი ქურდი“, 46 წლის რევაზ კახმაზოვი საბერძნეთში გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკების ზედოზირება გახდა, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ კახმაზოვი რეალურად კლანებს შორის დაპირისპირებას ემსხვერპლა და მას ნარკოტიკების სასიკვდილო დოზა შეგნებულად გაუკეთეს.
კახმაზოვი უშუალოდ აკონტროლებდა ე.წ. „ობშიაკის“ დიდ ნაწილს და ქურდულ სამყაროში ბევრი მტერიც ჰყავდა. მათ შორის ასატრიანების გავლენიანი კლანის წარმომადგენელი სერგეი ასატრიანი (ასატრინა უმცროსი).
რევაზ კახმაზოვს კრიმინალურ წრეებში „რეზო ლოტკინსკის“ სახელით იცნობდნენ, თუმცა ბოლო პერიოდში ამავე წრეში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს მისი მეუღლე დანიელა ბონდარენკო, რომელიც ქურდული სამყაროს და მაფიის ცხოვრების სტილმა იმდენად გაიტაცა, რომ გვარიც კი შეიცვალა და „კორლეონე“ გახდა.
როგორც რუსული პრესა წერს, ეს წყვილი საკმაოდ მდიდრული ცხოვრების მოყვარული გახლდათ.
საერთაშორისო ძებნილთა სიაში მოხვედრამდე „ლოტკინსკი“ საბერძნეთში, კერძოდ – ათენსა და სალონიკში მდიდრულ სასახლეებში ცხოვრობდა და ყოველთვის ძვირადღირებული ავტომობილებით გადაადგილდებოდა.
„კანონიერი ქურდი“ მეუღლესთან ერთად ხშირად ისვენებდა ნიცასა და კანშიც.
სოციალურ ქსლში იძებნება მათი ძვირადღირებული წვეულებების ამსახველი ფოტოები და დანიელა კორლეონეს საკუთრებაში არსებული ცხენები. პრესა წერს იმასაც, რომ დანიელას დაბადების დღეზე მეუღლემ 700 000 ევრო აჩუქა.
რევაზ კახმაზოვი და მისი მეუღლე, დანიელა კორლეონე ფიგურირებენ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში. ირკვევა, რომ კრიმინალური გზით ნაშოვნი თანხის დიდი ნაწილი სწორედ დანიელა კორლეონეს ანგარიშზე ირიცხებოდა.
რუსეთში რევაზ კახმაზოვის მიმართ ახალი ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე ერთი წლის წინ დაიწყო.
მას კრიმინალური ორგანიზაციის შექმნა და ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ედებოდა ბრალად.
რუსეთის საგამოძიებო ორგანოს ცნობით, კახმაზოვმა რუსეთის არაერთ ციხეში გაავრცელა საკუთარი გავლენა, დანიშნა ე.წ. მაყურებლები და სისტემატიურად ახდენდა პატიმრებისგან ფულის გამოძალვას.
ამ გზით კახმაზოვის მეუღლის, დანიელა ბონდარენკოს საბანკო ანგარიშზე ყოველწლიურად დაახლოებით 2 მილიონი ევრო ირიცხებოდა.
გამოძიების ინფორმაციით, ე.წ. მაყურებლები კახმაზოვის დავალებით ფინანსური და სამეწარმეო დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პატიმრებს აიძულებდნენ, რომ მათ ოჯახებს მითითებულ ანგარიშებზე დიდი ოდენობით თანხები ჩაერიცხათ.
რეზო ლოტკინსკის პირველი მეუღლე შაქრო კალაშოვის გერი გახლდათ. ცნობილი ექს-სიმამრის მსგავსად კახმაზოვის თბილისელი იეზიდი გახლდათ. პირველად ის თბილისში 1992 წელს ბანდიტიზმის მუხლით გაასამართლეს და 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
წყარო” “პრაიმტაიმი”