ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში “მთავარი დიაგნოზი” საუბრობს, მითია თუ რეალობა, რომ საკვების მიღებისას წყლის დალევა არ შეიძლება და უწყობს თუ არა ის წონაში მატებას ხელს:
– ალბათ, ბევრისგან გსმენიათ, როცა საკვებს იღებთ, შუა ჭამის დროს წყლის დალევა არ შეიძლება, იმიტომ, რომ მონელებას ხელი შეეშლება, შეგაწუხებთ, გაზები დაგიგროვდებათ და წონაში მოიმატებთ. ეს სიმართლე არ არის და დაგიმტკიცებთ, რატომ:
როდესაც საქმე კუჭში უშუალოდ საკვების მონელებას ეხება, ამისთვის სპეციალური გარემო არსებობს და ამ გარემოს სწორედ მარილმჟავა ჰქმნის. ჩვენს კუჭში არსებული მჟავა მარილმჟავაა. როგორც კი მასში საკვები აღმოჩნდება, ერთი მხრივ, მას ბაქტერიებისაგან გააუვნებელყოფს, რომ ჩვენს სხეულში ინფექცია არ შემოიჭრას. მეორე მხრივ, უზრუნველყოფს იმას, რომ მასში არსებული ცილები გაიშალნონ. გარდა ამისა, სპეციალურ ფერმენტებს, განსაკუთრებით, პეპსინს, რომლებიც ცილებს დაჭრის და ჩვენ მას მოვინელებთ. მარტივად რომ ვთქვათ, მარილმჟავა დიდ ფუნქციას ასრულებს. თუ თქვენ საკვების მიღების დროს წყალს დალევთ, ის იქ არსებულ მარილმჟავას ნამდვილად განაზავებს, მაგრამ ეს მხოლოდ რამდენიმე წუთის განმავლობაში.
კუჭის ბოლოსა და თორმეტგოჯა ნაწლავის დასაწყისში ანტრუმი გვაქვს. ანტრუმში სპეციალური G უჯრედები მდებარეობენ, რომლებიც, როგორც კი დააფიქსირებენ, რომ კუჭში მჟავიანობა დაეცა, მიღებული წყლის ხარჯზე განზავდა, სპეციალურ ჰორმონს გამოყოფენ, რომელსაც გასტრინი ჰქვია. გასტრინი კუჭზე მოქმედებს და ის მარილმჟავას ახალ ულუფას დაამატებს. ანუ, ის მჟავიანობა, რაც იქამდე იყო, ისევ აღდგება და საკვების მონელებას ხელი არანაირად არ შეეშლება. თუ თქვენ საკვების მიღების დროს წყლის დალევა გიყვართ, პრობლემა არ არის, შეგიძლიათ, მიიღოთ – ამ კუთხით საკვების მონელებას ხელი არ ეშლება. ის ფაქტი, რომ საკვების მიღების დროს წყლის დალევით წონაში მოიმატებთ, ეს მცდარია. პირიქით, წონაში შეიძლება დაიკლო კიდეც.
პატარა კვლევა ჩაატარეს და ნახეს, რომ თუ ადამიანი საკვების ყოველი მიღების დროს 12 კვირის განმავლობაში 500 მილილიტრ სითხეს იღებდა, აღმოჩნდა, რომ წონაში, პირიქით, იკლებდნენ. კლება ძალიან დიდი არ ყოფილა, მაგრამ 2 კილოგრამის დანაკარგი დაფიქსირდა.
მარტივად, რომ ვთქვათ, თუ თქვენ წყლის დალევა გიყვართ, ამას წინ არაფერი უდგას, პირიქით, შესაძლოა, სასარგებლოც კი იყოს და წონაში დაიკლოთ. გარდა ამისა, ასე შეკრულობის პრობლემასაც მოიგვარებთ. ძალიან ბევრ ადამიანს შეკრულობა აწუხებს. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ მშრალ საკვებს იღებენ. წყლის დამატებით კი შესაძლოა, შეკრულობის პრობლემაც შეიმსუბუქოთ. თავად საკვებშიც საკმაოდ ბევრი წყალია. მაგალითად, კიტრში წყლის შემცველობა 96%-ია. ნესვი და საზამთრო სულ წყალია. ჩვენ მათ ჩვეულებრივად ვინელებთ იმიტომ, რომ წყლის დალევა საკვების მიღებამდე, მიღებისას, ან მიღების შემდეგ საკვების მონელებას ხელს არანაირად არ უშლის.
მაგრამ, თუ ხართ ადამიანი, რომელსაც გასტროეზოფაგური რეფლუქი აწუხებს, ეს არის დაავადება, რომლის დროსაც კუჭის შიგთავსი ზემოთ, საყლაპავში ამოდის და საყლაპავს აზიანებს, მაშინ წყლის დალევა საკვების მიღებისას შესაძლოა, კარგი იდეა არ იყოს იმიტომ, რომ ეს კუჭის მოცულობას გაზრდის და შიგთავსი საყლაპავში უფრო ადვილად ამოვა. ამიტომ, ამან შესაძლოა, რეფლუქსის მდგომარეობა ცოტა გაამწვავოს. ამ სიტუაციას თუ არ ჩავთვლით, სხვა მხრივ წყლის მიღება პრობლემა არ არის.
წყარო:მშობლები