სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 5.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 15.6 პროცენტი შეადგინა.
2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 35.9 პროცენტით არის გაზრდილი.
2023 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (5.2 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (6.2 პროცენტი). 2022 წლის მესამე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში – ბინებზე 15.7 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 13.4 პროცენტით.
ერთი კვადრატული მეტრის ფასი ბინების სეგმენტში ყველაზე ძვირი მთაწმინდის რაიონში ღირს და 5 314 ლარს შეადგენს, შემდეგ მოდის ვაკე, სადაც კვადრატული მეტრის ფასი 4 756 ლარს შეადგენს, მესამე ადგილზეა საბურთალო, სადაც ფასი 3 652 ლარს აღწევს.
რაც შეეხება სახლებს – კვადრატული მეტრის ფასი ყველაზე მაღალი მთაწმინდაზეა – 4 049 ლარი, ვაკეში – 3 511 ლარი და საბურთალოს რაიონებში – 2 890 ლარი.