გთავაზობთ სენაკში მცხოვრები იაპონელის, კანჯი საკემის ინტერვის ჟურნალ „გზასთან“.
„კანჯი საკემი საქართველოზე შეყვარებული იაპონელია, რომელიც მიუხედავად სირთულეებისა, ქართულს სრულყოფილად ფლობს და ამჯერად მეგრულს სწავლობს… კანჯი ამჯერად სენაკში ცხოვრობს და თავის საინტერესო ცხოვრებაზე გვიამბობს…
– იაპონიაში, ქალაქ კიოტოში დავიბადე 1996 წლის 12 ოქტომბერს, სკოლა და უნივერსიტეტიც იქ დავამთავრე. კიოტოში ბევრი ტრადიციული შენობა, ტაძრები და იმპერატორის ძველი რეზიდენციაა. აგრეთვე ცნობილია, რომ ბევრი ადგილია იქ მოჩვენებებით სავსე და თუ დამიჯერებთ, ბავშვობაში მოჩვენების შთაგონება მქონდა…
კარგად მახსოვს ბამბუკის ოჩოფეხების თამაში და კიოტოს მთავარ მდინარეზე ექსკურსია. ბინაში დედა-მამასა და 2 ძმასთან ერთად ვცხოვრობდი. კვირადღეს აუცილებლად ბებია და ბაბუასთან მივდიოდით ხოლმე… დედა ძალიან გემრიელ კერძებს ამზადებდა და ახლა, როცა ამაზე თავად ვზრუნავ, ვცდილობ, გემოების მიხედვით ყველაფერი მის მომზადებულს დავუახლოვო. მამას მეზობელ ქალაქში, იაპონიაში ყველაზე დიდ ტბაზე მანქანით ხშირად დავყავდით, სადაც ცურვა და დროის ტარება მაგარი სიამოვნება იყო.
მოსწავლეობის პერიოდი
– საჯარო სკოლა კიოტოში დავამთავრე. მძლეოსნობის კლუბის წევრი ვიყავი და ძალიან მკაცრ ტრენინგს გავდიოდი. პარალელურად სულ ვმეცადინეობდი, მოსწავლეობისას ძალიან დატვირთული დღეები მქონდა. ჩემი ჰობი სეირნობა, მოგზაურობა, წიგნის კითხვა და კარაოკეა…
ამბავი საქართველოზე…
– 2018 წელს საფრანგეთში, ქალაქ მონპელიეში, გაცვლითი პროგრამით ვსწავლობდი მევენახეობა-მეღვინეობაზე. ერთხელ ლექცია გვქონდა ქართული ღვინის ისტორიაზე – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ლექტორი ჩამოვიდა და პირველად სწორედ მაშინ შევიტყვე ამ მშვენიერ ქვეყანაზე. მერე ქართველმა ამხანაგმა დაბადების დღეზე ქართული ღვინო მაჩუქა – ქვევრში დაყენებული რქაწითელი იყო და ძალიან სხვანაირი, საინტერესო გემო ჰქონდა. ვიფიქრე, რომ იაპონურ კერძებს ძალიან მოუხდებოდა და საქართველოთი, ქართული ღვინით უფრო დავინტერესდი…
გადავწყვიტე, თქვენი ენა შემესწავლა. ქართული რთულია, განსაკუთრებით – გრამატიკა. თავისებური ბგერებიც აქვს და სწორად ვერ გამოვთქვამდი, ახლაც მიჭირს რამდენიმეს გამოთქმა. საქართველოში პირველად რომ ჩამოვედი, ენის არცოდნის გამო კომუნიკაცია მიჭირდა და ამიტომ, მონდომებულად ვსწავლობდი, ახლაც ვსწავლობ ქართულს.
– პირველად როდის ჩამოხვედით?
– 2019 წელს 24 სექტემბერს. ღამე იყო და პირდაპირ სასტუმროში მივედი. მერე მესაკუთრემ დამპატიჟა სუფრასთან და ჭაჭა დავლიე, “პახმელიაზე” მყოფმა მეორე დღეს გავიღვიძე… მგონია, რომ მალე შევეგუე აქაურობას, სადაც მეგობრული ხალხია. ქუჩაში ბევრი ძაღლი და კატაა. გემრიელი საჭმელი აქვთ… თბილისში ლამაზი ხედებია – და ეს ყველაფერი ძალიან შემიყვარდა. არ ველოდი, ბევრი სწავლობს აქ იაპონურს, აინტერესებთ იაპონური კულტურა და ამის გამო მალე დავიმეგობრე ბევრი ქართველი.
მევენახეობა…
– 2021 წელს ივლისამდე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მაგისტრატურის პროგრამაზე მევენახეობა-მეღვინეობის პროფესიაზე ვსწავლობდი. პანდემიის გამო ონლაინლექციები მომიწევდა და დიდად არ მომეწონა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე პრაქტიკული ლექცია დამეკარგა, გამოცდებზე მაღალი ქულები ავიღე. სწავლის გადასახადი დაბალი არაა, სტიპენდიაც ვერ მივიღე და მხოლოდ ამით ვიყავი ცოტათი უკმაყოფილო, თორემ კარგი ლექტორები მყავდა…
მერე მეც იაპონური ენისა და კულტურის ცენტრში ვასწავლიდი იაპონურს დაახლოებით 6 თვე, ოღონდ ონლაინ, შემდეგ ღვინის რესტორანში დავიწყე მუშაობა მიმტანად და ღვინის კონსულტანტად. მოხალისედაც ვმუშაობდი საზოგადოებრივ სივრცეში, სადაც ხშირად ვაწყობდით ღონისძიებას იაპონური კერძებით.
მოგზაურობა საქართველოს რეგიონებში
– თავისუფალ დროს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ვმოგზაურობ. აღმოვაჩინე, რომ თითოეულ ქალაქს ან სოფელს თავისებური ხედვა, კულტურა და ტრადიცია აქვს. მინდა დავათვალიერო რაც შეიძლება ბევრი ადგილი. ბევრი რამ მომწონს თქვენს სამშობლოში, მაგრამ უარყოფითზეც გავამახვილებ ყურადღებას: ბევრი აფერისტი და მატყუარა დამხვდა საქართველოში. ვიცი, ასეთები ყველგან არიან, მაგრამ აქ ზოგიერთები ცუდად მექცეოდნენ და ახლა იოლად ვეღარ ვენდობი ხალხს. თუმცა, მიუხედავად ამისა, ძალიან მიყვარს აქაურობა და დიდხანს დარჩენას ვაპირებ!
– საცხოვრებლად სენაკში რატომ გადახვედით?
– მგონია, რომ სამეგრელოსა და იაპონიას შორის რაღაც მსგავსებაა (კლიმატი, ბუნება, საჭმელი…). თან, მეგრული ენის შესწავლაც მინდა.
მომავალში რაღაც საინტერესო პროექტები მინდა დავიწყო აქაურ ხალხთან ერთად: ტურიზმი, რეგიონის განვითარება, რესტორანი და ა.შ.“
ჟურნალი „გზა“ , ინტერვიუერი მანანა გაბრიჭიძე