3 აგვისტოს შოვში ჩამოწოლილ მეწყერს გადარჩენილი გიო ადამია ხელისუფლების უყურადღებობაზე საუბრობს.
მისი თქმით, სტიქიიდან 3 თვის შემდეგაც კი სახელმწიფოს მათთვის ყურადღება არ მიუქცევია – არც ფსიქოლოგიური დახმარება მიუღიათ და არც მატერიალური ზიანი ანაზღაურებიათ.
„შოვის ტრაგედიიდან თითქმის 3 თვე გავიდა. 3 აგვისტოს მე და ჩემს 6 წლის შვილს მოგვადგა ფიზიკური, ფსიქოლოგიური და მატერიალური ზიანი. ჯერჯერობით სახელმწიფოსგან არანაირი ყურადღება არ მიგვიღია, კერძოდ:
1. პროკურატურამ 2-ჯერ უარი გვითხრა მე და ჩემთან ერთად მყოფ გადარჩენილებს დაზარალებულის სტატუსის მიღებაზე.
2. რაჭის ადგილობრივმა ხელისუფლებამ განმიმარტა, რომ მხოლოდ რაჭველებისთვის შეუძლიათ დახმარების გაწევა, გადამამისამართეს კანცელარიაში.
3. კანცელარიაში გაგზავნილ წერილზე პასუხი ჯერაც ვერ მივიღე.
4. ჯანდაცვის სამინისტროსგან თვეების წინ შემოთავაზებული ფსიქოლოგიური დახმარება, რომელზეც თანხმობა განვაცხადე, დღემდე არ მიგვიღია.
5. მეორე დღეს, 4 აგვისტოს სენაკის კლინიკაში სამედიცინო დახმარებისთვის მისულს მომთხოვეს თანხის გადახდა, რაც შემდგომ კერძო დაზღვევამ დამიფინანსა. სენაკის მერიამ არც მოგვიკითხა ერთი ზარითაც კი.
ამ ფოტოს ნახვის შემდეგ უფრო ვიაზრებ რა გამოვიარეთ . კიდევ ერთხელ ვუთანაგრძნობ გარდაცვლილების ოჯახებს,” – წერს შოვის ტრაგედიას გადარჩენილი.