დღეს, 18 ოქტომბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს აღნიშნავს.
გრიგოლ ხანძთელი 759 წელს დაიბადა. იგი დიდგვაროვანთა წრიდან იყო და ნერსე ერისთავის კარზე იზრდებოდა.
იგი მღვდლად აკურთხეს, ეპისკოპოსად კურთხევაზე კი უარი განაცხადა და, სამ თანამოსაგრესთან ერთად, ქართლიდან კლარჯეთში ჩავიდა.
ოპიზის მონასტერში ორი წელი დაყო. შემდეგ კი, წმინდა მეფის აშოტ კურაპალატის შემწეობით ხანძთაში ეკლესია-მონასტრების მშენებლობა დაიწყო. სიცოცხლეში იგი უამრავ სასწაულს აღასრულებდა. წმინდა გრიგოლ ხანძთელი 861 წელს გარდაიცვალა. იგი ხანძთის მონასტრის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს.
გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება და მოღვაწეობა აღწერილია გიორგი მერჩულეს ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებში „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“.