ჟურნალმა „გზამ“ მომღერალ ნუცა თოფორიასთან ინტერვიუ ჩაწერა.
მას უცვლელად გთავაზობთ.
„ჩემთვის ძალიან უცნაურია, როცა რომანტიკულ პაემანზე წასასვლელად განსაკუთრებულად ემზადებიან“
ნუცა თოფურია
ასაკი: 23 წლის.
განათლება: სწავლობდა ნიჭიერთა ათწლედში, სკოლის დამთავრების შემდეგ – ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე. ამჟამად კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტია.
მთავარი პროფესია: მომღერალი.
ჰობი: სერიალების და ფილმების ყურება.
განტვირთვის საუკეთესო საშუალება: სიმღერა, მეგობრებთან ერთად ყოფნა, ზღვის პირას ჯდომა…
– ნუცა, წარმოიდგინე, რომ არავინ გიცნობს. საკუთარ თავს მკითხველებს როგორ წარუდგენ – ვინ ხარ?
– მომღერალი ნუცა თოფურია (იღიმის). ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის, რაც შეიძლება ჩემ შესახებ იცოდნენ.
– დილით, როცა იღვიძებ, ცხოვრების მოტივაციას რა გაძლევს?
– ახალი დღის დაწყება ძალიან მიხარია, რადგან ჩემს საყვარელ ოჯახთან ერთად ვარ, საოცარი მეგობრები მყავს და ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ. გარშემო მყოფი კოლეგებიც საოცარი ადამიანები არიან. ჩემთვის ეს ყველაფერი ცხოვრების მოტივატორია.
– მთელი ცხოვრების განმავლობაში, ზაფხულობით მხოლოდ 1 კურორტზე დასვენების უფლება რომ გქონდეს, რომელს აირჩევდი?
– ბათუმს. ეს ქალაქი ისე მიყვარს, რომ სულ იქ ვივლიდი (იცინის). ახლაც ხშირად ვსტუმრობ…
– ადამიანებს რა ნიშნით აფასებ?
– “შეგნებული” ასაკიდან, ადამიანთან პირველივე შეხვედრისას ყოველთვის ზუსტად ვიცოდი, როგორი პიროვნება იყო და გავაგრძელებდით თუ არა ურთიერთობას მომავალში. ყოფილა შემთხვევა, ადამიანს ძალიან მალე დავმეგობრებივარ, რადგან პირველივე შეხვედრისას, მასში რაღაც განსაკუთრებული აღმომიჩენია. კონკრეტული ნიშნები განსაზღვრული არ მაქვს. რამდენიმე მეგობარი მყავს, რომლებსაც გაცნობის პირველივე დღეს დავუახლოვდი…
– როგორ ადამიანთან ვერ იმეგობრებ ვერასდროს?
– არასანდოსთან. არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან საყვარლები არიან, საკუთარ თავს კარგად წარმოგიჩენენ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ზუსტად იცი, ეს ყველაფერი ყალბია. მათ უყურებ და არაფრის გჯერა… შეიძლება, ნებისმიერ წამს ისეთი რამ გააკეთოს, რომ გაგაოცოს… მოკლედ, მგონია, არასანდო, ჩამოუყალიბებელ ადამიანებთან ურთიერთობა ვერასოდეს მექნება, რადგან თავად ძალიან ემოციური,ზედმეტად გულწრფელი ვარ.
– შენი ხასიათის რომელი თვისება გეამაყება?
– მართლა მეამაყება, რომ ზედმეტად გულწრფელი ვარ. თან შეიძლება, ხასიათის ეს თვისება გარკვეულ სიტუაციაში არ გამომადგეს, მაგრამ მაინც ვცდილობ, ყოველთვის მართალი ვიყო, რომ მერე რაღაცები არ ვინანო. საბოლოო ჯამში, ყველაფერი კარგად სრულდება, როცა ვიცი, რომ მართალი ვარ.
– შენი ხასიათის უარყოფით თვისებად რას მიიჩნევ?
– ზედმეტად მიმნდობი ვარ, რაც ძალიან მინდა, რომ ასე არ იყოს. შეიძლება ადამიანი ზედმეტად ახლოს მოვუშვა, თუნდაც – ჩემი პირადი მოვუყვე… მოკლედ, ამ საკითხზე ვმუშაობ, რომ ზედმეტად მიმნდობი არ ვიყო (იღიმის).
– შენი მესაიდუმლე ვინ არის?|
– პირველი, ვინც მახსენდება, დედაა. შეიძლება რაღაცები დედას არ უნდა უთხრა ადამიანმა. განა რამეს უმალავ? უბრალოდ, საჭირო არ არის, რომ უთხრა (იცინის). გავივლი, გამოვივლი, თან ვფიქრობ, არ ვუთხრა, მაგრამ საბოლოო ჯამში, მივდივარ და ვეუბნები.
– მაგალითად, რას?
– მაგალითად, დედაჩემმა ჩემი პირადი ურთიერთობების შესახებ ყოველთვის იცოდა. შეიძლება რაღაცას არ უნდა ვეუბნებოდე, მაგრამ ბოლოს მაინც ისე გამოდის, რომ “მეთქმევინება” (იღიმის).
– პაემანზე წასასვლელად რომ მოემზადო, რამდენი დრო გჭირდება?
– ოფიციალურ პაემანზე არასოდეს ვყოფილვარ. თან, ეს დიდად არც მხიბლავს… როგორც უნდა იყოს, ჩემთვის ძალიან უცნაურია, როცა თუნდაც, ჩემი დაქალები რომანტიკულ პაემანზე ან სადმე წასასვლელად განსაკუთრებულად ემზადებიან. პირადად მე, თუ რამე მაქვს დაგეგმილი, წინადღეს ვფიქრობ, მაგალითად, რას ჩავიცვამ… ყველაფერს წინასწარ ვამზადებ და შემდეგ ბევრი დრო აღარ მჭირდება, ალბათ მაქსიმუმ, ნახევარი საათი იმისთვის, რომ მაკიაჟი გავიკეთო, ჩავიცვა… ჩემთვის ძალიან უცხო სიტუაციაა, 2 საათი ვიფიქრო სამოსზე და ამასობაში ტანსაცმელი მივყარ-მოვყარო…
– 1 თვის განმავლობაში, მხოლოდ 1 ფერის სამოსის ჩაცმის უფლება რომ გქონდეს, რომელს აირჩევდი?
– შავი ძალიან მიყვარს, მაგრამ ალბათ – წითელს, რადგან ბოლო დროს ძალიან მომწონს… თუმცა შეიძლება 1 თვის განმავლობაში წითლის ტარება ძალიან მომბეზრდეს… მოდი, თეთრს დავასახელებ, თან ზაფხულს უხდება (იცინის)…
– საკუთარ თავს რომელ ცხოველს ან ფრინველს შეადარებ?
– კონკრეტულად – ჩემს ძაღლს. ლაბრადორი მყავს, სახელად – დობი (ასე “ჰარი პოტერის” პერსონაჟის – დობის პატივსაცემად დავარქვი). ზუსტად ისეთი ძაღლია, როგორზეც ვოცნებობდი: ძალიან ერთგული. საოცრად გულწრფელი თვალებით მიყურებს და გულწრფელად ვუყვარვარ…
– ბოლოს როდის და რის გამო იტირე?
– გუშინ ქუჩის ძაღლების შესახებ ვიდეო ვნახე და ცხარე ცრემლით ვიტირე. ასეთი ვიდეოების მიმართ განსაკუთრებულად ემოციური გავხდი. მიუსაფარი ძაღლების ადგილას ჩემს დობის წარმოვიდგენ ხოლმე…
– დამოუკიდებლობის შეგრძნება პირველად როდის დაგეუფლა?
– ოჯახი ჩემს ცხოვრებაში ჩართულია (ზედმეტად – არა, რა თქმა უნდა). ოჯახური შეკრებები გვაქვს ხოლმე, სადაც მაგალითად, კონცერტებთან დაკავშირებით თავიანთ აზრს მიზიარებენ… თუ დამიჯერებთ, სკოლაში, მეცხრე კლასამდე მშობლებს დავყავდი, რადგან სასკოლო ჩანთა ძალიან მძიმე იყო. დედა, მამა ან ძმა ჩანთას მერხამდე მიმატანინებდნენ ხოლმე… შემდეგ უკვე პროტესტის გრძნობა გამიჩნდა – უკვე დიდი ვარ-მეთქი. დედა ყველგან დამყვებოდა – რეპეტიციაზე თუ კონცერტზე, ჩემს კარიერაში ძალიან ჩართული გახლდათ… ალბათ, დამოუკიდებლობა მაშინ ვიგრძენი, როცა პროექტში – “მხოლოდ ქართული” ვმონაწილეობდი. 19 წლის ვიყავი. მას შემდეგ, ჩემი ცხოვრება 180 გრადუსით შემოტრიალდა… უკვე საკუთარი შემოსავალი გამიჩნდა, რომელსაც საყვარელი საქმის კეთებაში ვიღებდი… მიუხედავად ამისა, თავს დამოუკიდებლად მანამდე ვერ ვიგრძნობ, სანამ მეუღლესთან ან შეყვარებულთან ერთად, საცხოვრებლად ცალკე არ გადავალ, რადგან ოჯახი ამის საშუალებას არ მაძლევს (იცინის): პრინცესასავით ვარ – “ზედმეტს” არაფერს ვაკეთებ, ყველაფერს გამზადებულს, გაუთოებულს მახვედრებენ… თან ვფიქრობ, ამის გამო მერე ძალიან არ გამიჭირდეს, მაგრამ – არა, ზუსტად ვიცი, არ გამიჭირდება!
– ყველაზე უცნაური კომპლიმენტი რა მიგიღია?
– ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა მითხრა, – მგონია, ჰოლივუდის პირველი მეგრელი ვარსკვლავი იქნებიო (იცინის). სოციალურ ქსელში ბევრი მწერს. 2 დღის წინ, ვიღაცამ უზარმაზარი სასიყვარულო ლექსი დამიწერა. ბევრი ვიცინე…
– ამჟამად რომელ სერიალს უყურებ?
– “სკანდალს” ვუყურებდი. შევიშალე, ისე მომეწონა! დავასრულე, მაგრამ კიდევ ვუყურებ… Friends-ი ის სერიალია, რომელსაც მთელი ცხოვრება ვუყურებ და არასოდეს მომბეზრდება…
– რომელი საკვები პროდუქტია შენს მაცივარში მუდმივად?
– ცომეული, ლობიო, ყველი… დღის და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეიძლება, ოჯახში ცომეულს მივირთმევდეთ. პირადად მე, ლობიანს ან ხაჭაპურს ღამის 2-3 საათზე ხშირად მივირთმევ. ჯერჯერობით, გენეტიკა ამართლებს – ზედმეტი წონის პრობლემა არავის გვაქვს, მაგრამ ღმერთმა არ ქნას, რომ ასაკის მატებასთან ერთად, წონაში მოვიმატო (იცინის). ჩემს სამეგობროში დედას მომზადებული ლობიანი ძალიან ცნობილია. ჩემს დაქალებს დედაჩემთან მოსვლა და მისი ნახელავის ჭამა უფრო უყვართ, ვიდრე ჩემთან ჭორაობა (იღიმის).
– როგორ ფიქრობ, სამყაროსთვის რა სარგებლობის მოტანა შეგიძლია?
– არ ვიცი, ეს სამყაროსთვის რამდენად სასარგებლოა, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, უარყოფითი ენერგია ყველანაირად “დავბლოკო”, მხოლოდ კარგი ვთქვა, კარგ ხასიათზე ვიყო… ყველა “მზეს” მეძახის. ჩემ შესახებ ხშირად ამბობენ, – მზე მოვიდაო… გარშემო ისედაც ბევრი ნეგატიური ინფორმაცია გვესმის. მართლა გულწრფელად ვცდილობ, მხოლოდ დადებითი ენერგია ვაფრქვიო…
– შენი ცუდი განწყობის უებარი წამალი რა არის?
– როგორც კი ვხვდები, ცუდ განწყობაზე ვდგები, მაშინვე ვცდილობ, რაღაც ისეთი გავაკეთო, რაც მიყვარს, თუნდაც – წავიმღერო, საყვარელი ფილმი ან სერიალი ჩავრთო, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ერთად სადმე გავიდე და ცუდ ფიქრებს საშუალება არ მივცე, ცუდ განწყობაზე დიდხანს ვიყო. გონება უკვე შევამზადე, რომ ამქვეყნად ერთხელ მოვდივართ და უარყოფით ფიქრებს, ხალხსა თუ მოვლენებს განწყობის გაფუჭების საშუალება არ უნდა მივცეთ…
– ნუცა, მეგობარი დაგიკარგავს?
– არასოდეს. ყოფილა შემთხვევა, რომ გარკვეული პერიოდის ურთიერთობა გაგვიწყვიტია, მაგრამ საბოლოო ჯამში, მეგობრობა აღგვიდგენია.
– ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხე?
– “იკიგაი”, რომელიც რომში მქონდა წაღებული, სადაც მე და მარიამ შენგელია სამოგზაუროდ გახლდით, მაგრამ სიმართლეს ვიტყვი – მაშინ 1 გვერდიც არ წამიკითხავს (იცინის). კითხვის დრო საერთოდ არ მქონდა. საქართველოში დაბრუნებულმა წავიკითხე. ძალიან მომეწონა. ზუსტად “ჩემი” წიგნია, სასიამოვნოდ წასაკითხი…
– შენი გამოცდილებით, ქალს თავის მოვლისთვის დიდი ფინანსური სახსრების სჭირდება?
– თუ “ლაქშერი” სალონებში დადის და მხოლოდ ძვირად ღირებული ბრენდის წარმოებულ თავის მოვლის საშუალებებს ყიდულობს, დიდი ფინანსური სახსრები სჭირდება, მაგრამ თავის მოვლა ადამიანური, ნორმალური ხარჯებითაც შეიძლება. პირადად მე, რომ დავფიქრდე, ნორმალურზე ცოტათი მეტი მეხარჯება, რადგან მაგალითად, ყოველ კონცერტზე ახალი კაბა უნდა მეცვას, თორემ მერე იტყვიან, – ერთი და იგივე კაბა ეცვაო… ისეთი პროფესია მაქვს, რომ ფინანსები აუცილებლად მჭირდება, მაგრამ საერთოდ, თავის მოვლა ნაკლები დანახარჯითაც შესაძლებელია.
– ცხოვრებაში შენს ქმედებებს რა მთავარი ფასეულობა განსაზღვრავს?
– ოჯახზე ფიქრი, რომ მათთან ერთად ძალიან ბედნიერი ვიყო… ჩემთვის ოჯახი ისეთი მნიშვნელოვანია, რომ ცოტათი მეშინია (იღიმის)… მართლა ყველა ფიქრი ოჯახს უკავშირდება…“
ინტერვიუერი: ეთო ყორღანაშვილი
წყარო: „კვირის პალიტრა“