ოფლიანობა სხეულის გაგრილების სისტემის ნორმალური ნაწილია, რომელიც ხელს უწყობს სითბოს განთავისუფლებას და სხეულის ოპტიმალური ტემპერატურის შენარჩუნებას. მაგრამ რეგულარულად გაღვიძება ღამით ჭარბი ოფლიანობით, არ არის ნორმალური.
ღამით ოფლიანობა შეიძლება მრავალი მიზეზით იყოს განპირობებული.
ტემპერატურის კონტროლი და ოფლიანობა
ჰიპოთალამუსი, რომელიც მდებარეობს თავის ტვინში, არის ენდოკრინული სისტემის ნაწილი და სხეულის ტემპერატურის კონტროლის ცენტრი. იგი შეიცავს ტემპერატურის სენსორებს, რომლებიც იღებენ ინფორმაციას ნერვული უჯრედებიდან (თერმორეცეპტორები), რომლებიც მდებარეობს ცენტრალურ (ორგანოებში) და პერიფერიულად კანში.
თერმორეცეპტორები აღმოაჩენენ სხეულის ტემპერატურის ცვლილებებს და აგზავნიან სიგნალებს ჰიპოთალამუსში. ეს სიგნალები ან ააქტიურებს ოფლიანობას სხეულის გასაგრილებლად, ან ადამიანი იწყებს კანკალს სხეულის გასათბობად.
ჰორმონები და ღამის ოფლიანობა
ქალები უფრო ხშირად განიცდიან ღამის ოფლიანობას, ვიდრე მამაკაცები. ამის ძირითადი მიზეზი მენოპაუზაა.
ქალების დაახლოებით 80% განიცდის ე.წ. ცხელ ციმციმებს ან ღამის ოფლიანობას მენოპაუზის შემდეგ (როდესაც მენსტრუაცია 12 თვის განმავლობაში წყდება).
ცხელი ციმციმები ხდება დღის განმავლობაში, არის გაწითლების გარდამავალი ეპიზოდები და შეიძლება მოიცავდეს ოფლიანობას. ღამის ოფლიანობა ჩნდება ღამით და მოიცავს ინტენსიურ ოფლიან პერიოდს. ითვლება, რომ ესტროგენის დონის ცვლილება გავლენას ახდენს ნორეპინეფრინისა და სეროტონინის დონეებზე, ორ ნეიროტრანსმიტერზე, რომლებიც გავლენას ახდენენ ჰიპოთალამუსში ტემპერატურის რეგულირებაზე.
ჰორმონები ასევე გავლენას ახდენენ მამაკაცებში ღამის ოფლიანობაზე, განსაკუთრებით მათ, ვისაც დაბალი ტესტოსტერონის დონე აქვთ, რომელიც ცნობილია როგორც ჰიპოგონადიზმი. 45 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცების დაახლოებით 38%-ს აქვს ტესტოსტერონის დაბალი დონე.
ინფექციები, დაავადებები და მედიკამენტები
ინფექციასთან ბრძოლისას ჩვენი სხეულის ტემპერატურა ხშირად მატულობს. ეს ასტიმულირებს ოფლიანობას, რათა გაგრილდეს და შეამციროს სხეულის ტემპერატურა.
მცირე ინფექციებმა, როგორიცაა ჩვეულებრივი გაციება, შეიძლება გამოიწვიოს ღამის ოფლიანობა. ისინი ასევე არის ისეთი სერიოზული ინფექციების სიმპტომი, როგორიცაა ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ). თუმცა, ღამის ოფლიანობა იშვიათად არის ამ დაავადების ერთადერთი სიმპტომი.
ასევე, ღამის ოფლიანობა, შესაძლოა, გამოიწვიოს მედიკამენტებმა, როგორიცაა კორტიკოსტეროიდები, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების შემცვლელი და მეტადონი.
ამასთან, ალკოჰოლის რეგულარულმა (განსაკუთრებით ალკოჰოლზე დამოკიდებულებამ) და რეკრეაციული ნარკოტიკების გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ღამის ოფლიანობია.
სტრესი, ხვრინვა და დაძაბული ვარჯიში
ღამის ოფლიანობა ჩვეულებრივ აღინიშნება შფოთვით დაავადებულ ადამიანს. ფსიქოლოგიური სტრესი ააქტიურებს სხეულის ბრძოლის სისტემას, ათავისუფლებს ნეიროტრანსმიტერებს, რომლებიც ზრდის გულისცემას, სუნთქვას და არტერიულ წნევას. ეს იწვევს სხეულის გაცხელებას, რა დროსაც იგი იწყებს ოფლიანობას, რათა სხეული კვლავ გაგრილდეს. ღამის ოფლიანობამ ასევე შეიძლება გაზარდოს შფოთვა, რაც გამოიწვევს მეტ ოფლიანობას, რაც თავის მხრივ იწვევს ნაკლებ ძილს და მეტ შფოთვას.
თუ შფოთვა იწვევს ღამის ოფლიანობას და ეს იწვევს დისტრესს, უმჯობესია ადგეთ, იმოძრაოთ და ჩაერთოთ დამამშვიდებელ რუტინაში, სასურველია ბნელ ან სუსტად განათებულ ოთახში.
ღამის ოფლიანობა ასევე დაკავშირებულია ძილის ფუქნციის დარღვევებთან, როგორიცაა ობსტრუქციული ძილის აპნოე, სადაც სასუნთქი გზები განმეორებით იკეტება ძილის დროს და ხმამაღალი ხვრინვა. ძილის ობსტრუქციული აპნოეს მქონე ადამიანების დაახლოებით მესამედს რეგულარულად აღენიშნება ღამის ოფლიანობა . ზუსტი მიზეზი დაუდგენელია, მაგრამ კვლევამ აჩვენა, რომ ის დაკავშირებულია სისხლში ჟანგბადის დაბალ დონესთან და/ან არტერიულ წნევასთან.