საქართველოს საპატრიარქო პატრიარქ ილია მეორის მიმართვას ავრცელებს.
„სამეცნიერო ჟურნალ, ,,თეოლოგიის“ დაარსებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, – „მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება გვიანი თანამედროვეობის „არამატერიალური რეალობისკენ“ მიმავალ გზაზე“, – მონაწილეთ
თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, მსოფლიო პატრიარქო ბართლომე, მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებო და წარმომადგენლებო,
თქვენო უნეტარესობავ, ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოსო იერონიმე, ხელისუფალნო, მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფენო, მამანო და დანო, პროფესორ-მასწავლებლებო, ქალბატონებო და ბატონებო, ყველას მოგესალმებით დიდი პატივისცემით და გამოვთქვამ ჩემს სიხარულს როგორც ბერძნულ, ისე საერთოდ მართლმადიდებლურ სამყაროში, აღიარებული სამეცნიერო ჟურნალის, ,,თეოლოგიის“, დაარსებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში საქართველოს ეკლესიის წარმომადგენელთა მონაწილეობისა და თქვენთან ურთიერთობის გამო.
თემა, რომელიც შეირჩა ამ შეკრებისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია და არის გაგრძელება იმ ფუნქციისა, რასაც აღნიშნული გამოცემა საუკუნის მანძილზე ანხორციელებდა, იყო რა თანამედროვე და აქტუალური საკითხების წარმომჩენი და განმხილველი; ამიტომაც, შეიძლება ითქვას, რომ ჟურნალი ,,თეოლოგია“ ხუთი ბრძენი ქალწულის ზეთით სავსე ჩაუქრობელი კანდელის მსგავსია, რომელიც გზას უნათებდა და უნათებს მორწმუნეთ ათეისტურ პერიოდშიც, II მსოფლიო ომის პირობებში და შემდგომაც, ასევე თანამედროვე რთული და მძიმე გამოწვევების ჟამსაც.
თქვენო უნეტარესობავ, მთავარეპისკოპოსო იერონიმე, მოვიტან შემოკლებულ ამონარიდს თქვენი მოსაწვევი წერილიდან:
„თანამედროვე კულტურის ანატომია მდგომარეობს იმაში, რომ, ერთის მხრივ, ის რჩება მიჯაჭვული მატერიასთან, მეორე მხრივ კი, ასახავს ცხოვრების განსხვავებულ მატერიალურ, ვირტუალურ მოდელს. რეალურად კი, თანამედროვე ცივილიზაცია, მატერიისგან მოწყვეტილი და მისგან განთავისუფლებული, იმ დონემდე აკნინებს მატერიას რომ ჩნდება კითხვა: ხომ არ დაკარგა აზრი განკაცებამ და მატერიის ქრისტესმიერი ფერიცვალება არისღა შესაძლებელი?’’
ამ ურთულესი თემების განხილვა შესთავაზეთ დღეს თქვენ და საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა მართლმადიდებელ სამყაროს.
ვიმედოვნებ, კონფერენციის შედეგები იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი და დაინტერესებულ პირთადმი სწორი ორიენტირის მიმცემი, მეცნიერულად დამამტკიცებელი იმისა, რაც რწმენით ვიცით, რომ იესო ქრისტე უცვლელია გუშინ, დღეს და მარადის, და რომ ვიდრე ღვთის ხატი, ადამიანი, ამქვეყნად არსებობს, იარსებებს ქრისტეს მებრძოლი ეკლესია და განკაცების მადლით პიროვნების სულიერი ფერისცვალების შედეგები.
ბოლოს კი, მინდა გამოვხატო ჩემი ღრმა პატივისცემა თქვენდამი, თქვენო უნეტარესობავ. თქვენ უკვე 15 წელია ერთგულად და მუხლჩაუხრელად ემსახურებით ელადის ეკლესიას და დიდი წვლილი შეგაქვთ მართლმადიდებელი სამყაროს გაძლიერებაში, რისი დადასტურებაც თუნდაც ეს შეხვედრაა.
უფლის წყალობა და შეწევნა, სამეუფეო გზით სვლის უნარი არ მოგკლებოდეთ მრავალსა წელსა;
ღმერთმა დალოცოს თქვენი ეკლესია და თქვენი ქვეყანა.
ღმერთმა დალოცოს ჟურნალ ,,თეოლოგიას“ ავტორები, გამომცემელნი და მკითხველნი, ხოლო გარდაცვლილ თეოლოგ-მეცნიერთა სულნი სავანესა მართალთასა დააწესოს.
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და
მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა“, – აღნიშნულია მიმართვაში.