მომღერალმა ელე ფოჩხუამ „კვირის პალიტრას“ ინტერვიუ მისცა.
მან, ძირითადად, თავის განვლილ ცხოვრებაზე ისაუბრა.
„ – ალბათ, დღევანდელი ინტერვიუ თქვენი შემოქმედებით უნდა დავიწყოთ: როდის მიხვდით, რომ მუსიკა თქვენი ბედისწერა იყო?
– საკმაოდ პატარა ვიყავი, როცა ამას მივხვდი: ისეთ ოჯახში გავიზარდე, სადაც მუსიკა ძალიან უყვარდათ. დედაჩემი და ჩემი მამიდა მუსიკოსები იყვნენ, ხშირად ვუსმენდი დედას, რომელიც ფორტეპიანოზე დაკვრას ასწავლიდა და ვხვდებოდი, როგორ მატყვევებდა ეს მშვენიერი, საოცარი სამყარო! თანდათან მივხვდი, რომ მუსიკა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდებოდა და იმ დასკვნამდე მივედი, რომ მომღერლობა მსურდა. ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ მიზანს მივაღწიე და ჩემს არჩევანს ნამდვილად არ ვუჩივი. ახლა მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს: ჩემს პროფესიაში წინ წავიდე და მეტი ვაკეთო, ყველაფერი ავინაზღაურო, რაც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ შევძელი, ვერ მოვასწარი. მიხარია, რომ ჩემს საყვარელ საქმეს ვემსახურები, რომ მუსიკა ჩემი უერთგულესი მეგობარია! სწორედ მუსიკის წყალობით გადავლახე ბევრი დაბრკოლება, რომელიც ცხოვრების გზაზე შემხვდა.
– ელენე, შვილების აღზრდასთან ერთად პროფესიული წინსვლა რამდენად რთულია და რა შეიძლება დათმოს ქალმა ოჯახის შესანარჩუნებლად?
– ამ ორი რამის ერთმანეთთან შეთავსება მართლა ძალიან რთულია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს… როდესაც ოჯახს ქმნი, როცა ცხოვრებაში ასეთ სერიოზულ ნაბიჯს დგამ, ესე იგი, ის ადამიანი გიყვარს და მის გამო კომპრომისზე წასვლაც შეგიძლია. მერე ამ სიყვარულს ბავშვების სიყვარულიც ემატება და ცდილობ, შენს ოჯახს თვალისჩინივით მოუარო, მოუფრთხილდე… იცით, მე მესმის იმ ქალებისა, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ, წლობით ნაშენები ურთიერთობა არ დაანგრიოონ, ისინი ოჯახის შესანარჩუნებლად ღალატსაც პატიობენ და ტყუილსაც… სამწუხაროდ, მსგავსი რამ ჩემს ცხოვრებაშიც მოხდა და როცა ჩემი მეუღლე ბოდიშებით მოვიდა, მეც ვაპატიე. მან საქმეში ნათესავები და მეგობრები ჩარია და ბევრი რამ გააკეთა, რომ შევრიგებოდი. მე ამ ყველაფერს ანგარიში გავუწიე და კიდევ ერთი შანსი მივეცი, იმიტომ კი არა, რომ მარტო ცხოვრების მეშინოდა, არც იმაზე ვფიქრობდი, ვინ რას იტყოდა. ჩემი მშობლებიც ყოველთვის მეუბნებდნენ, თუ მეუღლესთან ბედნიერი არ ხარ, დღესვე შეგიძლია მასთან ურთიერთობა შეწყვიტოო.
– აბა, რატომ შეურიგდით?
– არ ვიცი, ალბათ, ეს ქალური ჟინია, როცა არ გინდა, შენთვის ძვირფასი ადამიანი სხვას დაუთმო, როცა ვერ ივიწყებ, რომ ამდენი წლის განმავლობაში მასთან მშვიდად და კარგად ცხოვრობდი. ეს მარტივი დასათმობი არ არის, ამიტომაც ჩემს მეუღლეს მეც ბევრი რამ დავუთმე და ყველაფერი თავიდან, სუფთა ფურცლით დავიწყეთ. ყველაფრის მიუხედავად, ოჯახი მაინც ვერ შევინარჩუნე – მას ახლა ცოლიც ჰყავს და შვილიც.
– ალბათ, ეს ძალიან ცუდი, უსიამოვნო განცდაა…
– სულაც არა – რომ დავფიქრდები, საერთოდ არ ვნანობ, თქვენ წარმოიდგინეთ, არც კი მახსოვს, რომ ის ერთ დროს ჩემი ქმარი იყო. გულში არც ბრაზი მაქვს და არც შურისძიების სურვილი. როცა ადამიანი ასე დაგამცირებს და გადაგივლის, როცა შენს სიკეთეს ვერ დაინახავს, გულში მხოლოდ სიცივე და სიცარიელე გრჩება. რომ დავფიქრდები, ახლა ბევრად უკეთესად ვარ: ყოველგვარი ქაოსის და გაუგებრობის გარეშე ვცხოვრობ და ფეხზე უფრო მყარად ვდგავარ. ფინანსური თვალსაზრისითაც უკეთესად ვარ – ზუსტად ვიცი, რა და როგორ გადავანაწილო და ხვალ რა უნდა ვაკეთო. ვფიქრობ, რომ მუდმივ ქაოსში და გაუგებრობაში ყოფნას მშვიდად ცხოვრება სჯობს. ამიტომ, ყოფილ მეუღლეს მადლობას ვუხდი, რომ წავიდა, მადლობას ვუხდი ჩემი გათავისუფლებისთვის! თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მის მიმართ ყველა გრძნობა განულდა. არც შვილების მოვლა მიჭირს, რადგან ადრეც სულ ვმუშაობდი, ჩემი შემოსავალი მქონდა და იმის შიში ნამდვილად არ მქონია, რომ უქმროდ თავს ვერ შევინახავდი… კითხვა განაგრძეთ ბმულზე