ჩვენი ერიც, მიუხედავად მრავალი შეცდომისა და დაცემისა, ყოველთვის ცდილობდა ამ ღვთივდადგენილი გზით ევლო – აღნიშნულის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიოს (მუჯირმა) სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.
“გილოცავთ სვეტიცხოვლობის დიდებულ დღესასწაულს, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას, მოლოცვას, შეგვეწიოს ჩვენ და მთელ საქართველოს მისი კურთხევა. აი, ამ შესანიშნავ დღეს ყოველთვის განსაკუთრებით ვფიქრობთ ჩვენი ერის წარსულზეც, აწმყოსა და მომავალზეც. ვფიქრობთ იმაზე, თუ რამ განაპირობა, რა ძალამ და მადლმა, რომ ამდენი ქარტეხილის მიუხედავად, ჩვენი ერი დღემდე მოვიდა და გადარჩა. ღირსმა მაქსიმე აღმსარებელმა ასეთი შესანიშნავი რამ ბრძანა: „სანამ ღმერთი შექმნიდა სამყაროს, შექმნიდა საუკუნეებს, უწინარეს ყოველთა საუკუნეთა მან განსაზღვრა ყოველი ადამიანის ცხოვრება მისთვის სასარგებლოდ, ადამიანისთვის სასარგებლოდ და ღმერთს უნდა, რომ ყველა ადამიანი ამ საღვთო გზით ატაროს“. ამიტომ ყოველი ადამიანის ვალია, ევედროს უფალს, ეძიოს ეს გზა და ამ გზით იაროს. შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენი ერიც, მიუხედავად მრავალი შეცდომისა და დაცემისა, ყოველთვის ცდილობდა, ამ ღვთივდადგენილი გზით ევლო და უფალიც ყოველთვის შეგვეწეოდა ჩვენ ამაში, ამ გზას გვინათებდა. ამის მრავალი დამადასტურებელი ნიშანი არსებობს. ღვთის უდიდესი წყალობის გამოვლინება არის მცხეთაში მაცხოვრის საუფლო კვართის მობრძანება. ჩვენი ერის ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობა, წმინდა ანდრია პირველწოდებულისა და სხვა მოციქულების ჩვენს მიწა-წყალზე ქადაგება, შემდეგ, IV საუკუნეში წმინდა მოციქულთა სწორ ნინოს მობრძანება და ქადაგება, წმინდა მოციქულთა სწორთა, მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას მოქცევა, ქართლის მოქცევა, მთელი ჩვენი ერის გაქრისტიანება, სვეტიცხოველთან და მცხეთის ჯვართან დაკავშირებული მოვლენები და სასწაულები, შემდეგ, V საუკუნეში წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ღვაწლით ჩვენი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მოპოვება, ასეთი განსაკუთრებული ნიშანი იყო ასევე VI საუკუნეში ღირსი ასურელი მამების ჩამობრძანება და ჩვენს ქვეყანაში მონაზვნობის და სამონასტრო ცხოვრების გავრცელება და დაფუძნება, შემდეგ ბაგრატიონთა დინასტიის დაარსება, და ა.შ. მაგრამ ამ ჩამოთვლილი მოვლენებიდან, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული იყო წმინდა კვართის მობრძანება ჩვენს ქვეყანაში და დავანება მცხეთაში, ამ წმინდა ტაძარში” – განაცხადა მეუფე შიომ.