მცხეთა იბერიის სამეფოს ძველი დედაქალაქია. ჩვენს წელთააღრიცხვამდე I ათასწლეულში საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ორი სამეფო: იბერიისა (ქართლის) – აღმოსავლეთში და კოლხეთის – დასავლეთ საქართველოში. სწორედ იბერიის სამეფოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა ქალაქი მცხეთა 800-ზე მეტი წლის განმავლობაში.
მცხეთა დიდ საქარავნო გზაჯვარედინზე არსებობდა და აქ მოდიოდნენ ან გადადიოდნენ მეფეები, ელჩები თუ დესპანები, ვაჭართა ქარავნები, მოგზაურები თუ მეისტორიენი. მცხეთის განუმეორებელი სილამაზე: ცაში აჭრილი ქართის მთები, ვერცხლის სარტყელივით მბზინვარე მტკვარი, ზურმუხტისფერი ტალღებით მომქუხარე არაგვი და ორ მდინარეს შორის სამკუთხედად გაწოლილი მთაგორიანი ადგილი ხიბლავდა: ბერძენ, რომაელ, ებრაელ, არაბ თუ ჩინელ სტუმრებს, მტრებს თუ მოკეთეებს.
მცხეთა ქრისტიანობამდეც ჩვენი ქვეყნის სულიერი ცენტრი იყო, აქ იდგა: არმაზის, ზადენის, გაცის, გაიმის, აინანას, დანანას და აფროდიტეს კერპები. ამიტომ, ბუნებრივია, მცხეთა და მისი რეგიონი ძალზე მდიდარია არქიტექტურული ძეგლებით, არქეოლოგიური მონაპოვრებით. ქალაქისა და მისი რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს 200-ზე მეტი არქიტექტურული ძეგლი, რომელთა შორის ცენტრალური ადგილი უჭირავს მცხეთის საპატრიარქო ტაძარს – სვეტიცხოველს.
სვეტიცხოველი – ქართული კულტურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლი გამოირჩევა არა მხოლოდ თავისი მხატვრული ღირსებით, დიდებულებით და ჰარმონიულობით, არამედ იმ განსაკუთრებული როლითაც, რომელიც მან ქართველი ერის ისტორიაში შეასრულა.
ტაძრის მშენებლობის პერიოდი (XI საუკუნის დასაწყისი) დაემთხვა საქართველოს ისტორიის მეტად რთულ და საინტერესო ეპოქას. ამ დროს ფეოდალიზმი განვითარების უმაღლეს საფეხურზე ადიოდა. წარმატებით დასარულდა ბრძოლა ქვეყნის გაერთიანებისათვის. პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა წარმატებებმა განაპირობეს ეროვნული, სულიერი კულტურის, მწერლობის, ფილოსოფიის, ხელოვნების, ფერწერის, ოქრომჭედლობის, ხუროთმოძღვრების ფართოდ განვითარება. ხუროთმოძღვრებაში უმაღლეს საფეხურზე ადის ჯვარ-გუმბათოვან ტაძართა არქიტექტურა, რომლის ეროვნულ სტილს სათავეს უდებს მცხეთის „ჯვარი“ (VI-VII სს-ს მიჯნა) – პირველი დასრულებული და კლასიკური ნიმუში. სწორედ ამ დროს იქმნება საქართველოს ხუროთმოძღვრების ისეთი შესანიშნავი ძეგლები, როგორებიცაა: ალავერდი, ბაგრატის ტაძარი, სამთავისი, სამთავრო, ნიკორწმინდა, მანგლისი, იშხანი და მრავალი სხვა. სვეტიცხოველს ქართული არქიტექტურის ამ შედევრებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია.
სვეტიცხოვლის ისტორია განუყოფელია საქართველოს გმირული წარსულისაგან. ტაძრის პირველი ნაგებობის მშენებლობა უკავშირდება ქართლის სამეფოს მიერ ქრისტიანობის მიღებას, ფეოდალიზმის ჩასახვის პირველსავე ხანებს. შემდგომში არაერთხელ შემუსვრილა მტერთა გამანადგურებელი შემოსევების შედეგად, არაერთ დამპყრობელს უცდია მისი აღგვა პირისაგან მიწისა, მაგრამ ჩვენი წინაპრების ურყევი ნებისყოფის, შემოქმედებითი ენერგიის და სულიერი სიდიადის მეოხებით კვლავაც აღმდგარა ძველი დიდებულებით, ამით სვეტიცხოველი ჩვენი სამშობლოს სასიცოცხლო ძალის, მისი გაუტეხლობის სიმბოლოს განასახიერებდა. განაგრძეთ კითხვა