საქართველოს ფოლკლორის ცენტრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„გარდაიცვალა ქართული ზეპირსიტყვიერების ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელი, ცნობილი ავტორ-მთქმელი თამაზ ქუშაშვილი.
თამაზ ქუშაშვილი 2022 წლის ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის ლაურეატია. უცხოეთში მცხოვრები შორიდან ესიყვარულებოდა სამშობლოს, მშობლიურ ხევს და წერდა სულისშემძვრელ ულამაზეს ლექსებს. მისი ლექსები შესულია ეროვნული ფესტივალის გამარჯვებულთა კრებულში, რომელიც მალე გამოიცემა.
ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი თანაუგრძნობს განსვენებულის ოჯახს, ნათესავებს, მეგობრებს, ხალხური ლექსის მოყვარულთ და დამფასებლებს.
***
არც შენ მაშინებ სიკვდილო,
არც შენი ბნელი გზანია,
ხიფათი სულ თან დამდევდა,
გამზრდელად მყვანდენ მთანია.
მთებმა კლდეებზე გამზარდეს,
გზად მიფარავდნენ ცანია,
გზას ვამბობ თორო რაის გზა,
ფრიალო კლდეთა ფხანია.
ყინვა-სიცივეს მაჩვევდნენ,
მალ-მალ მებრძოდა ქარია,
ხან შიმშილი, ხან ტკივილი,
ბევრი ვიწვნიე მწარია.
უფრო და უფრო მაწრთობდა
რაც გადიოდა ხანია,
სუყველაი ეგრე დოგზარდეს
წმინდა სამების ყმანია.
რას გამამრჩები სიკვდილო?!
არ შამრჩა აღარც ჯანია,
რას მარგებს ლეში? შენ დაგრჩეს,
სულს გადამირჩენს ცანია“, – აღნიშნულია პოსტში.