სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა იმ სკოლის დირექტორზე წერს, სადაც საგარეჯოში მოკლული 14 წლის აითაჯ შახმაროვა სწავლობდა.
როგორც სამირა აღნიშნავს, სკოლის დირექტორი არაერთი არასრულწლოვანის ნიშნობის ფაქტს მალავდა და როცა დანიშნული გოგონები სკოლაში არ დადიოდნენ, მათთვის ნიშანი მაინც იწერებოდა.
აღნიშნულ თემაზე დმანისის ზემო ყარაბულაღის საჯარო სკოლის დირექტორის, ჰამლეტ ისმაილოვის კომენტარს, სააგენტო Aktual.ge ავრცელებს.
ისმაილოვი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც აითაჯმა გაკვეთილები გააცდინა, სკოლიდან მის ოჯახის წევრებთან დაკავშირება სცადეს, თუმცა მათი ტელეფონები გამორთული იყო.
“მას შემდეგ, რაც აითაჯმა 20 სექტემბერს გაკვეთილები გააცდინა, მის ოჯახთან ვცადეთ დაკავშირება, თუმცა მათი ტელეფონები გათიშული იყო.
ვინაიდან მისი ძმა ამავე სკოლაში სწავლობდა, მას ვუთხარით. ჩვენ არ გვქონდა ინფორმაცია არც მისი გატაცების და არც დანიშვნის შესახებ”, – განაცხადა ჰამლეტ ისმაილოვმა.