“ძალიანაც დაგეგმილი და თავისი საქმის კარგად მცოდნე ადამიანების თავდასხმა იყო ეს” – ამის შესახებ ებრაისტი ლაშა შაკულაშვილი ისრაელ-ჰამასის ომზე წერს.
“ომის მეექვსე დღეა და ქართულენოვან მედია სივრცესა და ბევრ კომენტარში არ წყდება “ფლოსტიანი” და “ხელკეტებით მორბენალი” ტერორისტების ხსენება – “ასეთები ამ ძლიერ სახელმწიფოს თავს რანაირად დაესხნენო?!”
არა, ძალიანაც დაგეგმილი და თავისი საქმის კარგად მცოდნე ადამიანების თავდასხმა იყო ეს.
ისრაელზე თავდამსხმელი ტერორისტების მიღმა, სერიოზული ფინანსური და ადამიანური რესურსების გარდა, იუდაიზმის კარგად მცოდნე ადამიანები დგანან. ასე იყო შუა საუკუნეებში, რუსეთის იმპერიის მიერ მოწყობილ პოგრომებში, ნაცისტური გერმანიის და მისი მხარდამჭერების მიერ მართულ ჰოლოკოსტში.
ჰოლოკოსტის დროს, ნაცისტებმა და მათმა მხარდამჭერებმა, ზუსტად იცოდნენ – სად და რას აღნიშნავდნენ იუდეველები, სად იკრიბებოდნენ, სახლში როდის ისხდნენ და სინაგოგაში როდის იყრიდნენ თავს. მიადგებოდნენ და ერთიანად მიჰყავდათ – ჯერ ციხეებში, შემდეგ საკუთარი ხელით გათხრილ სამარხებში ჩასაცხრილად და ბოლოს გაზის კამერებში.
მოდით ახლა 2023 წლის ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების დღეს მივუბრუნდეთ – 7 ოქტომბერს, შაბათ დღეს. დღე პარასკევიდან გადმოდიოდა, რაც ნიშნავს რომ მოსახლეობა 6 ოქტომბრის შუადღიდან 7 ოქტომბრის მზის ჩასვლამდე წმინდა შაბათს იცავდა და ყველა რელიგიურ ადამიანს ტელეფონი გამორთული ჰქონდა. 6 ოქტომბერს კი იუდეველები სუქოთის ერთკვირიანი დღესასწაულის დასრულებას აღნიშნავდნენ. სუქოთის დღესასწაულის ბოლო დღე მოდის ებრაული თვის, თიშრეის, 21-ე დღეს და იუდეველები მთელი დღის განმავლობაში ლოცულობენ რომ გამჩენმა უდაბნოში წვიმა მოუვლინოთ; ამ დღეს ჰოშანა რაბა ჰქვია. 7 ოქტომბერზე მოდიოდა სიმხათ თორის, ანუ თორის მიღების უდიდესი დღესასწაული, როცა იუდეველები არ მუშაობენ, არც მანქანას ატარებენ და არც ტექნიკას ეკარებიან.
ასე რომ, რამდენიმე დღესასწაულის აღმნიშვნელ და საზეიმოდ მომზადებულ, შაბათის დამცველ და შვებულებაში გასულ ერს დაესხნენ ეგ თქვენი “ფლოსტებიანი და ხელკეტებით მორბენალი” ტერორისტები.
დაესხნენ დასახოცად. დანაწევრების და იარაღით დახოცვის გარდა – ადამიანები საკუთარ ბინებში მოწყობილ თავდაცვის ოთახებში ამოწვეს. ამ დილას, აშშ პრეზიდენტმა ბაიდენმა ოფიციალური განცხადება გააკეთა რომ თავადაც ნახა თავმოკვეთილი ჩვილების ფოტოები.
ტერორიზმის შემდეგ არც მძიმე ისმება და არც “მაგრამ” იწერება”