მას შემდეგ, რაც გერმანიიდან საქართველოში რამდენიმე ათეული ქართველის დეპორტაცია განხორციელდა, ის ემიგრანტები, რომელთაც თავის დროზე, ქვეყანა ჯანმრთელობის პრობლემების გამო დატოვეს, ძალიან შეშინდნენ – ხომ არ იქნებიან შემდეგი…
ემიგრანტი ნათია გულორდავა ეპილოგი.გე-სთან საუბარში ამბობს, რომ მისი ბედი ჯერაც გაურკვეველია. ჯანმრთელობის პრობლემის გამო, იძულებული გახდა გერმანიაში ოჯახთან ერთად წასულიყო, ახლა კი, დეპორტი ემუქრება, რაც ძველ პრობლემებთან დაბრუნებას ნიშნავს…
-ჩემმა ადვოკატმა მითხრა, რომ „დეპორტის სიაში“ ვარ, ეს კი ნიშნავს, რომ ყოველ წუთს შეიძლება საემიგრაციო სამსახური, პოლიციასთან ერთად მოვიდეს, მანქანაში ჩაგვყარონ და საქართველოში გაგვიშვას. ამას ვერ გადავიტან. მძიმე, არაპროგნოზირებად დაავადებას ვებრძვი, არავინ იცის, შეტევა როდის მექნება და დეპორტით წასვლა ნიშნავს, რომ შეიძლება, საქართველოში ვერც კი ჩავაღწიო…
აქ ჩემს დაავადებას გერმანელი ექიმები მართავენ. სამშობლოში კი, უმძიმესი თვეები გამოვიარე. უამრავჯერ ჩავხედე სიკვდილს თვალებში… ჩემი ქვეყანა ძალიან მიყვარს. გამოქცევაზე არასდროს მიფიქრია. წელიწადნახევარზე მეტია აქ ვარ. ენასაც ვერ ვფლობ, განსაკუთრებით, საავადმყოფოში ყოფნისას ვიტანჯები, სამედიცინო პერსონალს ვერ ვაგებინებ, რა მტკივა. კიდევ კარგი, ისედაც ხვდებიან. აქ სიცოცხლეს მინარჩუნებენ. 13 წლის გოგონა და 9 წლის ბიჭი მყავს, მინდა, ისინი თავად გავზარდო… საქართველოში, მოხუცი მშობლები მყავს, ათი წლის წინ, ძმა დამეღუპა და მათვის ერთადერთი ნუგეში ვარ. უამრავი მიზეზი მაქვს გული იქით მიმიწევდეს და ერთადერთი ემიგრაციაში ვიყო – ჯანმრთელობა და სიცოცხლე.
– როდის წახვედით საქართველოდან?
– 2021 წელს თმის ძლიერი ცვენა დამეწყო, საქართველოს თითქმის ყველა ცნობილი სამედიცინო დაწესებულება შემოვიარე. მიზეზად, ყველა ექიმი სხვადასხვა მიზეზს ასახელებდა, მათ შორის დეპრესიას. ერთ-ერთმა დე ვიტამინი გამომიწერა… რამდენიმე დღეში, 42 გრადუსამდე სიცხე მომცა, ღებინება დამეწყო, რასაც პირის ღრუში გამონაყარი და აუტანელი მუცლის ტკივილი დაემატა… თერაპევტმა კანის ექიმთან გამიშვა – დერმატოლოგიური პრობლემა გაქვთო.
საბოლოოდ, პემფიგუსის დიაგნოზი დამისვეს და პრედნიზოლონი დამინიშნეს. დილიდან შუადღემდე მიწევდა დალევა, ანუ დღის განმავლობაში, 105 გრამს ვიღებდი, მაგრამ არავითარი შეღავათი არ მქონდა. სიცხეები და ტკივილებიც მიგრძელდებოდა, რასაც წონის მატებაც დაერთო. მკურნალობას შედეგი არ ჰქონდა, რაზეც ექიმიც ნერვიულობდა. ჩივილსაც აზრი არ ჰქონდა, ლიცენზიას ან შეუჩერებდნენ, ან არა… ტკივილისგან ვიტანჯებოდი, წონაში ვიმატებდი, ნელ-ნელა ვკვდებოდი და არც სასამართლოებში სირბილის დრო და თავი მქონდა.
_ექიმი რას გეუბნებოდათ, როდესაც ხედავდა, რომ მკურნალობას შედეგი არ ჰქონდა?
_ კანის დაავადება გაქვს, ოღონდ გართულებულია, რადგან თავის დროზე, არასწორი დიაგნოზი დაგისვესო… არადა, კვლევებსა და ანალიზებში, დიაგნოზის კვლევაში თბილისის ყველა წამყვანი კლინიკა შემოვლილი მქონდა… ყველა მეუბნებოდა, რომ ეს იყო პემფიგუსი, ოღონდ, მკურნალობას დრო სჭირდება და უნდა გადალახოო. მე კი, რაც დრო გადიოდა, უარესად ვხდებოდი.
ერთხელაც, ვითარება ძალიან დამძიმდა – შეტევა მომცა, მუდმივი ღებინება და სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადამიყვანეს, სადაც როგორც შემდეგ გავარკვიე, ჰორმონალური პრეპარატი გამიკეთეს… ამის შემდეგ კი, წონის მატების ტემპმა იმატა, ვერ დავდიოდი, ცალ მხარეს სახეც მომექცა… სახლიდან გამოსვლის ძალა არ მქონდა.
მივხვდი, რომ საქართველოში მკურნალობის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა, ამიტომაც, ანალიზები თურქეთსა და გერმანიაში გავგზავნე.
იმ დროს ომიკრონის ვირუსი იყო გავრცელებული და სამკურნალოდ ჩასვლაზე უარი მომივიდა. არადა, ყოველი დღე ძვირფასი იყო – თრომბოციტები მაღალი მქონდა, თირკმლის ზედა ჯირკვალი გაჩერდა. შემდეგ, ახლობლების რჩევითა და ძალისხმევით, ავსტრიაში, „აკაჰას“ კლინიკაში წასვლის შანსი მომეცა, რაშიც ძალიან დიდი წვლილი ექიმ სოსო ნანობაშვილსაც მიუძღვის. ცოცხალი რომ ვარ, მისი დამსახურებაა.
დარწმუნებული ვარ, არც ექიმ სოსო კობახიძეს არც ვახსოვარ, მაგრამ მას რომ არ ეთქვა, ხვალვე წადით უცხოეთშიო, მკვდარი ვიქნებოდი… მომდევნო ათი დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. დიდი წვალებით შევაგროვეთ 15 ათასი ევრო, ახლობელმა მოწვევა გამომიგზავნა და ვენაში ჩავფრინდით. იმავე დღეს დამაწვინეს კლინიკაში. ჩასვლამდე ისე ცუდად ვიყავი, ის დღეები ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ იქ ორ კვირაში ფეხზე დამაყენეს.