თვალების ჯანმრთელობის შენარჩუნება გადამწყვეტია.
აუცილებელი რჩევები კარგი მხედველობის შესანარჩუნებლად:
სათანადო კვება – A, C და E ვიტამინები, მინერალებთან ერთად, როგორიცაა თუთია, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თვალების ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. A ვიტამინი ხელს უწყობს რქოვანას დაცვას, ხოლო C ვიტამინი ამცირებს კატარაქტის და მაკულარული დეგენერაციის რისკს. E ვიტამინი არის ანტიოქსიდანტი, რომელიც ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების ზემოქმედების შედეგად თვალების დაზიანებას. თუთია ასევე მნიშვნელოვანია კარგი მხედველობისთვის, რადგან ის ეხმარება ორგანიზმს A ვიტამინის ათვისებაში და იცავს მაკულარული დეგენერაციისგან. თვალებისთვის აუცილებელი საკვები ნივთიერებების წყაროებია:
სტაფილო;
ტკბილი კარტოფილი;
ციტრუსი;
თევზი;
კვერცხი;
ნუში
ნუტრიენტებით მდიდარი, დაბალანსებული დიეტა ამცირებს ასაკთან დაკავშირებული მაკულარული დეგენერაციისა და კატარაქტის განვითარების რისკს.
ჯანსაღი ცხოვრების წესი – ეკრანები დომინირებს ჩვენს თანამედროვე ცხოვრების წესში. ეკრანებთან ხანგრძლივი დროის გატარება იწვევს თვალების დაძაბვას, სიმშრალეს და სხვა პრობლემებს. რეგულარული შესვენებები და ეკრანთან გატარებული დროის მართვა დაგეხმარებათ თვალების დაძაბვის შემცირებაში და გრძელვადიანი დაზიანების თავიდან აცილებაში. დალიეთ ბევრი წყალი, რადგან დეჰიდრატაციამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს თვალების სიმშრალე და მხედველობის სხვა პრობლემები.
თვალის ვარჯიშები – როგორც სხეულს სჭირდება ვარჯიში ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, ასევე ჩვენს თვალებსაც სჭირდებათ ვარჯიში. თვალების ვარჯიშები და რელაქსაციის ტექნიკა დაგეხმარებათ თვალების დაძაბვის შემცირებაში და თვალის კუნთების სიძლიერის გაუმჯობესებაში. ზოგიერთი სავარჯიშო მოიცავს ახლო და შორ დისტანციებზე ყურებას, თვალების ზევით და ქვევით გადაადგილებას, ერთ წერტილზე ფოკუსირებას გარკვეული პერიოდის განმავლობაში.
თვალის ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვა – ულტრაიისფერი სხივების ხანგრძლივმა ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს თვალების დაზიანება, მათ შორის კატარაქტა და მაკულარული დეგენერაცია. მზის სათვალეების ტარება, რომელიც ბლოკავს მავნე გამოსხივებას, იცავს თვალებს რადიაციისგან. გარდა ამისა, ის ამცირებს თვალებთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების განვითარების რისკს. ასევე უნდა ატაროთ ქუდი, რათა დაიცვათ თვალები მზის მავნე სხივებისგან. ამიტომ, დარწმუნდით, რომ იყენებთ მაღალი ხარისხის სათვალეს და ქუდს მზეზე ყოფნისას.
რეგულარული შემოწმება – თვალის რეგულარული შემოწმება გადამწყვეტია თვალების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. თვალებისს რუტინული გამოკვლევების დაგეგმვით, შეგიძლიათ დროულად გამოავლინოთ პრობლემა და მიიღოთ ზომები მათი გაუარესების თავიდან ასაცილებლად. თვალის შემოწმების სიხშირე შეიძლება განსხვავდებოდეს ასაკისა და ინდივიდუალური რისკ- ფაქტორების მიხედვით. ყოველთვის ჯობია გაიაროთ კონსულტაცია ოფთალმოლოგთან, რათა დადგინდეს, რამდენად ხშირად უნდა შემოწმდეს თვალები. ზოგიერთი დაავადებისას შეიძლება არ გამოვლინდეს სიმპტომები მანამ, სანამ არ დაზიანდება მხედველობა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, თვალების რეგულარულ გამოკვლევებს პრიორიტეტი მიანიჭოთ, მაშინაც კი, თუ თვალებზე რაიმე პრობლემას ვერ შეამჩნევთ
წყარო:მკურნალი