სალომე ბაკურაძის დედა ვოკალისტია და სიმღერის ნიჭი გენეტიკურად ერგოთ მას და მის დას. თუმცა, ერთმა საბედისწერო დღემ მათი ცხოვრება შეცვალა. როცა მომღერალი 10 წლის იყო, მამა გარდაეცვალა. დაქვრივებულ დედას კი ხმა საერთოდ წაერთვა.
„მამა 40 წლის ასაკში გარდაიცვალა. მაშინ, ათი წლის ვიყავი. ოჯახს მძიმე პერიოდი ჰქონდა. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ დედა უფრო გააქტიურდა, რადგან ჩემი სიმღერა ის იყო, რაც მამას ყველაზე მეტად ახარებდა. თავად სიმღერას თავი დაანება. 37 წლის ასაკში, ქმრის გარდაცვალების მერე, ხმა საერთოდ წაერთვა. მოკლედ, ამ ტრაგედიის შემდეგ დედას სიმღერაც დამთავრდა, ცხოვრებაც და მთლიანად შვილებზე გადმოერთო. ასე რომ, რაც მამას გაუხარდებოდა, დედამ ის გააკეთა – მიმიყვანა კოტე და ირმა მალანიების სტუდიაში, სადაც ფანტასტიკური პედაგოგები ასწავლიდნენ. იმ დროს ბევრი რამ არ ხდებოდა შემოქმედებითი კუთხით, თუმცა ბორჯომის „ბროლის ნაძვის“ ფესტივალი ტარდებოდა, სადაც მთელი საქართველოს ნიჭიერი ბავშვები ჩადიოდნენ. ვინც დღეს სცენაზე დგას, ყველა „ბროლის ნაძვის“ კონკურსანტი იყო. მაგალითად, ნეკა სებისკვერაძე, სტეფანე და ასე შემდეგ. მათ შორის, მეც. სხვათა შორის, სახლში ვიპოვე ბუკლეტი, სადაც ამ კონკურსის მაშინდელ ჟიურის წევრებს – ნანი ბრეგვაძეს, ბუბა კიკაბიძეს, ნუგზარ კვაშალს, ნუგზარ ერგემლიძეს ჩემთვის, როგორც ნიჭიერი პატარა მომღერლისთვის, სურვილები და ავტოგრაფები აქვთ დაწერილი.“ – ამბობს „თბილისელებთან“ სალომე ბაკურაძე.
წყარო – ჟურნალი “თბილისელები”