თემურ წიკლაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მართალია, არტისტი, ჯერჯერობით, რეანიმაციულ განყოფილებაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე რჩება, თუმცა მისი ამჟამინდელი მდგომარეობა გერმანელმა პროფესორმა დადებითად შეაფასა. ინფორმაციას ამის შესახებ ქეთი წიკლაური პრაიმტაიმს აწვდის.
ქეთი წიკლაური: – ჩვენი თხოვნით, გორის კლინიკის ექიმები ქალაქ ფრაიბურგში გერმანელ კოლეგას დაუკავშირდნენ. პროფესორი ბლუმინი ჩვენი ოჯახის ახლობელია. ექიმებმა ინფორმაციები გაცვალეს. პროფესორმა კი დაგვაიმედა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, უბრალოდ დრო არის საჭირო, რომ დაზიანებული ფილტვის რეგენერაცია მოხდეს. სიტუაცია სტაბილურია. კოვიდმა სერიოზულად დააზიანა ფილტვები და აღდგენას დრო სჭირდება.
მადლობა გორის სამხედრო ჰოსპიტალის ექიმებს და ყველა ადამიანს იმისთვის, რომ თემურისთვის ლოცულობენ და დადებით ენერგიას გზავნიან მამასკენ. მადლობა ასეთი მხარდაჭერისთვის ყველას. ეს ენით აღუწერელი რამაა. მადლიერების ზევით არის. აი, სწორედ ამ ადამიანებისთვის გაწვდით ინფორმაციას, თორემ თავს შევიკავებდი, რადგან ადამიანი ასეთ კრიტიკულ მდგომარეობაშია და ზედმეტი ლაპარაკი საჭირო არ არის.