როდესაც საქმე ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რჩევებს ეხება, ძნელია იპოვო საშენო და სანდო არსებულ ინფორმაციულ ნაკადში. მითუმეტეს რომ მედიცინის მუშაკთა შორის, არაერთ თემის ირგვლივ ფიქსირდება აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა არსებობს საკითხები, რომლებზეც სამედიცინო სამყარო თანხმდება. სწორედ ასეთებზე, ანუ სამეცნიერო დასკვნებზე დაფუძნებულ რჩევებს შემოგთავაზებთ ჩვენს რუბრიკაში. მაშ ასე, რა წერები უნდა გავითვალისწინოთ რომ ვიყოთ ჯანმრთელები.
მოერიდეთ მკაცრ დიეტებს
საერთოდ ყველანაირ დიეტას მოერიდეთ. მათი უმრავლესობა ჰორმონულ და მეტაბოლურ პროცესებში ცვლილებას იწვევს, რითაც აიხსნება დიეტის დასრულებიდან წონის უმიზეზო მატება. უმჯობესია იზრუნოთ ჯანსაღი ცხოვრების წესზე, ვიდრე შეზღუდვებზე, ვინაიდან არ არსებობს ჯანსაღი ცხოვრების წესზე (დაბალანსებული კვება, ზომიერი ფიზიკური აქტივობა, ნაკლები სტრესი, მავნე ჩვევებისგან თავის შეკავება) უკეთესი დიეტა.
შეამცირეთ შაქრიანი სასმელები
წვენები თუ გაზიანი სასმელები – შაქრის დამატებითი წყაროა. შაქრიანი სასმელები გულის დაავადებების, დიაბეტის, სიმსუქნის განვითარების რისკს ზრდის. ამასთან ხელს უწყობს მაღალი არტერიული წნევის განვითარებას და ღვიძლის გაცხიმოვნებას.
ჯანსაღი ალტერნატივა:
- წყალი/მინერალური წყალი;
- უშაქრო ჩაი;
- უშაქრო ყავა
მიირთვით თხილეული და მარცვლეული
ზოგიერთი ადამიანი თხილეულის მიღებას ერიდება მისი ცხიმიანობის გამო. სინამდვილეში კი ამ ტიპის პროდუქტებს დიდი ნუტრიციული სარგებელი მოაქვს ორგანიზმისთვის. ისინი მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით და პროტეინებით. თხილეული ხელს უწყობს წონის კლებას. მეცნიერულმა კვლევამ აჩვენა, რომ იმ ადამიანებში, რომელთა რაციონშიც ნაკლები რაოდენობით აღმოჩნდა ეს პროდუქტები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან გარდაცვალების შემთხვევები გაცილებით მეტი იყო. აქედან გამომდინარე, მარცვლეული და თხილეული ეხმარება ამ ტიპის დაავადებების პრევენციას.
მოერიდეთ მზა საკვების მიღებას
გადამუშავებული საკვები ისეთ ინგრედიენტებს შეიცავს, რომლებიც მნიშვნელოვნად განსხვავდება მათი საწყისი ფორმისგან. ამ ტიპის დანამატებია: შაქარი, მარილი, კონსერვანტები, ხელოვნური დამატკბობლები, საღებავები…
მზა/გადამუშავებული პროდუქტებია:
- საკონდიტრო პორდუქცია: ნამცხვრები, ტორტები;
- სწრაფი კვების პროდუქტები;
- გაყინული საკვები;
- კონსერვები;
- ჩიფსები
მიიღეთ წყალი
ჩვენი ორგანიზმის უდიდესი ნაწილი არის წყალი. წყალი თავისუფალია კალორიებისგან, შაქრისგან და დანამატებისგან. ორგანიზმში მიმდინარე ურთულესი ბიოქიმიური პროცესების წარმართვისთვის წყალი აუცილებელი და შეუცვლელი ნივთიერებაა.
ნუ შეგეშინდებათ ყავის
ყავა კარგ ანტიოქსიდანტად მიიჩნევა. რიგი კვლევების მიხედვით, მისი რეგულარული მოხმარება ზრდის ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობას, ამცირებს ალცჰაიმერის და პარკინსონის დაავადების განვითარების რისკს. თუმცა, ყავის მოხმარებისას აუცილებელია ზომიერების დაცვა, რადგან მისმა ჭარბად მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს უძილობა, აფორიაქება, არტერიული ჰიპერტენზია. ორსულობის პერიოდში ყავა საერთოდ უნდა იქნას რაციონიდან ამოღებული, ვინაიდან, კვლევების მიხედვით, ორსულობის პერიოდში ყავის მოხმარებასა და მცირე წონით დაბადებულ ნაყოფს შორის დადგენილია კორელაცია.
მიირთვით თევზი
ის პროტეინებისა და ჯანსაღი ცხიმების საუკეთესო წყაროა. შეიცავს ორგანიზმისთვის სასარგებლო, შეუცვლელ ცხიმოვან მჟავებს, როგორებიცაა ომეგა 3, 6, 9. თევზი მიჩნეულია ისეთ პროდუქტად, რომლის ყოველდღიური მიღება რეკომენდებულია.
გამოიყენეთ ზეითუნის ზეთი
ზეითუნის ზეთი ყველაზე ჯანსაღ მცენარეულ ცხიმს წარმოადგენს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, სისხლძარღვებს ელასტიკურობას მატებს, ხელს უწყობს ათეროსკლეროზის პრევენციას.
გაუფრთხილდით ნაწლავურ ფლორას
ნაწლავის მიკრობიომი უმნიშვნელოვანესია ჯანმრთელობისთვის. მისი დისბალანსის შემთხვევაში ვითარდება მონელების პრობლემები, იმუნური სისტემის დასუსტება, არ ხდება სხვადასხვა მინერალის შეწოვა, ხდება ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების სინთეზის დაქვეითება. საუკეთესო გზა ბუნებრივად ნაწლავის მიკროფლორის გაუმჯობესებისთვის არის პრე და პრობიოტიკებით მდიდარი პროდუქტების მიღება; როგორებიცაა:
- კეფირი;
- მაწონი;
- ხაჭო;
- ყველი
მიირთვით კვერცხი
მოსაზრება, რომ კვერცხში არსებული ქოლესტერინი მავნეა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის, არ შეესაბამება რეალობას. კვლევებმა აჩვენა, რომ მას მინიმალური ეფექტი აქვს სისხლში ქოლესტერინის მომატებაზე და რომ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარებასა და კვერცხის მიღებას შორის არანაირი კავშირი არ არსებობს.
დაარეგულირეთ ძილის რეჟიმი – უდავოა, რომ არამხოლოდ ძილის ხანგრძლივობას, არამედ მის ხარისხსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. არასაკმარისი და არასრულფასოვანი ძილი იწვევს ჰორმონალურ დისბალანსს, ინსულინის მიმართ უჯრედების რეზისტენტობას, აუარესებს ფიზიკურ და მეტალურ შესაძლებლობებს, იწვევს გამოფიტვას, ასთენიას (დაღლილობას), გაღიზიანებადობას, ყურადღების, კონცენტრაციის დაქვეითებას და საბოლოო ჯამში, ცხოვრების ხარისხის გაუარესებას. ადამიანებს, რომლებსაც არასაკმარისად სძინავთ უჩნდებათ მაღალკალორიული საკვების მოთხოვნილება და წონის მატების მაღალი რისკის ქვეშ არიან.
წყარო: epilogi.ge