ძალიან ბევრი მშობელი იმტვრევს თავს, როგორ გადააჩვიოს ბავშვი სმარტფონს. ეს მართლაც რთულია – ტელეფონები „ ჩაშენებულია“ როგორც ბავშვების, ისე მოზრდილების ცხოვრებაში: ვსწავლობთ ტელეფონების დახმარებით, ვმუშაობთ, საყვარელ ადამიანებს ვუკავშირდებით და განტვირთვასაც ვიწყობთ.
დილით რომ ვიღვიძებთ, პირველი, რასაც ვაკეთებთ, ტელეფონისკენ ხელის წაღებაა. ეს უკვე დამოკიდებულებაა: არანაირი შეზღუდვა არ მუშაობს – რაც არ უნდა ვცდილობდეთ, შევზღუდოთ ტელეფოთან გატარებული დრო, საბოლოოდ ისევ ტელეფონით ხელში აღმოვჩნდებით.
წარმოიდგინეთ, როცა უფროსებს ასე გვიჭირს ამ ჩვევასთან გამკლავება, როგორი იქნება ეს ბავშვებისთვის? ქსელური თამაშები, კომუნიკაცია, უამრავი რამის ერთმანეთში გაზიარება – ამ ყველაფერზე უარის თქმა ბავშვებს არ სურთ. მით უმეტეს, რომ ხშირად ონლაინ იძენენ ახალ ცოდნასაც და ვითარდებიან.
სამწუხაროდ, ტელეფონების ყველა უპირატესობის მიუხედავად, გაჯეტები ნამდვილად საზიანოა ბავშვებისთვის. მაგალითად, მცირეწლოვან ბავშვებს, რომლებიც უფრო მეტ დროს უთმობენ მულტფილმების ყურებას, ვიდრე მშობლებთან და თანატოლებთან კომუნიკაციას, შეიძლება მოგვიანებით მეტყველების, კითხვის, ინფორმაციის აღქმის პრობლემები განუვითარდეთ.
ფსიქოლოგების აზრით, ტელეფონმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ბავშვის აზროვნების განვითარებაზე, რადგან მას არ ექნება ტაქტილური იმპულსები. გარდა ამისა, ბავშვის ფანტაზია სრულყოფილად ვერ ვითარდება, როცა მას ეკრანის სახით უკვე აქვს მზა ნიმუშები.
წარმოგიდგენთ 5 რჩევას, როგორ გადააჩვიოთ ბავშვი სმარტფონს.
მიეცით მაგალითი
ბავშვები ქცევის მოდელს მშობლებისგან იღებენ. თუ გსურთ თქვენი შვილი ტელეფონს მოშოორდეს, თავადაც იგივე უნდა გააკეთოთ, მის დასანახად მაინც. თუ მის თვალწინ მუდმივად ტელეფონი გიჭირავთ, ბავშვიც ასე მოიქცევა და აქ მშობლის კონტროლი არ დაგეხმარებათ.
შეეცადეთ ტელეფონის გამოყენების დრო შეამციროთ ან შვილთან ურთიერთობისას გადადოთ გვერდზე – აჩვენეთ მას, რომ ტელეფონის გარეშეც შეგიძლიათ ყოფნა.
აჩვენეთ თქვენს შვილს პირისპირ კომუნიკაციის მნიშვნელობა
თანამედროვე ბავშვები მიჩვეულნი არიან სოციალურ ქსელებში კომუნიკაციას და, სავარაუდოდ, სკოლის შემდეგ კლასელებთან კომუნიკაციას ონლაინ აგრძელებენ. აუხსენით, რომ პირისპირ კომუნიკაცია უკეთესია, უფრო ხშირად მოაწყეთ შეხვედრები, მოიწვიეთ თქვენი შვილის მეგობრები, პიკნიკები ან ერთობლივი გასვლები მოაწყვეთ ბუნებაში. აჩვენეთ თქვენს შვილს, რომ გართობა ტელეფონის გარეშეც შესაძლებელია.
დაუწესეთ დრო
ბოლომდე ნუ აუკრძალავთ, უთხარით, რომ ტელეფონის გამოყენება შეზღუდული დროით შეუძლია. მოსწავლეს ნება მიეცით ტელეფონი დღის განმავლობაში ატაროს, მაგრამ სახლში დაბრუნების შემდეგ ეს დრო 1-2 საათით უნდა შემოიფარგლოს.
თუ პატარა ბავშვებზე ვსაუბრობთ, შეგიძლიათ ნება დართოთ შვილს, დედის ან მამის ტელეფონით კვირაში 1-ჯერ-2-ჯერ ნახევარი საათის განმავლობაში ითამაშოს. შეეცადეთ, დაიცვათ ეს შეზღუდვები – ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობა და სიცხადე, ამიტომ მოერიდეთ ფრაზებებს, როგორიცაა „დღეს შეგიძლია უფრო დიდხანს გქონდეს“.
შექმენით ახალი ტრადიციები
ციცხალი კომუნიკაციისთვის ძალიან სასარგებლოა პირადი ოჯახური ტრადიციები – მაგალითად, ისაუზმეთ ყოველ კვირას ისე, რომ ტელეფონი ხელში არავინ აიღოს. ეს შეიძლება თამაშად გადაიქცესქულებითა და პრიზებით: ვინც უფრო დიდხანს გაძლებს, სიურპრიზი ელის.
შვილებთან დრო ხარისხიანი გაატარეთ, ჩართეთ ისინი საუბრებში და ოჯახურ აქტივობებში, მაგალითად, სამაგიდო თამაშებში – ეს შეამცირებს ტელეფონით ყურადღების გაფანტვის სურვილს. თუ ასეთი თამაშები შინ არ გაქვთ, შეგიძლია ჟურნალი „საბავშვო კარუსელი” გამოიყენოთ. მის ყველა ნომერშია სამაგიდო თამაში.
ნუ გამოიყენებთ ტელეფონს ჯილდოდ ან ბავშვის ყურადღების გადატანის საშუალებად
ძალიან ხშირად მშობლები ტელეფონს წახალისების მეთოდად იყენებენ – „თუ კარგად მოიქცევი, ტელეფონზე გათამაშებთ“. ეს საზიანოა როგორც აღზრდისთვის(ბავშვი რაღაცას აკეთებს მხოლოდ ჯილდოს მისაღებად), ასევე მისი განვითარებისთვის.
მშობლები ასევე იყენებენ ტელეფონს, როცა რაიმესგან ყურადღების გადატანა სჭირდებათ. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ეს დამღუპველია. რადგან იმის მაგივრად, რომ ბავშვმა უარყოფით ემოციასთან გამკლავება ისწავლოს, ის მიეჩვევა მის ჩახშობას საკვებიდან დაწყებული არალეგალური ნივთიერებების დახმარებით დამთავრებული.
წყარო: მშობლები