2023 წლის ოქტომბერში ბევრი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენის მომსწრენი გავხდებით და გარკვეულწილად, სიფრთხილის გამოჩენაც მოგვიწევს, თუ გვინდა, რომ ეს პერიოდი მშვიდად და წარმატებით გავიაროთ.
პირველი ოქტომბრიდან პლანეტა მერკური ქალწულის მშობლიურ ნიშანში გადავიდა და იქ ოქტომბრის შუა რიცხვებამდე დარჩება. მერკური ლოგიკისა და კომუნიკაციების პლანეტად ითვლება. ახლა კი ყველაზე ხელსაყრელ პოზიციაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოვლენების ანალიზი, კომუნიკაცია ბევრად უფრო გაგიმარტივდებათ და წარმატების მიღწევას შეძლებთ. ამიტომაც, თუკი დიდი ხანია, ვინმესთან რაიმე თემაზე დალაპარაკება გინდათ, ან კიდევ გსურთ, ცალკეულ საკითხებში უკეთ გაერკვეთ, ოქტომბრის შუა რიცხვებამდე ყველაზე ხელსაყრელი დრო გექნებათ. ამ მიმართულებით, წარმატებას მიაღწევთ და სასურველ შედეგსაც მიიღებთ.
აღსანიშნავია, რომ პლანეტა ვენერამ რეტროგრადული მოძრაობა დაასრულა. რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა განსაკუთრებით გაგიჩნდებათ გრძნობებისა და ემოციების გამოხატვის სურვილი და ამას მარტივად შეძლებთ.
3 ოქტომბრიდან კი პლანეტა მარსი სასწორის ნიშანში გადავიდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენი ქმედებები შედეგებზე ორიენტირებული იქნება და ამავდროულად, პროცესით სიამოვნების მიღებასაც გადაწყვეტთ. თუმცა, აღნიშნული პლანეტის კარმული კვანძი კეტუსთან შესაძლოა, თქვენთვის წარსულში დაბრუნების წინაპირობა გახდეს, გაგახსენოთ იქ დატოვებული ურთიერთობები და კონფლიქტის განახლებისკენაც კი გიბიძგოთ. ამიტომ, ამ მიმართულებით, ფრთხილად უნდა იყოთ. ნუ მისცემთ წარსულის აჩრდილებს უფლებას, განწყობა გაგიფუჭოთ და თქვენი ყოველდღიურობა უარესობისკენ შეცვალოს. მნიშვნელოვანია, რომ სამუდამოდ დაემშვიდობოთ ყველა ურთიერთობას, საქმეს, რაც ბედნიერებას აღარ განიჭებთ და ტოქსიკურია. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენს ცხოვრებაში ახალი ეტაპის დაწყება და განვითარება ძალიან გაგიჭირდებათ.
14 ოქტომბერს მზის დაბნელებაა. ასტროლოგების თქმით, ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული და ემოციური დღე იქნება, როდესაც მომატებულ შფოთვას იგრძნობთ. იზრდება კონფლიქტების რისკები. ადამიანებს უმოტივაციობა, უენერგიობა აწუხებთ და ფიქრობენ, რომ ბევრი რამ მათთვის მიუღწეველია.
17 ოქტომბრიდან მზე სასწორის ნიშანში გადავა. ამ კომბინაციით, მზის ენერგია ქვეითდება, რაც ადამიანებზეც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. შესაძლოა, საკუთარი თავის სათანადოდ წარმოჩენა ვეღარ მოახერხოთ და პროექტების, საქმეების განხორციელებისას, ჩიხში შეხვიდეთ.
18 ოქტომბერი არა მხოლოდ ამ თვის, არამედ, ზოგადად, 2023 წლის ყველაზე არახელსაყრელ თარიღად ითვლება, რადგანაც დაბნელების ფონზე, მზე და მთვარე ყველაზე სუსტ პოზიციაში იქნებიან. რაც ნიშნავს იმას, რომ ამ დღეს დაწყებული საქმეები და მიღებული გადაწყვეტილებები უკიდურესად უარყოფითი შედეგებით დასრულდება. ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. ამ დღეს დრო მშვიდად გაატაროთ, არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, არ მიიღოთ სპონტანური და რადიკალური გადაწყვეტილებები.
28 ოქტომბერს ოქტომბრის მეორე დაბნელება გველის. ამჯერად, საუბარია მთვარის დაბნელებაზე ვერძის ნიშანში. ამ დღეს დიდი რისკია, რომ განსაკუთრებულად მომატებული ემოციური ფონი გქონდეთ და კომუნიკაციაც გაგიჭირდეთ. შესაძლოა, სრულიად უწყინარი სიტყვები, საპირისპიროდ მოგეჩვენოთ და კონფლიქტი წამოიწყოთ. დაუთმეთ დღე საკუთარ თავს, ემოციებსა და გრძნობებს. განმარტოვდით, მოუსმინეთ საყვარელ მუსიკას, დაკავდით სასურველი აქტივობით, გაისეირნეთ და კარგი განწყობა შეიქმენით.
ზოგადად, ოქტომბერი ბევრ შესაძლებლობას მოგცემთ. მთავარია, ნაჩქარები გადაწყვეტილებები არ მიიღოთ და ემოციური ფონის გამო, უარი არ თქვათ იმაზე, რაც თქვენთვის რეალურად მნიშვნელოვანია.
წყარო – “ბომონდი”